რეალი-დორტმუნდის გამოხმაურება: "ბორუსია" ამას იმსახურებდა!

AutoSharing Option
მაშ ასე: დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და ეს სენსაციაა, მაგრამ დორტმუნდელებმა ეს სენსაცია დაიმსახურეს და ფეხბურთი ასეთი სენსაციების გამოც გვიყვარს.

სამი წელია, რაც "დორტმუნდმა" ბუნდესლიგაში გრანდის სტატუსი დაიბრუნა, ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამ თვალსაზრისით, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზეც აისახა - 1997 წლის ტრიუმფიდან 16 წლის შემდეგ "შავ-ყვითლები" ისევ ფინალში არიან!

"სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" განსაკუთრებით პირველ წუთებში ფლობდა უდიდეს უპირატესობას და მადრიდელებს საკმარისზე მეტი საგოლე მომენტიც შეექმნათ, მაგრამ დორტმუნდელთა მეკარე რომან ვაიდენფელერი სასწაულებს ახდენდა.

როცა ყველანი ვფიქრობდით, რომ ეს დუელი აღარ დაიძაბებოდა, მადრიდელებმა ორი გოლის გატანა შეძლეს და ბოლო წუთებში გერმანელები კატასტროფულად ანერვიულეს.

აღსანიშნავია, რომ "დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად დამარცხდა და ორი ფეხბურთელიც დაუშავდა: მარიო გიოტცე თავიდანვე შესაცვლელი გახდა, სვენ ბენდერი კი - მატჩის მიწურულს.

რეაქციები
იურგენ კლოპი ("დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი):
"ბოლოს მაგრად ვინერვიულეთ, მაგრამ ფეხბურთი იმისაა, რომ ინერვიულო. ახლა მიხაელ ცორკს ვესაუბრე და მანაც მითხრა, ფინალში გასვლისას 1997 წელს უფრო გაგვიმართლაო.

ერთი სიტყვით, ყველაფერი შესანიშნავადაა. ბოლო წუთები კი მართლა უსაშველოდ გაიწელა, ცოტაც და, ნამდვილად გავაფრენდი.

ამ მატჩის ვიდეოჩანაწერის ყურებას და ანალიზის გაკეთებას არ ვაპირებ - ბოლო წუთების მეორედ განცდა არ მინდა. უბრალოდ, უნდა ვისიამოვნოთ იმით, რომ ფინალში გავედით."


...რობერტ ლევანდოვსკის შესახებ:
"მას მუდმივად სახეში ურტყამდნენ! სერხიო რამოსი ორს კი არა, ექვს გაფრთხილებას იმსახურებდა! ვინც ასეთ დროს სიმშვიდეს შეინარჩუნებს, ნაღდად გენიალური ადამიანია. ლევანდოვსკი სწორედ ასეთია!"


...ბუნდესლიგაში "ბაიერნთან" მატჩის შესახებ: "რომის პაპზე მეტად ნუ მოვინდომებთ - ფაქტია, რომ დასვენებისთვის მიუნხენელებზე ერთით მეტი დღე გვაქვს და ამ უპირატესობას სიამოვნებით გამოვიყენებთ. აზრზე არ ვარ, სად არიან ახლა ჩემი შეგირდები - მე კი ვიცი, რომ სასტუმროში რომ მივალ, 2-3 კათხა ლუდს დავლევ.

ბიჭებს ვუთხარი, რაც გინდათ, ის გააკეთეთ-მეთქი. მათთვის ახლა გარეთ გასვლა რომ ამეკრძალა, მსოფლიოში უკანასკნელი ადამიანი ვიქნებოდი. დარწმუნებული ვარ, რომ შაბათამდე აზრზე მოვალთ, მაგრამ "ბაიერნთან" ბუნდესლიგაში რომც წავაგოთ, ამას ფეხებზე დავიკიდებ - ჩვენთვის მთავარი ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალია."


ჟოზე მოურინიო ("რეალის" მთავარი მწვრთნელი):
"სიამაყეზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემი გუნდი მაინც უნდა შევაქო. კარგად ვიბრძოლეთ და ცოტა დაგვაკლდა. გაბრაზებული ვარ იმის გამო, რომ მატს ჰუმელსი არ გააძევეს - ნამდვილად წითელ ბარათს იმსახურებდა.

რაც შეეხება ჩემს მომავალს: სეზონის ბოლოს პრეზიდენტს შევხვდები და ერთად გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ.

ერთი რამ ცხადია: ყველაფერი მხოლოდ ჩემს სურვილზეა დამოკიდებული. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება კი მშვიდ გარემოში მინდა და არა ასეთი ემოციური მატჩის შემდეგ.

მინდა, ისეთ გუნდში და ისეთ ადგილზე ვმუშაობდე, სადაც ხალხს მოვწონვარ და ვუყვარვარ. ესპანეთში ძალიან ბევრს ვძულვარ! მათ შორის რამდენიმე ადამიანი ახლაც აქაა და ამ პრესკონფერენციას ესწრება."


კევინ გროსკროიტცი (დორტმუნდი):
"თითქოს ყველაფერი შესანიშნავად იყო, მაგრამ ბოლო წუთებში მაინც მაგრად დავიძაბეთ. ფაქტია, რომ ძალიან მაგარი გუნდი და მაგარი ფანები გვყავს.

ზოგადად, "დორტმუნდი" ძალიან მაგარი გუნდია და ჩვენ ნაღდად დავიმსახურეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა. მე ჯერაც არ მჯერა... იმედია, ხვალ დილას საბოლოოდ დავიჯერებ, რომ ეს ყველაფერი არ დამსიზმრებია."


ჰანს-იოახიმ ვატცკე ("დორტმუნდის" გენერალური მენეჯერი):
"ჩემს ცხოვრებაში პირველად ამტკივდა გული და დავნებდი! მეორე გოლი რომ გაგვიტანეს, ტუალეტში შევედი, კარი ჩავკეტე და ყურები ხელებით დავიხშე. არაფერი მესმოდა, მარტო საათს ვუყურებდი.

ვივარაუდე, რამდენს დაამატებდა მსაჯი და ბოლო წუთისთვის გამოვედი. სანამ ანგარიშს გავიგებდი, თავში უამრავმა აზრმა გამიელვა: გამახსენდა, რამდენი ვიშრომეთ, რამდენი რამ გადავიტანეთ და რას მივაღწიეთ ბოლო სამ წელიწადში.

მესამე გოლიც რომ გაგვეშვა, ეს ნაღდად ტრაგედია იქნებოდა! მესამე გოლის გაშვებას არ ვიმსახურებდით."


შემადგენლობები
პირველი მატჩისგან განსხვავებით, "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება ვიხილეთ: ესიენი სასტარტოში დაბრუნდა, პეპე - სკამზე. შესაბამისად, სერხიო რამოსმა დაცვის ცენტრში გადაინაცვლა.

ამას გარდა, ჟოზე მოურინიომ სამი ხედირა სათადარიგოთა სკამზე დასვა, ძირითადში კი, ჩაბი ალონსოს გვერდით ლუკა მოდრიჩი გაამწესა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ჟოზემ მოედანზე უფრო შემტევი შემადგენლობა გაიყვანა.

"დორტმუნდის" სასტარტო თერთმეტეული კი არ შეცვლილა. ანუ იურგენ კლოპმა სებასტიან კელი კვლავ სკამზე დასვა და ნახევარდაცვის ცენტრი სვენ ბენდერისა და ილქაი გიუნდოგანის დუეტს ჩააბარა. ლუკაშ პიშჩეკმა გამოჯანმრთელება მოასწრო და ძირითადში ვიხილეთ.

გმირი
რომან ვაიდენფელერი (დორტმუნდი)
"რეალმა" "დორტმუნდს" საქმე საწყის 15 წუთში რომ არ მოუთავა, ეს, პირველ რიგში, "ბორუსიას" მეკარის დამსახურებაა - რომან ვაიდენფელერმა პირველ წუთებში დორტმუნდელები 3-ჯერ იხსნა და მადრიდელებს სწრაფად რომ გაეტანათ, არავინ იცის, გავიდოდა თუ არა კლოპის გუნდი ფინალში. მასთან ერთად, გენიალური იყო "ბორუსიას" დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსიც.

ანტიგმირი
ფაბიო კოენტრაო (რეალი)
"რეალის" მარცხენა მცველი მადლობელი უნდა იყოს, რომ ლევანდოვსკისთან ზღვარგადასული უხეშობის გამო მოედანი არ დაატოვებინეს. გარდა ამისა, კოენტრაოს შეტევაში არაფერი გაუკეთებია, უკან კი მარკო როისი უქმნიდა პრობლემებს. ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის კვალობაზე უჩვეულოდ ინერტულები იყვნენ კრიშტიანო რონალდო და მესუთ იოზილიც.

მსაჯი
ჰოვარდ ვებმა იმაზე უკეთ იმსაჯა, ვიდრე ველოდით, მაგრამ: ვერ (ან არ) დაინახა რამოსის უხეშობა ლევანდოვსკიზე "რეალის" საჯარიმოში;

სვენ ბენდერი ალონსოსთან უხეშობის გამო აუცილებლად უნდა გაეფრთხილებინა;

რამოსი ლევანდოვსკის "გალახვისთვის" არცერთხელ დასაჯა; სამაგიეროდ, გაცილებით რბილი ფოლების დროს გიუნდოგანი და ბენდერი გააყვითლა.

მწვრთნელები
მოურინიომ პირველ მატჩში დაშვებული შეცდომები აღიარა: სერხიო რამოსი დაცვის ცენტრში დააბრუნა, პეპე კი - სკამზე!

გარდა ამისა, მადრიდელთა პორტუგალიელმა თავკაცმა მესუთ იოზილს უმეტესად ცენტრიდან მოქმედება უბრძანა - პირველ მატჩში იოზილი უმეტესად მარჯვნიდან უტევდა და ვერ ივარგა.

მეორე ტაიმში ჟოზე მალევე წავიდა რისკზე და კოენტრაოსა და იგუაინის ნაცვლად, მოედანზე კაკა და ბენზემა გაიყვანა, რითაც "რეალმა" თამაში სამი მცველით განაგრძო.

ხედირას შეყვანის შემდეგ "რეალს" წინა ხაზზე უკვე 4 ფეხბურთელი ჰყავდა (სერხიო რამოსიც თავდასხმაში წავიდა), მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.

კლოპს გიოტცეს დაშავებით გეგმები მალევე აერია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მარიოს ტრავმით გამოწვეულმა ცვლილებამ (მოედანზე გროსკროიტცი შევიდა) "ბორუსიას" კი არ ავნო, არამედ არგო!

საქმე იმაშია, რომ გროსკროიტცს, გიოტცესგან განსხვავებით, მეტოქის შეტევების ჩაშლა შეუძლია - დორტმუნდელებს კი მადრიდულ მატჩში ჩასაშლელად უფრო ჰქონდათ საქმე, ვიდრე შესაქმნელად.

ბოლოს იურგენმა მთელი ძალები საკუთარი კარის უსაფრთხოებისკენ მიმართა და მიზანსაც მიაღწია - დორტმუნდელებმა მესამე გოლი არ გაუშვეს.

რაც თვალში მოგვხვდა
- მატჩის წინ მოურინიომ თქვა, ეს მატჩი "რეალისთვის" ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მნიშვნელოვანიაო და შესაბამისად, მადრიდელებმა პირველივე წუთიდან უკანმოუხედავად შეუტიეს. დორტმუნდელებმა "რეალის" მრისხანე იერიშებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 20 წუთის შემდეგ ანგარიში ისევ 0:0 რომ იყო, ეს "ბორუსიას" მეკარე ვაიდენფელერის დამსახურებაა.

ამ პერიოდში მადრიდელებმა დორტმუნდელთა კარში 7-ჯერ დაარტყეს და ვაიდენფელერმა სამი "მკვდარი ბურთი" აიღო.

- დორტმუნდელებს განსაკუთრებით მარცხენა ფლანგზე უჭირდათ, სადაც მარსელ შმელცერი სცოდავდა როგორც დაცვითი, ისე შეტევითი ფუნქციების შესრულების დროს. მარსელი მხოლოდ გროსკროიტცის გამოჩენის შემდეგ დასტაბილურდა.

- კევინის გამოჩენამ მოურინიო მიახვედრა, რომ შმელცერის ფლანგი უკეთ კონტროლდებოდა, რის გამოც ჟოზემ თამაში უფრო ცენტრში გადაიტანა და იოზილი დატვირთა. თუმცა ბენდერისა და გიუნდოგანის საყრდენთა დუეტი მაგრად იბრძოდა და მადრიდელებმა მომენტების შექმნა ვეღარ მოახერხეს.

- მეორე ტაიმში მადრიდელები უფრო მეტი აგრესიით უტევდნენ, რამაც "ბორუსიას" კონტრშეტევების წარმოების შანსი მისცა.

- მიუხედავად იმისა, რომ "რეალს" უმეტესად ბურთის ფლობის მინიმუმ 70-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა, მადრიდელები რეალურ საგოლე მომენტს დიდხანს ვერ ქმნიდნენ. მადრიდული გრანდის ფანებს ნუ ეწყინებათ და, "რეალს" კრეატივი აკლდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მადრიდელებმა გოლები მხოლოდ მაშინღა გაიტანეს, როცა ქაოტურად უტევდნენ.

დასკვნა
პირველ ტაიმში "რეალს" მართებდა გოლების გატანა, მეორე ტაიმში კი დორტმუნდელებს ჰქონდათ რამდენიმე შანსი.

საბოლოო ჯამში, "ბორუსიამ" ბოლო წამამდე ინერვიულა და შეიძლება ითქვას, რომ ცოტათი გაუმართლა კიდეც, მაგრამ კლოპის გუნდის წარმატებას დაუმსახურებელს ვერავინ უწოდებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4)
გოლები: 1:0 ბენზემა (82), 2:0 ს. რამოსი (88)
რეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ესიენი, ვარანი, ს. რამოსი, ფ. კოენტრაო (57. კაკა) - მოდრიჩი, ჩაბი ალონსო (67. ხედირა) - დი მარია, იოზილი, რონალდო - იგუაინი (57. ბენზემა).
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, ს. ბენდერი (91. ფელიპე სანტანა) - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე (14. გროსკროიტცი), როისი - ლევანდოვსკი (87. კელი).
გაფრთხილება: კოენტრაო, იგუაინი, რამოსი, ხედირა - გიუნდოგანი, ს. ბენდერი, ვაიდენფელერი
მაყურებელი: 69 429

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4) - სასწაული არ მოხდა, "რეალმა" გვიან გაიღვიძა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული