იუვენტუსი VS ბაიერნი: ტურინი ბობოქრობს, იქნება ომი?

AutoSharing Option
რომელ იტალიურ კლუბს შეიძლება ხელეწიფებოდეს "ბაიერნთან" ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა, თუ არა ტურინის „იუვენტუსს"?

მაგრამ "ბებერი ქალბატონი" მიუნხენში იმდენად უსუსური ჩანდა, რომ ექსპერტების აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია, რომ "იუვესთვის" ჩემპიონთა ლიგა ამ სეზონში 10 აპრილს დასრულდება.

თუმცა იტალიის მოქმედი და მომავალი ჩემპიონის ფეხბურთელები საბრძოლო განწყობაზე არიან და ფიქრობენ, რომ ამ წყვილში ჯერ კიდევ არაა ყველაფერი გადაწყვეტილი.

ერთადერთი "იუვენტინო", რომელსაც, მართალია, ფარ-ხმალი არ დაუყრია, მაგრამ არც განსაკუთრებით დიდი იმედი აქვს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა.

მიუნხენელები კი ამტიცებენ, რომ 10 აპრილს გასამართი მატჩისთვისაც
სრულ მზადყოფნაში არიან და მიუხედავად იმისა, რომ შაბათს გერმანიის ჩემპიონები გახდნენ, კონცენტრაციის პრობლემა არ შეექმნებათ.

"პესკარასთან" მატჩში, რომელიც "იუვენტუსმა" 2:1 მოიგო, ტურინელთა თავკაცმა ანტონიო კონტემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა. ძირითად შემადგენლობაში არც ჯიჯი ბუფონი იყო, არც ანდრეა ბარძალი, არც ჯორჯო კიელინი, არც კლაუდიო მარკიზიო და არც ანდრეა პირლო.

ცხადია, კონტემ ასე სწორედ 10 აპრილის მატჩისთვის მოიქცა - "პესკარას" ექსპერიმენტული შემადგენლობაც ეყო, "ბაიერნთან" საპასუხო ჯახს კი "იუვეს" ლიდერები დასვენებულები ხვდებიან.

ტურინი 10 აპრილის მატჩს დიდი იმედებით ხვდება: ტიფოზებმა "პესკარასთან" შეხვედრის დროს გუნდს დიდი ტრანსფარანტი გადმოუკიდეს, რომელზეც ეწერა: "10 აპრილი - ჩვენ გვჯერა!"

თავდაჯერების არქონას არც "იუვენტუსის" ფეხბურთელები უჩივიან.

"ბაიერნს" გერმანიის ჩემპიონობას გულით ვულოცავ, მაგრამ ოთხშაბათს გერმანიის ახალგამომცხვარ ჩემპიონებს "იუვენტუსის" სახით ისეთი ძლიერი მეტოქე ეყოლებათ, როგორთანაც ამ სეზონში ჯერ არ უთამაშიათ, - უთხრა ჩვენს იტალიელ კოლეგებს მირკო ვუჩინიჩმა, რომელმაც "პესკარასთან" დუბლი შეასრულა. - ჩვენმა ფანებმა იციან, როგორ უნდა გვიქომაგონ იმისათვის, რომ გულანთებულებმა ვირბინოთ. ეს ნამდვილი ომი იქნება. ამ წყვილში გადაწყვეტილი არაფერია!"

არადა, დიდი შანსია, რომ კონტემ ვუჩინიჩი ძირითადში არ ათამაშოს. "პესკარასთან" გატანილი ერთ-ერთი გოლი მირკომ უცნაურად, შორტის გახდით აღნიშნა, რის გამოც მწვრთნელთან უთანხმოება მოუვიდა. კონტე დაემუქრა, "ბაიერნთან" ძირითადში არ გათამაშებო.

თავად კონტე, რომელიც 10 აპრილის თამაშში დისკვალიფიკაციის გამო ვიდალისა და ლიხტშტაინერის სახით ორი წამყვან მოთამაშეს ვერ გამოიყენებს, "ბაიერნთან" მატჩზე შეგირდებზე გაცილებით ფრთხილად საუბრობს:

"ძალიან დაძაბულ მატჩს და მაგარ ბრძოლას ველოდები, მაგრამ ისეთი ოცნებები, როგორიც ჩვენ გვაქვს, ფეხბურთში იშვიათად სრულდება. უმჯობესია, რომ "ბაიერნთან" საპასუხო მატჩს არა ოცნებებით, არამედ რეალური განწყობით შევხვდეთ", - თქვა კონტემ.

ფაქტობრივად, ცნობილია, რომ არტურო ვიდალს ნახევარდაცვის ცენტრში პოლ პოგბა შეცვლის, ლიხტშტაინერის ნაცვლად კი მარჯვენა ფლანგზე, სავარაუდოდ, პადოინს ვიხილავთ.

ჰაინკესი: ყველაფრისთვის მზად ვართ
"ბაიერნმა" შაბათს გერმანიის ჩემპიონობა გაინაღდა, მაგრამ მიუნხენელებმა ზეიმზე უარი თქვეს და 23-ე ჩემპიონობა მხოლოდ ერთი ყუთი ლუდით (ისიც გასახდელში) აღნიშნეს.

ასე განსაჯეთ: მიუნხენელებმა ერთობლივი ვახშამიც კი არ მოაწყვეს და უფრო მეტიც - სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა მოთამაშეებს ფრანკ რიბერის დაბადების დღის აღსანიშნავი (კვირას 30 წლის გახდა) ვახშმის ორგანიზებაც კი აუკრძალა.

მშრალი კანონის მიზეზი, რა თქმა უნდა, 10 აპრილის მატჩია - მიუნხენელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ "იუვენტუსთან" საპასუხო შეხვედრისთვის კონცენტრაცია ოდნავადაც არ დაეკარგათ.

"ბაიერნი" დღევანდელ მატჩს ფრთხილად ეკიდება, მაგრამ ყველა ფეხბურთელი თავდაჯერებულია.

"ტურინში რთული მატჩი გველის და ჭკვიანად უნდა ვიყოთ", - განაცხადა ტურინში გაფრენამდე რეკორდმაისტერის მეკარე მანუელ ნოიერმა.

"საპასუხო მატჩის წინ, უბრალოდ, მეტოქეზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ და მეტი არაფერი", - ეს კი არიენ რობენის სიტყვებია, რომელიც 10 აპრილს, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, რადგან ტონი კროოსი ტრავმირებულია და გეხსომებათ, პირველ შეხვედრაში ეს უკანასკნელი სწორედ რობენმა შეცვალა.

ბავარიელთა მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის თქმით, "ბაიერნი" მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე არ იზრუნებს. მიუნხენელები ტურინშიც შეუტევენ:

"ეს აუცილებელია, რადგან გოლის გატანა "იუვენტუსის" მოედანზეც გვინდა", - აღნიშნა 9 აპრილს "დონ იუპმა" და შეგახსენებთ, რომ თუ "ბაიერნმა" მართლაც შეძლო ერთის გატანა, "იუვენტუსს" 4 გოლი დასჭირდება...

ვუჩინიჩის სიტყვებს, გერმანელებს ომს გავუმართავთო, ჰაინკესმა უიღბლო კომენტარი უწოდა; ნოიერმა კი თქვა, ომი საფეხბურთო მატჩის შესაფერისი ტერმინი არ არისო.

"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რასაც გულისხმობს ვუჩინიჩი და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ", - დასძინა რობენმა.

"იუვენტუსი" ეცდება, შეუძლებელი შეძლოს; ჩვენი მისია კი ისაა, რომ ტურინელებს არაფერი ვავაბედვინოთ. იმის თქმა მინდა, რომ კარგად ვიცით, როგორც უნდა ვითამაშოთ", - ეს ჰაინკესის სიტყვებია, რომელმად დასძინა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ისევ პირლოს განეიტრალება იქნებაო.

"დონ იუპს" დიდი ხნის ტრავმირებული ჰოლგერ ბადშტუბერისა და პირველ მატჩში დაშავებული ტონი კროოსის გარდა, ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, თუმცა 10 აპრილს, ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ნახევარფინალის პირველი რაუნდისთვის დისკვალიფიკაცია ერთდროულად 4 ბაიერნელს ემუქრება: კაპიტან ფილიპ ლამს, დაცვის ბურჯ დანტეს, საყრდენ ნახევარმცველ ლუის გუსტავოს და თავდამსხმელ მარიო მანჯუკიჩს.

ხავი მარტინესმა
დისკვალიფიკაცია მოიხადა და ძირითადში დაბრუნდება.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი
იუვენტუსი-ბაიერნი 22:45
პირველი მატჩი: 0:2

სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - პადოინი, პოგბა, პირლო, მარკიზიო, ასამოა - კვალიარელა, ვუჩინიჩი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - მანჯუკიჩი.
არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

ურთიერთშეხვედრები
02.04.2013
ბაიერნი-იუვენტუსი 2:0
გოლები: 1:0 ალაბა (1), 2:0 თ. მიულერი (63)

08.12.2009
იუვენტუსი-ბაიერნი 1:4
გოლები: 1:0 ტრეზეგე (19), 1:1 ბუტი (30-პენ), 1:2 ოლიჩი (52), 1:3 გომესი (83), 1:4 ტიმოშჩუკი (90)

30.09.2009
ბაიერნი-იუვენტუსი 0:0

02.11.2005
იუვენტუსი-ბაიერნი 2:1
გოლები: 1:0 ტრეზეგე (62), 1:1 დაისლერი (66), 2:1 ტრეზეგე (85)

18.10.2005
ბაიერნი-იუვენტუსი 2:1
გოლები: 1:0 დაისლერი (33), 2:0 დემიკელისი (39), 2:1 იბრაჰიმოვიჩი (90)

03.11.2004
ბაიერნი-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 დელ პიერო (90)

19.10.2004
იუვენტუსი-ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 ნედვედი (76)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: ძლევამოსილი "ბაიერნი", უძლური "იუვენტუსი"
ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 - იუპ ჰაინკესს მართლა ბევრი უფიქრია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
იუვენტუს გენაცვალე დღეს უმდა შეჭამოთ გერმანელები!!!
del piero 10
14:04 10-04-2013
0
ფორცა იუვეეეეეეეეე!
შაკო
15:33 10-04-2013
0

სიახლეები პოპულარული