გალათასარაი VS რეალი - როცა თავზემოთ ძალა არაა

AutoSharing Option
მადრიდში ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, რომ "გალათასარაის" ნახევარფინალში გასვლისთვის სასწაული სჭირდება. ფათიჰ თერიმის გუნდმა "სანტიაგო ბერნაბეუზე" კარგად იბრძოლა, მაგრამ მაინც 0:3 განადგურდა.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სასწაულები ძალიან იშვიათად ხდება, თურქებს მაინც არ ეტყობათ ყურების ჩამოყრა და "სამეფო გუნდს" უბრძოლველად არ დანებდებიან.

შესავალი შეიძლებოდა, მოკლედ ასე დაგვეწერა: "რეალი" ცალი ფეხით ნახევარფინალშია, მაგრამ მადრიდული გრანდის მდგომარეობა "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაფიქსირებული 3:0-ის შემდეგ იმაზე უკეთესია, ვიდრე ცალი ფეხით ნახევარინალში ყოფნა.

"გალათასარაის" ამ ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუჩნდება, თუ ჟოზე მოურინიოს შეგირდები ძალიან
ბევრ შეცდომას დაუშვებენ და ამავდროულად, თურქებიც იმაზე მეტს მოახერხებენ, ვიდრე შეუძლიათ.

ერთი სიტყვით, "გალათასარაის" წარმატება ფანტასტიკის სფეროა.


თერიმის პრობლემები: არც ბურაქი, არც ნუნკეუ
"გალას" მდგომარეობას ის ფაქტებიც ამძიმებს, რომ თურქეთის ჩემპიონს დღევანდელ მატჩში ორი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება. ცენტრალურმა მცველმა დანი ნუნკეუმ და "გალათასარაის" გოლეადორმა ბურაქ ილმაზმა მადრიდში მესამე გაფრთხილებები მიიღეს, რის გამოც დღეს დისკვალიფიკაცია აქვთ.

თურქები განსაკუთრებით ბურაქს მისტირიან, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 გოლი აქვს გატანილი და თანაც, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ყვითელი ბარათი მეტად საეჭვო ვითარებაში მიიღო - თერიმის აზრით, ილმაზის მხრიდან სიმულაციას ადგილი არ ჰქონია.

სამაგიეროდ, "მერშინთან" კალენდარულ მატჩში დიდიე დროგბამ დუბლი შეასრულა (3:1), რაც იმას ნიშნავს, რომ ივუარელი კარგ ფორმაშია. ბურაქ ილმაზს კი, სავარაუდოდ, უმუთ ბულუთი შეცვლის, რომელიც ნამდვილად არაა ცუდი თავდამსხმელი, მაგრამ ბურაქის დარი შედეგიანობით არ გამოირჩევა.

სხვა ფეხბურთელები კი თერიმს მწყობრში ჰყავს, მათ შორის - ვესლი სნეიდერიც, რომელიც "გალას" ხელმძღვანელებისა და გულშემატკივრების იმედებს ჯერ ვერ ამართლებს.

რეალი სრულ მზადყოფნაშია
მოურინიო დღევანდელ შეხვედრას მაინც სიფრთხილით მოეკიდა და "ლევანტესთან" 5:1-ზე მოგებულ შეხვედრაში წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა.

"რეალს" სერხიო რამოსი და ჩაბი ალონსო ჰყავს დისკვალიფიცირებული, მაგრამ "სამეფო გუნდისთვის" მათი არყოფნა პრობლემას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც: გაჩნდა ეჭვი, რომ რამოსმა და ალონსომ მადრიდულ შეხვედრაში გაფრთხილებები განგებ მიიღეს, რადგან უნდოდათ, რომ ნახევარფინალს აბსოლუტურად სუფთად შეხვედროდნენ.

არ იქნება პეპე (კუნთი), რის გამოც სასტარტოში რაულ ალბიოლს უნდა ველოდოთ.

"თურქ ტელეკომ არენაზე" "რეალს" ჯოჯოხეთური ატმოსფერო ელის. სამბურთიანი უპირატესობა იმდენად დიდია, რომ თურქებისთვის მათი ფანების ფაქტორიც ბევრს არაფერს ნიშნავს. 2001 წელს "გალათასარაიმ" "რეალს" შინ 3:2 მოუგო (0:2-ს აგებდა) და ფაქტობრივად, გამორიცხულია, რომ თერიმის გუნდმა ამჯერად უკეთესი შედეგის დაფიქსირება შეძლოს.

"რეალს" ოფიციალურ მატჩებში ხომ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს...

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
გალათასარაი-რეალი 22:45
პირველი მატჩი: 0:3

სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-1-2-1-2): მუსლერა - ებუე, სემი კაია, გიოქჰან ზანი, რიერა - ფელიპე მელო - ჰამით ალთინთოფი, სელჩუკ ინანი - სნეიდერი - უმუთ ბულუთი, დროგბა.
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - არბელოა, ალბიოლი, ვარანი, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, მოდრიჩი - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო - ბენზემა.
არბიტრი: სტეფან ლანუა (საფრანგეთი)

ურთიერთშეხვედრები
03.04.2013
რეალი-გალათასარაი 3:0
გოლები: 1:0 კ. რონალდო (9), 2:0 ბენზემა (29), 3:0 იგუაინი (73)

18.04.2001
რეალი-გალათასარაი 3:0
გოლები: 1:0 რაული (15), 2:0 ივან ელგერა (28), 3:0 რაული (37)

03.04.2001
გალათასარაი-რეალი 3:2
გოლები: 0:1 ივან ელგერა (33), 0:2 მაკელელე (42), 1:2 უმით დავალა (47-პენ), 2:2 ჰასან შაში (65), 3:2 ჟარდელი (75)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. ოთხშაბათის მატჩის მიმოხილვა: "რეალმა" არც აცია, არც აცხელა...
რეალი-გალათასარაი 3:0 - "სამეფო კლუბმა" "ლომები" მოათვინიერა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული