- ჰერ ჰუმელს, 0:2 დამარცხდით და მაინც ფინალში ხართ. უკვე დაიჯერეთ ის, რაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" მოხდა?
- უკვე დავიჯერე! საფინალო სასტვენის შემდეგ გაოგნებული ვიყავი, ახლა კი ვხვდები და ვაანალიზებ, რაც გავაკეთეთ.
- საფინალო სასტვენის შემდეგ მიწას მუშტი რამდენჯერმე დაარტყით...
- ჰო... არც კი ვიცი, ეს რატომ გავაკეთე. ალბათ, იმ უმძიმესი წნეხისგან თავის დაღწევის მიზნით, რასაც "რეალთან" მატჩებში ვგრძნობდი. თანაც, მატჩის მიწურულს ძალიან გავბრაზდი იმის გამო, რომ
თანაც, მე-80 წუთამდე ჩვენც შეგვეძლო გატანა და ამით "რეალს" საქმეს მოვუთავებდით. მოკლედ, მესამე გოლი რომ გაგვეშვა, ეს ჩვენთვის უმძიმესი ტრავმა იქნებოდა, რომელიც ძალიან დიდხანს გაგვყვებოდა.
- ფაქტია, რომ პირველ წუთებშიც ძალიან გაგიჭირდათ. "სანტიაგო ბერნაბეუს" ატმოსფერომ ასე ძალიან იმოქმედა?
- პირველ 15 წუთში "ბერნაბეუზე" მართლაც ექსტრემალური ატმოსფერო იყო და "რეალმაც" ექსტრემალურად შემოგვიტია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტადიონზე თამაშის გამოცდილება უკვე გვქონდა, მაინც დავიბენით და კიდევ კარგი, რომ გოლი არ მივიღეთ.
- 15-20 წუთის შემდეგ კი "დორტმუნდი" უკეთ ათამაშდა და თქვენი თქმისა არ იყოს, მე-80 წუთამდე ყველაფერს აკონტროლებდით...
- დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც მე-80 წუთისთვის "რეალის" არცერთ ფანს აღარ სჯეროდა, რომ მადრიდელებს ფინალში გასვლის შანსი მაინც მიეცემოდათ. პირველი გოლი ზედმეტად მარტივად მივიღეთ, მაგრამ არც კი ვიცი, ვის უნდა დაბრალდეს. მაგრამ "რეალის" ფეხბურთელებს და ქომაგებს სწორედ ამ გოლმა დაუბრუნა რწმენა.
- რის შემდეგაც უფრო დაიბენით...
- მართალია, "რეალს" ჯამში სამი გოლი სჭირდებოდა, მაგრამ იმ ერთმა გოლმა უდიდესი საქმე გააკეთა - მეტოქეს თავდაჯერება დაუბრუნა, ჩვენ კი კიდევ უფრო მეტად დაგვაბნია. ვფიქრობ, ეს ჩვენზე გაცილებით გამოცდილ გუნდსაც დაემართებოდა.
- თანაც, მსაჯმა ძირითად დროს 5 წუთი დაამატა...
- ჰო, მაგრამ გონს მალევე მოვეგეთ და ბოლო წუთებში უკვე აღარ ვნერვიულობდით. მთელ რიგ ეპიზოდებში ბურთი დავიჭირეთ კიდეც. "რეალი" უკვე მთელი გუნდით, მასირებულად და უაზროდ გვიტევდა, მაგრამ ბოლო ორ წუთში პირადად მე უმძიმესი წნეხი აღარ მიგრძვნია. როცა გავიგე, რომ მსაჯი 5 წუთს ამატებდა, დრო ძალიან ბევრად მომეჩვენა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს 5 წუთი საკმაოდ მალე გავიდა.
- რა ხდებოდა თქვენს გასახდელში მატჩის შემდეგ?
- ვერ გეტყვით, რომ გადარეულები ვიყავით. მე ვიტყოდი, რომ უფრო ბედნიერები ვიყავით და წნეხისგან გათავისუფლება გაგვიხარდა.
- ზედიზედ ორი ჩემპიონობის შემდეგ ბუნდესლიგაში მეორე ადგილს იკავებთ, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხართ. რას ნიშნავს ეს "დორტმუნდისთვის"?
- ფინალში მოხვედრა, რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს არ არის მაქსიმუმი. როცა ფინალში ხარ, მიზნად მისი მოგება უნდა დაისახო. გერმანიის ჩემპიონობა ორივეჯერ ისე ვიზეიმეთ, რომ ეს ემოცია მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში განმეორდება. დაუჯერებელია, ზღაპარია ის, რაც დორტმუნდის "ბორუსიაში" ბოლო წლებში მოხდა. აქ რომ გადმოვედი, ბუნდესლიგაში მე-13 ადგილზე ვიყავით და მაშინ ვინმეს რომ ეთქვა, 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გახვალთო, დავცინებდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რეალი-დორტმუნდი 2:0 (1:4) - სასწაული არ მოხდა, "რეალმა" გვიან გაიღვიძა [VIDEO]