რეალი VS ბორუსია - ახტუნგ, "რეალი" აგრესიული იქნება!

AutoSharing Option
საფეხბურთო მადრიდი დაძაბულია. ყველა ხვდება, რომ "რეალში" ფეთქებადი სიტუაციაა, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ "სამეფო გუნდი" სასწაულს მოახდენს, დორტმუნდის "ბორუსიას" სასურველი ანგარიშით დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა.

პირველ მატჩში განცდილი კრახის (1:4) შემდეგ ეს რეალური აღარაა და მთელი საფეხბურთო ესპანეთი ლოგიკურად მიიჩნევს, რომ "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს არათუ დღეები, არამედ უკვე საათებია დათვლილი.

ამ სეზონში "რეალის" პრესტიჟის ხსნა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგითაა შესაძლებელი და რაკი მადრიდელები დორტმუნდში 1:4 დამარცხდნენ, მადრიდში მხოლოდ უკიდურეს ოპტიმისტებს სჯერათ, რომ ამ "რეალს"
გერმანიის ექს-ჩემპიონის ბარიერის გადალახვა მაინც ხელეწიფება.

არადა, ნახევარფინალის წილისყრის შემდეგ მადრიდულ გრანდში ყველა კმაყოფილი იყო. თუმცა, რამდენადაც დიდი იყო "დორტმუნდთან" შეხვედრით გამოწვეული სიხარული, ორჯერ მეტია იქ განცდილი მარცხით იმედგაცრუება.

"დორტმუნდს" ისედაც მთელი სეზონის განმავლობაში აქებდნენ, ახლა კი ევროპული პრესა იურგენ კლოპის გუნდს სულაც თანამედროვე საფეხბურთო კლუბის ეტალონს უწოდებს და ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში ყველა კლუბისთვის მისაბაძ მაგალითად მოიხსენიებს.

დღეს პროექტ "ჟოზე მოურინიოს" ბედი წყდება
მოურინიომ სამშაბათს გასამართ შეხვედრაზე ოფიციალური კომენტარები მხოლოდ მატჩის წინა დღეს გააკეთა, მანამდე კი თავისი ასისტენტი აიტორ კარანკას ენით გვესაუბრებოდა.

ეს უკანასკნელი ამბობდა, ფანებს ნამდვილად აქვთ იმის უფლება, რომ გვლანძღონ, "დორტმუნდთან" წაგების შემდეგ ეს ნაღდად დავიმსახურეთო.

თუმცა, თითქმის მეორე შემადგენლობით "ატლეტიკოსთან" დერბის მოგების (2:1) შემდეგ მადრიდელები ოპტიმისტურად განეწყვნენ - კარანკამ თქვა, ეს გამარჯვება "დორტმუნდის" გაგდებისკენ პირველი ნაბიჯი იქნებაო.

თუ სასწაული არ მოხდა და "რეალი" გავარდა, ფლორენტინო პერესის მორიგი პროექტი, სახელწოდებით "მოურინიო", ჩაშლილად გამოცხადდება - ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ "დორტმუნდთან" გამოვარდნის შემთხვევაში ჟოზეს და "რეალის" გზები გაიყოფა და დიდი შანსია, გამართლდეს რამდენიმე დღის წინ დაწყებული სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მოურინიო ლონდონის "ჩელსიში" ბრუნდება, "რეალი" კი კარლო ანჩელოტიმ (პსჟ) უნდა გაწვრთნას.

სხვათა შორის, მედია რონალდოს "რეალიდან" აბარგებაზეც ალაპარაკდა - წერენ და ამბობენ, პარიზში უნდა გადავიდესო.

ფაქტია, რომ პორტუგალიელ "დივას" ამით ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების შანსი არ შეუმცირდება, რადგან "რეალთან" ერთად ამ თასს ვერა და ვერ დაეპატრონა (მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული და ისიც "მანჩესტერ იუნაიტედში"). მოურინიო კი ჩემპიონთა ლიგის თასს ორჯერ ფლობდა - "პორტუსა" (2004) და "ინტერში" (2010).

ხედირა: რეალს ბერნაბეუზე ამაზე რთული მატჩებიც მოუგია
ფაქტია, რომ მადრიდელები მაქსიმუმს გააკეთებენ; ყოველ შემთხვევაში, ეცდებიან მაინც და რაკი შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზეა", ვერავინ იტყვის, რომ "რეალი" უშანსოდაა - მიუხედავად იმისა, რომ პირველმა მატჩმა მადრიდული გრანდის ქომაგებს ოპტიმიზმის საფუძველი არ დაუტოვა.

"ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერა უმთავრესი ფაქტორია და მე იმედი მაქვს, რომ ფანები ბოლომდე მხურვალედ გვიქომაგებენ, - ეს სამი ხედირას სიტყვებია, - ფაქტია, რომ სამშაბათს ამ სეზონის გადარჩენის უკანასკნელი შანსი მოგვეცემა და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. "რეალს" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამაზე რთული მატჩებიც მოუგია და ზოგადად, "ბერნაბეუს" პუბლიკა არაერთი მაგიური საღამოს მომსწრე გამხდარა. იმედია, ეს საღამოც ასეთი იქნება!"

რონალდო ითამაშებს
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მოურინიომ კომენტარების გაკეთება 29 აპრილსღა ისურვა, რაც ოფიციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ერთი კვირის წინ "ბორუსიასთან" მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზემ ძირითადი შემადგენლობა გაამხილა, ახლა კი პორტუგალიელი სპეციალისტი გაცილებით მოკრძალებული გახლდათ.

"დღეს ნამდვილად ვეღარ გეტყვით, ვინ ითამაშებს, რადგან რამდენიმე ფეხბურთელის ასპარეზობა საეჭვოა", - აღნიშნა 50 წლის ჟოზემ.

კითხვის ნიშნის ქვეშ იყო თვით კრიშტიანო რონალდოს თამაშიც, მაგრამ პორტუგალიელმა გამოჯანმრთელება მოასწრო, ორშაბათს სრული დატვირთვით ივარჯიშა და ყველა ლოგიკით, სასტარტოში უნდა ვიხილოთ.

მოურინიომაც თქვა, კრიშტიანო თავს კარგად გრძნობსო.

"დორტმუნდთან" მატჩს მოურინიომ ბოლო 10 წელიწადში "რეალის" ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა უწოდა, რაც, დაგვეთანხმებით, საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ ამის განსჯა "რეალის" ქომაგებს მივანდოთ. ჟოზემ კი, აი, რა თქვა:

"რეალმა" "დორტმუნდი" რომ გააგდოს, გამარჯვებას მხოლოდ გუნდს მიაწერენ, წაგებას კი მხოლოდ მე დამაბრალებენ! თუმცა ეს მხოლოდ "რეალში" როდი ხდება - თითქმის ყველგან ასეა ხოლმე".

მოურინიო აგრესიას ითხოვს
პრესკონფერენციაზე ჟოზეს ისიც ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა იმ მოსაზრებას, რომ თუ "რეალი" გავარდება, მადრიდული გრანდის თავკაცის რანგში ეს მისი უკანასკნელი მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაში, რაზეც ჟოზემ უპასუხა, ამაზე ნაღდად არ ვფიქრობო:

"ამ დღეებში მე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ უნდა ვეთამაშოთ დორტმუნდის "ბორუსიას" იმისათვის, რომ სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოვფხვრათ და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი იარაღი აგრესიული ფეხბურთია!"

ჟოზემ ჩვენს ესპანელ და გერმანელ კოლეგებს საინტერესო მონაცემი გაახსენა:

"თუ გახსოვთ, რამდენჯერ დაარღვიეს "რეალის" ფეხბურთელებმა პირველ მატჩში რობერტ ლევანდოვსკისთან ორთაბრძოლებში თამაშის წესები? არც ერთხელ! დორტმუნდელთა პოლონელი თავდამსხმელი თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში ან ფეხბურთელი ამხანაგურ მატჩში. მადრიდში ასე აღარ იქნება - ჩვენს აგრესიას თითოეული დორტმუნდელი იგრძნობს. ოღონდ აგრესია ზომიერი იქნება".

რაც მთავარია, ჟოზეს სჯერა, რომ "რეალს" ფინალში გასვლა შეუძლია:

"ვიცი, რომ ამოცანა ურთულესია; ვიცი, რომ "დორტმუნდი" ძალიან მაგარი გუნდია - "ბორუსია" ამ სეზონში რამდენჯერმე შევაქე; მაგრამ "რეალს" სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია!"

მოურინიოსთან ერთად, პრესკონფერენციაზე სერხიო რამოსიც იმყოფებოდა, რომელიც ჟოზეს დაეთანხმა - "ბორუსიასთან" მართლაც აგრესიულად უნდა ვითამაშოთო. 27 წლის მცველის აზრით, გერმანული კლუბის მთავარი იარაღები მარიო გიოტცე, მარკო როისი და რობერტ ლევანდოვსკი არიან და თუ "რეალის" უკანახაზელები ამ სამეულის გათიშვას შეძლებენ, "სამეფო გუნდის" შანსები გაიზრდება.

"ჰო, ლევანდოვსკიმ პირველ მატჩში 4 გოლი გაგვიტანა, რაც გრანდიოზული შედეგია და რობერტი მართლა მაგარი თავდამსხმელია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა და მხოლოდ ლევანდოვსკიზე არ უნდა ვიყოთ ფოკუსირებულნი. "დორტმუნდს" კიდევ არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. თუ უდიდესი თავდადებით ვითამაშებთ, "დორტმუნდს" აუცილებლად გავაგდებთ!" - აღნიშნა რამოსმა.

კლოპის საკადრო პრობლემები
დორტმუნდელები მადრიდში კარგი განწყობით გაემგზავრნენ. იურგენ კლოპი და მისი შეგირდები ხვდებიან, რომ მადრიდში ურთულესი მატჩი ელით.

29 აპრილს საღამომდე საეჭვო იყო მარიო გიოტცეს, ილქაი გიუნდოგანისა და ლუკაშ პიშჩეკის თამაში. მადრიდში სამივე გაემგზავრა, მაგრამ შესაძლოა, კლოპს რომელიმე მათგანის სკამზე დასმა მოუხდეს.

ყველაზე სერიოზული ტრავმა მარჯვენა მცველ პიშჩეკს აწუხებს და თუ პოლონელმა მოედანზე გასვლა ვერ შეძლო, ეს უკანასკნელი კევინ გროსკროიტცმა უნდა შეცვალოს, რომლისთვისაც დაცვის მარჯვენა ფლანგი ნაცადი, მაგრამ უჩვეულო პოზიციაა. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ სწორედ ამ ფლანგიდან უტევს კრიშტიანო რონალდო...

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-დორტმუნდი 22:45
პირველი მატჩი: 1:4

სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - სერხიო რამოსი, ვარანი, პეპე, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო - იგუაინი (ან ბენზემა).
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

ურთიერთშეხვედრები
24.04.2013
დორტმუნდი-რეალი 4:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 1:1 კ. რონალდო (43), 2:1 ლევანდოვსკი (50), 3:1 ლევანდოვსკი (55), 4:1 ლევანდოვსკი (67-პენ)

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

06.11.2012
რეალი-დორტმუნდი 2:2
გოლები: 0:1 როისი (28), 1:1 პეპე (34), 1:2 არბელოა (45-საკ. კარში), 2:2 იოზილი (89)

24.10.2012
დორტმუნდი-რეალი 2:1
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (36), 1:1 კ. რონალდო (38), 2:1 შმელცერი (64)

25.02.2003
დორტმუნდი-რეალი 1:1
გოლები: 1:0 იან კოლერი (23), 1:1 პორტილიო (92)

19.02.2003
რეალი-დორტმუნდი 2:1
გოლები: 0:1 იან კოლერი (30), 1:1 რაული (43), 2:1 რონალდო (55)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-რეალის გამოხმაურება: გერმანელები მოდიან, ხალხნო!
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული