მიუნხენში დაკარგული მესი "ბილბაოსთან" მატჩში მართლაც დაბრუნდა და ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც ვიცნობთ - ლეომ ულამაზესი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
"ბარსას" ფანები კი აღფრთოვანდნენ და იმედი მიეცათ - კატალონიაში ხომ ყველამ იცის, რომ თუ "ბარსას" მიუნხენში განცდილი კრახის (0:4) შემოტრიალება უნდა, მესის იდეალური დღე უნდა გაუთენდეს - არგენტინელმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი უნდა ჩაატაროს.
"ლა რემონტადა", ანუ დიდი დაბრუნება, როგორც კატალონიელები ამბობენ, სხვანაირად, ანუ მესის გ
არადა, მისია ურთულესი, თითქმის შეუსრულებელია...
"ამ მატჩს ისე უნდა შევხედოთ, როგორც დიდ გამოწვევას. ჩვენ ჩვენსას უნდა ვეცადოთ და ვეცდებით კიდეც", - ასეთ დაპირებას აძლევს მესი ფანებს.
თუ რამდენად ძლიერად სურს 25 წლის ლეოს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უდიდესი შემობრუნების ჩადენა, ეს ბილბაოში, "სან მამესად" წოდებულ კათედრალზე ვნახეთ - ერთ მომენტში ლეომ სამი ბასკი მცველი ჩვეულ სტილში გაიარა და 16 მეტრიდან გაიტანა, მერე კი საგოლე გადაცემაც მიითვალა - "ბარსას" "ბაიერნთან" სწორედ ასეთი მესი სჭირდება.
"ბილბაოსთან" მესიმ სულ სხვანაირად ითამაშა. ეს უკვე ძველი მესია", - აღნიშნა "კიკერისთვის" მიცმულ ინტერვიუში "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა.
"ბარსას" თავკაც ტიტო ვილანოვას ასისტენტმა ჟორდი როურამ კი თქვა:
"მესი დაბრუნდა და ზუსტად ისე ითამაშა, როგორც მისგან მოველით. ლეო საუკეთესოა!"
გაზეთმა "ელ მუნდო დეპორტივომ" პირველ გვერდზე მესის ფოტო დაბეჭდა სათაურით “ლეოსთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია!"
ამ უქმეებზე გატანილი გოლით მან მიმდინარე სეზონის გასვლით მატჩებში 24-ე გოლი გაიტანა, რაც პრიმერაში ახალი რეკორდია. 48 ოფიციალური მატჩიდან მესიმ 36-ში იხეირა, საერთო ჯამში კი ამ სეზონში 58 გოლი აქვს შეგდებული. ერთხელ პოკერი შეასრულა, ერთხელ ჰეთ თრიკი და მის ანგარიშზე 17 დუბლია!
ლეოს გერმანული კლუბების კარის დალაშქვრაც ეხერხება: 2009 წელს, "ბაიერნთან" 4:0-ზე მოგებულ შეხვედრაში მან დუბლი შეასრულა, 2012 წელს კი "ლევერკუზენს" ხუთი გოლი გაუტანა (7:1)...
ბუსკეტსი დაშავებულია! სანჩესი თუ ვილია?
თუმცა "ბაიერნთან" საპასუხო შეხვედრაში სასწაულის მოსახდენად "ბარსასთვის" მესის იდეალური თამაშიც კი არ იქნება საკმარისი.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება დაცვის ხაზის კარგ თამაშსაც, რადგან თუ "ბარსელონას" უკანახაზელები ისევე არასტაბილურად ითამაშებენ, როგორც მიუნხენში ან თუნდაც ბილბაოში, კატალონიელთა ამოცანა უკვე 100 პროცენტით ამოუხსნელი გახდება, რადგან თუ "ბაიერნი" ერთს გაიტანს, "ბარსას" უკვე 6 ექნება გასატანი, თუ ორს - შვიდი და ა.შ.
კარლეს პუიოლის გამოჯანმრთელება ვერ ესწრება, ხავიერ მასკერანოს კი საღამომდე შანსი ჰქონდა. ფაქტია, რომ დისკვალიფიცირებულ ხორდი ალბას დაცვის მარცხენა ფლანგზე ადრიანო შეცვლის.
კითხვის ნიშნის ქვეშაა ბუსკეტსის თამაში, მაგრამ ეს უკანასკნელი მინიმუმ განაცხადში აუცილებლად იქნება და უკანასკნელი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილავთ.
წინა ხაზზე, პედროსთან და მესისთან ერთად, ან ალექსის სანჩესი გაირჯება, ანაც დავიდ ვილია - წინასწარ რომელიმე მათგანისთვის უპირატესობის მინიჭება შეუძლებელია.
"ვიცით, რომ ფინალში გასვლა ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენ "ბარსა" ვართ და ჩვენს ქომაგებს პირველივე წუთიდან უნდა ვაგრძნობინოთ, რომ "ბაიერნის" განადგურება შეგვიძლია", - აღნიშნა კატალონიელთა თავკაცმა ტიტო ვილანოვამ.
მას ქომაგები ტყუილად არ უხსენებია - მესისა და იღბალთან ერთად, "ბარსელონას", რა თქმა უნდა, 90 000 ფანის იმედიც აქვს.
მარტინესი: მართლა დიდი სიფრთხილე გვმართებს!
მიუხედავად ოთხბურთიანი უპირატესობისა, მიუნხენელები "ბარსასთან" საპასუხო მატჩს უდიდესი სიფრთხილით ეკიდებიან. ფეხბურთელები, მწვრთნელი და ხელმძღვანელები ყველა კომენტარში იმეორებენ, ფინალში ჯერ არ ვართ და ამისათვის "ნოუ კამპზეც" მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთო.
"თუკი რომელიმე გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 0:4-ის ამოქაჩვა შეუძლია, პირველ რიგში, "ბარსელონას"!
ფინალთან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ "კამპ ნოუზე" მართლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ "ბარსამ" "მილანი" სწორედ 4:0 დაამარცხა!" - ეს ბავარიელთა ესპანელი ნახევარმცველის, 24 წლის ხავი მარტინესის სიტყვებია, რომელმაც "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში რეკორდმაისტერის თავკაცი იუპ ჰაინკესი საუკეთესო ეპითეტებით შეამკო:
"ჩვენ მართლაც გენიალური დამრიგებელი გვყავს. ჰაინკესმა, უბრალოდ, ყველაფერი იცის! მე კი ისღა მრჩება, რომ, უბრალოდ, ყურადღებით ვუსმინო და გავაკეთო ყველაფერი, რასაც მირჩევს. თამამად ვიტყვი, რომ ესპანურ ფეხბურთს და ესპანურ კლუბებს იუპი ჩემზე უკეთ იცნობს".
ჩემპიონთა ლიგის 21-წლიან ისტორიაში, პლეი ოფში 0:4 არავის ამოუქაჩავს და მით უმეტეს, ნახევარფინალში ეს ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ ერთიცაა: ოდესმე ესეც ხომ უნდა მოხდეს?
ასეთი მიდგომით თავს ვიინტრიგებთ თუ მართლა რეალურია ის, რომ "ბარსამ" "ბაიერნს" 0:4 ამოუქაჩოს, ამას თამაში გვიჩვენებს.
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა-ბაიერნი 22:45
პირველი მატჩი: 0:4
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-1-2-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, ბარტრა, პიკე, ადრიანო - ბუსკეტსი - ჩავი, ინიესტა - პედრო, მესი, სანჩესი (ან ვილია).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - მანჯუკიჩი.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)
ურთიერთშეხვედრები
ჩემპიონთა ლიგა
23.04.2013
ბაიერნი-ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 თ. მიულერი (25), 2:0 გომესი (49), 3:0 რობენი (73), 4:0 თ. მიულერი (82)
14.04.2009
ბაიერნი-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 რიბერი (47), 1:1 კეიტა (73)
08.04.2009
ბარსელონა-ბაიერნი 4:0
გოლები: 1:0 მესი (9), 2:0 ეტო’ო (13), 3:0 მესი (38), 4:0 ანრი (43)
ამხანაგური მატჩი
27.07.2011
ბაიერნი-ბარსელონა 0:2
გოლები: 0:1 ტიაგო ალკანტარა (42), 0:2 ტიაგო ალკანტარა (75)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]