რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4) - სასწაული არ მოხდა, "რეალმა" გვიან გაიღვიძა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
სასწაული არ მოხდა - მადრიდის "რეალმა" გვიან გაიღვიძა და მხოლოდ ორი გოლის გატანა მოასწრო. ამ ორმა გოლმა იქამდე არაფრით გამორჩეულ შეხვედრას სულ სხვა ელფერი და დრამატიზმი მისცა.

"რეალმა" გაიბრძოლა, მაგრამ ფინალში დორტმუნდის "ბორუსია" ითამაშებს...

რეალმა თავსა და ბოლოში ითამაშა
მადრიდელებმა შეხვედრის საწყისი წუთები შთამბეჭდავად ჩაატარეს და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, სწრაფ გოლსაც გაიტანდნენ და შემდეგ, კაცმა არ იცის, როგორ წარიმართებოდა მოვლენები.

ჯერ გონსალო იგუაინმა გაუშვა გატანის ბრწყინვალე შანსი, როდესაც მესუთ იოზილისგან შესანიშნავი პასი მიიღო და სტუმართა კიპერთან,
ფაქტობრივად, პირისპირ დარჩა; შემდეგ კრიშტიანო რონალდო დარჩა ვაიდენფელერთან ერთი-ერთზე, მკერდზე კარგად მიიღო ბურთი, მაგრამ დარტყმულს ისევ კიპერი გადაეღობა...

მალევე მესუთ იოზილი დარჩა მეკარესთან პირისპირ და ამჯერად უკვე შემტევის დარტყმა აღმოჩნდა არაზუსტი. მოკლედ, ესპანელებს სამჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ყველა შემთხვევაში გამარჯვებული ვაიდენფელერი გამოვიდა...

დიახ, მაშინაც კი, როდესაც იოზილმა ააცილა, რადგან ოდნავ წინ გამოსვლით და სწორი პოზიციის შერჩევით დორტმუნდელთა მეკარემ თითქოს ორივე კუთხე დაფარა.

ტაიმის შუაწელიდან მადრიდელებმა ტემპი დააგდეს და თამაში უფრო აკადემიურად გაგრძელდა. სტუმრები მშვიდად იცავდნენ თავს და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უმკლავდებოდნენ მასპინძელთა იერიშებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შედეგად, პირველ ტაიმში მადრიდელებს სიხიფათო მომენტი აღარ შეუქმნიათ.

ესპანელებმა მეორე ნახევარიც მძიმედ დაიწყეს, დორტმუნდელთა კონტრიერიშებმა კი გაცილებით მწვავე ფორმები მიიღო.

სტუმრებს ორჯერ მართებდათ გატანა: ერთხელ ლევანდოვსკი დარჩა დიეგო ლოპესთან პირისპირ, უძლიერესად დაარტყა და ბურთი ხარიხამ აისხლიტა; მეორეჯერ კი გიუნდოგანი გზავნიდა ბურთს პრაქტიკულად დაუცველ კარში, მაგრამ "რეალის" კიპერმა სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და არანორმალურ ნახტომში ანგარიში უცვლელი დატოვა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

სწორედ ლოპესის დამსახურება გახლდათ ის, რომ მატჩის ბოლო წუთებმა გულშემატკივრები და უბრალოდ, ფეხბურთის მოყვარულები ეკრანებს მიაჯაჭვა - მატჩის 83-ე წუთზე ქარიმ ბენზემამ მასპინძელთა სამსვლიანი კომბინაცია დააგვირგვინა და ერთი ბურთი გაქვითა, ხუთიოდე წუთში კი სერხიო რამოსმა ქაოსური, მრავალფაზიანი იერიში დააბოლოვა უზუსტესი დარტყმით და ორმატჩიანი დუელი უკიდურესად გაამწვავა.

ესპანელებს ერთი გოლიც სჭირდებოდათ და ამისთვის დაახლოებით 7-8 წუთი ჰქონდათ, მაგრამ სასწაული არ მოხდა - "რეალი" კიდევ ერთხელ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგას ნახევარფინალური ეტაპიდან. დორტმუნდის "ბორუსია" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფინალში ითამაშებს.

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ჟოზე მოურინიო: წავაგეთ და ამის ბრალი დორტმუნდში ჩატარებული მატჩია

იურგენ კლოპი: ბიჭებო, გაირეთ მადრიდში და გაერთეთ, მე ლუდს "დავითრევ"...
კრიშტიანო რონალდო: დავამტკიცეთ, რომ "ბორუსიაზე" ძლიერები ვართ
მარიო გიოტცემ მადრიდის "რეალთან" მატჩში კუნთი გაიწყვიტა
სერხიო რამოსი: ძალიან საწყენია, რომ ტურნირს ასეთ ვითარებაში ვეთიშებით

ვატცკე: მეშინოდა, გული არ გამსკდომოდა და ტუალეტში შევიკეტე
დიეგო ლოპესი: ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ცოტა არ გაგვიმართლა

მატს ჰუმელსი: ბავშვობიდან ყველანი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ვოცნებობდით


ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. განმეორებითი მატჩი
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4)
გოლები: 1:0 ბენზემა (83), 2:0 ს. რამოსი (88).
რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - ესიენი, ვარანი, ს. რამოსი, ფ. კოენტრაო (57. კაკა) - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო (67. ხედირა) - დი მარია, იოზილი, რონალდო
- იგუაინი (57. ბენზემა).
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, ბენდერი (90. ფელიპე სანტანა) - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე (14. გროსკროიტცი), როისი - ლევანდოვსკი (87. კელი).
გაფრთხილება: სერხიო რამოსი, კოენტრაო, იგუაინი, ხედირა - ვაიდენფელერი, ბენდერი, გიუნდოგანი.
კუთხური: 10-3; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 7-6; კარში დარტყმა: 18-6 (7-3); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 79 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-რეალის გამოხმაურება: გერმანელები მოდიან, ხალხნო!
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვეთანხმები ყველა კომენტარს!!! ისე, არ შეიძლება, რომ საზოგადოებრივ არხს ჩამოერთვას ჩემპიონთა ლიგის მატჩების გადმოცემის უფლება? არც მათი სიგნალის ფორმატი არის დამაკმაყოფილებებლი, კომენტატორები კი საერთოდ კატასტროფა. ის, რომელიც თავს "ბოსად" თვლის, მატჩიდან მატჩამდე ერთსადა იმავე დაზეპირებულ არაფრისმთქმელ ფრაზებს იმეორებს, მეორეს კი დიქცია, ის, რაც მთავარია ასეთი პროფესიის ადამიანისათვის, საერთოს არ უვარგა. იძულებული ვარ, რომ ხმა საერთოდ გამოვრთო და ისე ვადევნო თვალი თამაშს.
ძველი გულშემატკივარი
17:39 01-05-2013
0
ესპანელების სუსტი წერილი ლევანდოვსკის,გომესის ტიპის ცენტრფორვარდების არყოფნაა.თამაშის თავიანთ სქემებში თუ არ გამოასწორეს ეს რგოლი ლიდერობას დაკარგავენ.
eurosvan
16:59 01-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული