ესპანური კლუბის დაკნინება როდი გვინდა, პირიქით, ანდალუსიელები მხოლოდ საუკეთესო ეპითეტებს იმსახურებენ იმისათვის, რაც ამ სეზონში ევროსარბიელზე მოახერხეს - საქმე იმაშია, რომ დორტმუნდის "ბორუსია" სამართლიანად მიიჩნეოდა ფავორიტად, ორივე მატჩში "მალაგაზე" უკეთესი ფეხბურთი აჩვენა, გაცილებით მეტი და უფრო რეალური მომენტებიც შექმნა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მაინც თითქოს დაუმსახურებლად გავიდა.
ცხადია, ყველას 1999 წლის ლეგენდარული ფინალი გაგვახსენდა, მაგრამ ფეხბურთის ყველა მოყვარული,
არც იმას უარყოფს ვინმე, რომ ელიზეუს გოლიც არ იყო ჩასათვლელი, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა...
მანუელ პელეგრინის გუნდი, ალბათ, ბევრს შეეცოდა, მაგრამ, იმედია, არ დაგვძრახავთ, თუ ვიტყვით, რომ ცივი გონებით განსჯა იმ დასკვნამდე მიგვიყვანს, რომ ნახევარფინალში "დორტმუნდის" გასვლა სჯობდა.
ეს მატჩი ძალიან დიდხანს ეხსომებათ როგორც გერმანიაში, ისე ესპანეთში და, თამამად ვიტყვით, მთელ ევროპაშიც.
"დორტმუნდის სასწაული", "დაუჯერებელი შემობრუნება", "Wunderbor" - ამ მატჩმა 91-ე და 92-ე წუთებზე შეტრიალების გამო მაშინვე დაიმსახურა საინტერესო ჰედლაინები. "ბორუსია" 15-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია.
რეაქციები
მიხაელ ცორკი ("დორტმუნდის" სპორტული დირექტორი):
"რა თქმა უნდა, ბოლოს მაგრადაც გაგვიმართლა, მაგრამ ნახევარფინალში გასვლას ნამდვილად ვიმსახურებდით, რადგან ისევე, როგორც ესპანეთში, დღესაც მეტოქეზე გაცილებით მეტი მომენტი გვქონდა.
სანტანას გოლის შემდეგ საფინალო სასტვენამდე დარჩენილი 120 წამი ჩემი ცხოვრების ყველაზე გრძელი 2 წუთი გამოდგა.
ჰო, "ბორუსიამ" დღეს ვერ აჩვენა თავისი საუკეთესო ფეხბურთი. ბიჭები აშკარად დაძაბულები იყვნენ, "მალაგამ" კი ტაქტიკურად სწორად ითამაშა, მაგრამ ეს მაინც ულამაზესი დღეა ჩვენი კლუბის ისტორიაში."
იურგენ კლოპი ("დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი):
"გენიალური საღამო იყო, ფანტასტიკური! ფაქტია, რომ ამაღამ არ დაგვეძინება, მაგრამ ეს უკვე სულერთია. თუმცა ისეც არ ვიზეიმებთ, თითქოს რაღაც მოვიგეთ.
როცა ბოლო წუთებზე 2 გოლი სჭირდებათ, გუნდები უთავბოლოდ უტევენ ხოლმე, ჩვენ კი გააზრებული კომბინაციები გავითამაშეთ და ლოგიკური, ულამაზესი გოლები გავიტანეთ".
რომან ვაიდენფელერი ("დორტმუნდი"):
"ყველანი ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ ჩვენს შესანიშნავ გულშემატკივრებს ასეთი საღამო ვაჩუქეთ. ეს გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია და "დორტმუნდი" ამაზე მეტსაც იმსახურებს!"
მანუელ პელეგრინი ("მალაგას" მთავარი მწვრთნელი):
"ფეხბურთში წარმატება უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მატჩში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ნახევარფინალში ვერ გავაღწიეთ.
დორტმუნდელთა მესამე გოლი აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, ჩემმა ბიჭებმა კი არაერთი არასპორტული დარტყმა მიიღეს.
მსაჯს მოედნიდან მინიმუმ ორი ფეხბურთელი უნდა გაეძევებინა, ერთ მომენტში კი პირიქით, ჩვენი ფეხბურთელი ხესუს გამესი გააფრთხილა. ასეთ ვითარებაში კი წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია".
როკე სანტა კრუსი ("მალაგა"):
"გადამწყვეტი მომენტი გასახდელში კიდევ ერთხელ ვნახეთ და ორმაგად იმედგაცრუებულები ვართ. ასე წაგება ნამდვილი ჯოჯოხეთია. ყველაფერთან ერთად, დორტმუნდელებს მაგრად გაუმართლათ".
შემადგენლობები
პირველი მატჩისგან განსხვავებით, იურგენ კლოპმა მოედანზე, ფაქტობრივად, საუკეთესო შემადგენლობა გაიყვანა. ერთადერთი დანაკლისი მატს ჰუმელსი გახლდათ, რომელმაც გამოჯანმრთელება კი მოასწრო, მაგრამ კლოპმა მისი ძირითადში გამწესება ვერ გარისკა და თამაშში მხოლოდ მატჩის მიწურულსღა ჩართო.
ბლაშჩიკოვსკი და ბენდერი სასტარტოში დაბრუნდნენ, გროსკროიტცი და კელი კი სკამზე დასხდნენ.
პელეგრინიმ ხოაკინი, კამაჩო, ტულალანი და ისკო გასულ უქმეებზე სწორედ "დორტმუნდთან" მატჩისთვის დაასვენა. სამაგიეროდ, ანდალუსიელებს ველიგტონისა და იტურას სახით ორი წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ - ორივე დისკვალიფიკაციის გამო.
გმირი
ვილი კაბალიერო (მალაგა)
მიუხედავად ასეთი ემოციური გამარჯვებისა, დორტმუნდელთაგან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსს არც ერთი ფეხბურთელი არ იმსახურებს.
მატჩის გმირი დამარცხებულთა მეკარე ვილი კაბალიერო გახლდათ, რომელმაც ზუსტად ისე, როგორც პირველ მატჩში, ამჯერადაც არაერთხელ იხსნა თანაგუნდელები.
არგენტინელს საქმე განსაკუთრებით მატჩის დასკვნით ფაზაში გაურთულდა, გაშვებულ გოლებში კი ბრალი არ მიუძღვის.
ანტიგმირი
ნევენ სუბოტიჩი (დორტმუნდი)
სერბმა მცველმა ისევ რამდენიმე პოზიციური შეცდომა დაუშვა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "დორტმუნდის" დაცვის ბურჯი არა ის, არამედ მატს ჰუმელსია, სუბოტიჩი კი მის გარეშე ბევრს არაფერს წარმოადგენს.
გარდა ამისა, ნევენს სიმშვიდეც აკლდა და ბურთი რამდენჯერმე უმისამართოდ მოიგერია. ორ უპატიებელ პოზიციურ შეცდომასთან ერთად, სერბი არც შეტევების წამოწყებისას ვარგოდა.
მსაჯი
შოტლანდიელმა კრეიგ ტომსონმა და მისმა ბრიგადამ ცუდად იმსაჯეს. შმელცერი ხესუს გამესთან ფოლისთვის მეორე ყვითელი ბარათით რომ არ დასაჯა, ეს კიდევ ასატანი გადაწყვეტილება იყო; აი, ხესუს გამესისთვის ყვითლის მიცემა კი ზედმეტი იყო - ტომსონმა "მალაგას" ფეხბურთელს სიმულანტობა აბსოლუტურად უსამართლოდ დააბრალა.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ელიზეუსა და სანტანას გოლები ოფსაიდებიდან გავიდა...
მწვრთნელები
"დორტმუნდის" მესაჭემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩინებული ტაქტიკოსია და "ყნოსვაც" უვარგა. კლოპი თამაშში პირველივე ტაიმში ჩაერია, როცა მარიო გიოტცე ცენტრიდან მარჯვენა ფლანგზე გადასწია, მის ადგილზე კი კუბა შესწია.
მეორე ტაიმში შიბერისა და შაჰინის შეყვანამ (კუბასა და ბენდერის ნაცვლად) შედეგი მხოლოდ გარკვეულწილად გამოიღო.
შაჰინს "ბორუსიას" შეტევების გაცოცხლება დაევალა, რაც თურქმა გარკვეულ მომენტებში მოახერხა კიდეც.
არც მანუელ პელეგრინია ნაკლები სტრატეგი: "მალაგა" ტაქტიკურად დისციპლინირებულ ფეხბურთს თამაშობდა. ანდალუსიელებს მოედნის ყველა მონაკვეთი ზუსტად ჰქონდათ განაწილებული და ლოგიკურად მოქმედებდნენ.
კლოპის ორმაგ ცვლილებას პელეგრინიმ დუდას ნაცვლად ელიზეუს შეყვანით უპასუხა და ტაქტიკური განსწავლულობის გარდა, ამ ცვლილებით ისიც დაამტკიცა, რომ შესანიშნავი სამწვრთნელო ალღო აქვს.
რაც თვალში მოგვხვდა
- "მალაგა" პირველ ტაიმში თავს იდეალურად იცავდა. "დორტმუნდის" მცველებს, ფელიპე სანტანას და ნევენ სუბოტიჩს "პირველი ბურთების მოგება" უჭირდათ, რის გამოც "ბორუსიას" საყრდენი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი აშკარად დაიტანჯა.
- ანდალუსიელთა ფლანგის მცველები და ნახევარმცველები იმდენად კარგად მოქმედებდნენ, რომ პირველ ტაიმში "ბორუსიას" გარემარბებსა და განსაკუთრებით, ფლანგის მცველებს, ლუკაშ პიშჩეკს და მარსელ შმელცერს შეტევებში ჩართვა უჭირდათ.
- პირველ წუთებში "დორტმუნდს" ნერვიულობა ეტყობოდა. კლოპის ბიჭებმა თავისუფლად შეტევა მხოლოდ მე-20 წუთიდან დაიწყეს, მაგრამ ბევრ არაზუსტ პასს აკეთებდნენ.
- თუ "ბორუსიას" კომბინაციები დასკვნით ფაზამდე მიაღწევდა, დორტმუნდელთა წინახაზელები თითქოს ვეღარ ითმენდნენ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
- მეორე ტაიმში "ბორუსიამ" გაცილებით ორგანიზებულად და აზრიანად შეუტია, მაგრამ კლოპის ბიჭებს ბოლო პასი ან დარტყმა მაინც არ უვარგოდათ. მიუხედავად ამისა, გერმანელები მაინც ქმნიდნენ მომენტებს, მაგრამ "მალაგას" მეკარე ვილი კაბალიერო მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
- "მალაგამ" ამ ბრძოლაში მაქსიმუმი გააკეთა, პელეგრინის ბიჭებს დორტმუნდელთა თითქმის ყველა ქმედებაზე ადეკვატური პასუხი ჰქონდათ და თუკი ანდალუსიელებს ნახევარფინალში გასასვლელად რაიმე დააკლდათ, პირველ რიგში, ინდივიდუალური კლასი და კონცენტრაცია ბოლო წამამდე.
დასკვნა
"მალაგა" თავს ძალიან კარგად იცავდა, მაგრამ "ბორუსიამ" ეს თამაში მშვიდად რომ ვერ მოიგო, ეს მაინც კაბალიეროს დამსახურებაა.
მიუხედავად იმისა, რომ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში ორი გოლის გატანა ფანტასტიკის სფერო იყო, დორტმუნდელები მაინც არ დანებდნენ და თავდადება დაუფასდათ კიდეც.
P.S. "მალაგას" ხელმძღვანელები სანტანას გოლის ჩათვლის გამო უეფაში ჩივილს აპირებენ, მაგრამ ამგვარი პროტესტების გამოცდილებით უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ წარმატების შანსი არ აქვთ...
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი
დორტმუნდი-მალაგა 3:2 (0:0)
გოლები: 0:1 ხოაკინი (25), 1:1 ლევანდოვსკი (40), 1:2 ელიზეუ (82), 2:2 როისი (91), 3:2 ფელიპე სანტანა (92)
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - გიუნდოგანი (86. ჰუმელსი), ს. ბენდერი (72. ნ. შაჰინი) - ბლაშჩიკოვსკი (72. შიბერი), გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ხესუს გამესი, სერხიო სანჩესი, დემიკელისი, ანტუნეში - ტულალანი, კამაჩო - ხოაკინი (87. პორტილიო), ისკო, დუდა (74. ელიზეუ) - ჟულიო ბაპტიშტა (83. სანტა კრუსი).
გაფრთხილება: ს. ბენდერი, შმელცერი - ხესუს გამესი, ტულალანი
მაყურებელი: 65 829
Video
09.04.13. დორტმუნდი - მალაგა 3:2
09.04.13. დორტმუნდი - მალაგა 3:2
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-მალაგა 3:2 - თამაში, რომელიც სიკვდილამდე ემახსოვრებათ [VIDEO]