დორტმუნდი VS მალაგა - სახიფათო მატჩპოინტი

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად მინიმუმ ერთი გოლის გატანა სჭირდება - ოღონდ იმ პირობით, რომ საკუთარ კარს მშრალად შეინახავს.

პლეი ოფში სტუმრად დაფიქსირებული 0:0, ერთი შეხედვით, ურიგო შედეგი არაა (წაგებას ნამდვილად ჯობია), მაგრამ ფრეებს შორის ყველაზე არაკომფორტული და საბოლოო ჯამში, საპასუხო მატჩის წინ საკმაოდ სახიფათო ანგარიშია, რადგან ნებისმიერი სხვა ფრე დორტმუნდში უკვე "მალაგას" აწყობს და ყველამ ვიცით, რომ პელეგრინის გუნდს თავის დაცვაც ეხერხება და გოლის გატანაც შეუძლია.

"ლა როსალედაზე" გერმანელებს ესპანელებზე მეტი და გაცილებით უკეთესი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ მარიო
გიოტცემ
(რამდენჯერმე) და "ბორუსიას" საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ შანსები ქარს გაატანეს.

შესაბამისად, სწორედ მათი ბრალია ის, რომ გერმანიის აწ უკვე ექს-ჩემპიონს საპასუხო შეხვედრაში ფრთხილად და ძალიან ყურადღებით ყოფნა მოუწევს.

"0:0 იმაზე გაცილებით უარესი შედეგია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. საპასუხო მატჩის წინ ჩვენ, თუ შეიძლება რომ ასე ითქვას, სახიფათო მატჩპოინტი გვაქვს.

ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და მეტოქეს არ უნდა მივცეთ ისეთი კონტრშეტევების განხორციელების საშუალება, როგორებიც შაბათს "აუგსბურგმა" გაგვიკეთა.

"მალაგასთან" დაცვიდან შეტევაში დაბალანსებული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ანდალუსიელებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელიც შეცდომებს არ გვაპატიებს,"
- ეს "დორტმუნდის" საყრდენი ნახევარმცველის, სვენ ბენდერის სიტყვებია.

"აუგსბურგთან" მატჩში "ბორუსიამ" პირველი ტაიმი 1:2 წააგო, მაგრამ მეორე ტაიმში თამაში მაინც შეატრიალა. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ დორტმუნდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა შაბათს ძირითად შემადგენლობაში 7 ახალი ფეხბურთელი გაამწესა.

ცხადია, რომ წამყვანი ფეხბურთელები სწორედ "მალაგასთან" დღევანდელი მატჩისთვის დაასვენა და ფაქტია ისიც, რომ დღეს ისევ იმ შემადგენლობას ათამაშებს, რომელმაც ანდალუსიაში 0:0-ს მიაღწია.

თუმცა გამორიცხული არაა, რომ "დორტმუნდის" დაცვის ბურჯმა მატს ჰუმელსმა გამოჯანმრთელება მოასწროს და მოედანზე გასვლა მოახერხოს. თუ არა და, მას ისევ ბრაზილიელი ფელიპე სანტანა შეცვლის. "აუგსბურგთან" მატჩს ჰუმელსმა თვალი ტრიბუნიდან მიადევნა, თუმცა ფეხზე რომც დადგეს, შესაძლოა, კლოპმა მატსის სასტარტოში გამწესება არც გარისკოს. 

"დორტმუნდს" ვერც იაკუბ ბლაშჩიკოვსკი დაეხმარება. პოლონელი გარემარბი "ბორუსიას" მალაგაშიც აკლდა, თუმცა შეიძლებოდა, გამოჯანმრთელება მოესწრო.

"საპასუხო მატჩშიც ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც ესპანეთში ვაკეთებდით - მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ," - ეს "დორტმუნდის" გენერალური მენეჯერის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლოს 1997/98 წლების სეზონში გავიდა. მაშინ "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო და ფინალის გზაზე BVB-ს მომავალი გამარჯვებული მადრიდის "რეალი" გადაეღობა (0:2, 0:0). "მალაგას" კი უნიკალური შანსი აქვს, ნახევარფინალში დებიუტანტის რანგში გააღწიოს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
დორტმუნდი-მალაგა 22:45
პირველი მატჩი: 0:0

სავარაუდო შემადგენლობები
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - გიუნდოგანი, კელი - როისი, გიოტცე, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
მალაგა (4-2-3-1): ვილი კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ლუგანო, ანტუნეში - ტულალანი, ნაჩო კამაჩო - ხოაკინი, ჟულიო ბაპტიშტა, ისკო - სავიოლა.
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

ურთიერთშეხვედრები
03.04.2013
მალაგა-დორტმუნდი 0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. ოთხშაბათის მატჩის მიმოხილვა: მეგობრობა "როსალედაზე"
მალაგა-დორტმუნდი 0:0 - დიდი უსამართლობა "ლა როსალედაზე" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული