პირველი ესპანური ფინალი იყო ("რეალი"-"ვალენსია"), მერე იტალიური ("მილანი"-"იუვენტუსი") და ინგლისურიც ("მანჩესტერი"-"ჩელსი") ვნახეთ, ახლა კი გერმანული ფინალი შედგება, რაც იმასაც ნიშნავს, რომ "ბაიერნის" 2001 წლის ტრიუმფიდან 12 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის თასი ისევ გერმანიაში დაიდებს ბინას.
აღსანიშნავია, რომ "ბაიერნისთვის" ეს ბოლო 4 წელიწადში მესამე ფინალი იქნება - წინა ორი მიუნხენელებმა მილანის "ინტერთან" და ლონდონის "ჩელსისთან" წააგეს. "ბარსა" კი ზედიზედ მეორედ გავარდა ნახევარფინალიდან და
რეაქციები
იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი):
"ვფიქრობ, რომ ეს "ბაიერნი" ყველანაირად სრულყოფილი გუნდია. ერთად შესანიშნავად ვშრომობთ. ყველას ეტყობა, რომ დამშეულია.
გერმანიის ჩემპიონები გავხდით და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ - "ბარსელონასთან" ორივე შეხვედრაში დავამტკიცეთ, რომ ფეხბურთის უმაღლეს დონეზე თამაში შეგვიძლია. თანაც, რაც მთავარია, "ბაიერნი" ნებისმიერ სიტუაციას და გუნდს ერგება - როცა გვინდა, მკაცრ და აგრესიულ ფეხბურთს ვთამაშობთ, შეგვიძლია მაღალ ტემპში თამაში და ტაქტიკური ომის გაჩაღებაც.
"ბაიერნი" დიდი ტიტულებისთვის მომწიფებულია. დაცვაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ 2013 წლიდან ეს პრობლემაც აღმოფხვრილია.
თითოეული მატჩისთვის იდეალურად ვემზადებით - "ბაიერნი" დღესაც ყველაფრისთვის მზად იყო და ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ფინალში გასვლა შეიძლებოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. ეს გამარჯვება ული ჰიონესსაც ეძღვნება."
ფილიპ ლამი ("ბაიერნის" კაპიტანი):
"მიუხედავად 4-ბურთიანი უპირატესობისა, საპასუხო მატჩს მაინც ძალიან სერიოზულად მივუდექით, რადგან "ბარსა" ზღაპრული გუნდია. მაქსიმალური კონცენტრაციით რომ ვითამაშეთ, ამიტომაც მოვიგეთ "ნოუ კამპზეც".
შაბათს "დორტმუნდს" ბუნდესლიგაში ვხვდებით, მაგრამ ამ მატჩს ფინალის გენერალურ რეპეტიციას ნუ დავარქმევთ. ბოლო 4 წელიწადში მესამედ გავედით ფინალში და ახლა კი ნაღდად უნდა მოვიგოთ თასი!"
ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი):
"ჩემპიონთა ლიგის ფინალში გერმანული კლუბის წინააღმდეგ თამაში ძალიან უცნაური განცდა იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანული ფეხბურთისთვის ეს ძალიან კარგია.
იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში კიდევ ერთი გერმანული კლუბი გამოჩნდება, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში ასევე ძალიან შორს გავა. ფინალს უკვე მოუთმენლად ველი."
არიენ რობენი (ბაიერნი):
"მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ორი მატჩის ჯამში 7:0-ით რომ დაამარცხებ, ამაზე მეტი რაღა უნდა გინდოდეს?! ფაქტია, რომ ახლა უკვე ახალი საუკეთესო გუნდი არსებობს და ეს მიუნხენის "ბაიერნია". ამ სეზონში ჩვენ მართლა საოცრად ვთამაშობთ. ლონდონისკენ მიგვიხარია და თასის აღება გვინდა."
ხავი მარტინესი (ბაიერნი):
"ბილბაოში" თამაშისას "ბარსას" წინააღმდეგ 14-15-ჯერ მაინც მიასპარეზია და კატალონიურ გრანდთან ერთხელაც არ მქონდა მოგებული.
როგორც აღმოჩნდა, გერმანიაში სწორედ ამიტომ ჩამოვედი. უბედნიერესი ვარ! "ბარსელონას" ორივე შეხვედრაში ვაჯობეთ."
მათიას ზამერი ("ბაიერნის" სპორტული დირექტორი):
"2010 და 2012 წლების შემდეგ, ბოლო 4 წელიწადში "ბაიერნი" მესამედ გავიდა ფინალში, რაც ძალიან მაგარი მიღწევაა. ახლა თასიც უნდა მოვიგოთ!"
შემადგენლობები
ლეო მესი სკამზე რომ დავინახეთ, ყველას გაგვიკვირდა და ვილანოვამ არგენტინელი აღარც შემოიყვანა - აზრი არ ჰქონდა, რისკზე არწასვლა სჯობდა. მის გარეშე კი "ბარსა" რაღაცნაირად სხვანაირი გუნდი მოჩანდა.
ვილანოვას ბუსკეტსი (ტრავმის გამო) და ალბაც (დისკვალიფიკაცია) დააკლდნენ - პირველი ნახევარდაცვის ცენტრში სონგმა შეცვალა, მეორე - დაცვის მარცხენა ფლანგზე ადრიანომ. პიკეს გვერდით კი ადგილი ისევ ახალგაზრდა ბარტრამ დაიკავა.
ბავარიელებს დაცვის ბურჯი დანტე გაუცივდათ, მაგრამ ბრაზილიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე მაინც იჯდა, ძირითადში თამაში კი ვერ შეძლო - დანტე დანიელ ვან ბუიტენმა შეცვალა.
პირველი მატჩისგან განსხვავებით, ძირითადში დაბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი მარიო მანჯუკიჩი, მისმა სეხნია გომესმა კი სკამზე გადაინაცვლა.
გმირი
ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი)
რეკორდმაისტერის ლიდერი თამაშს უნაკლოდ აკონტროლებდა. შვაინშტაიგერმა "კამპ ნოუზე" მხოლოდ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და "ბაიერნის" სული და გული გახლდათ.
რაც უფრო ხშირად იქნება შვაინი ასეთი სანდო მეომარი, "ბაიერნის" ქომაგებს შტეფან ეფენბერგი მით უფრო იშვიათად გაახსენდებათ...
ანტიგმირი
ანდრეს ინიესტა (ბარსელონა)
ინიესტა უცნაურად ინერტული იყო, უჩვეულოდ დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა, საკმაოდ ბევრი ტექნიკური წუნი დაეტყო და "ბარსელონას" იერიშებს საერთოდ ვერაფერი შემატა. შესაბამისად, სავსებით ლოგიკური იყო ის, რომ ანდრესი 65-ე წუთზე შეცვალეს.
მსაჯი
დამირ სკომინას უკვე მეხუთე წუთზე ისეთი სიტუაციის განსჯა მოუხდა, რომ ვიფიქრეთ, ურთულესი მატჩი ელოდა, მაგრამ "ბარსელონა"-"ბაიერნი" საერთო ჯამში ძალიან მარტივად განსასჯელი შეხვედრა გამოდგა.
რაც შეეხება იმ მეხუთე წუთზე მომხდარს: დანი ალვეშმა ვიქტორ ვალდესს აშკარად განზრახ უპასა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი ხელში აიღო და სკომინას "ბარსას" კარში თავისუფალი დარტყმა უნდა დაენიშნა, მაგრამ კატალონიელები დაინდო.
სხვა მხრივ, მის მსაჯობას ვერაფერს დავუწუნებთ.
მწვრთნელები
ვილანოვაც მიხვდა, რომ ეს დუელი მიუნხენშივე წააგო და დიდად არ უნერვიულია. მესის სკამზე დასმა ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან ცუდ ფორმაში მყოფი მესის მოედანზე გაყვანას და ამით მისი სერიოზულად დაშავების გარისკვას ის სჯობდა, რაც ტიტომ გააკეთა.
55-ე წუთზე ჩავის ნაცვლად სანჩესის შეყვანით წინა ხაზი გააძლიერა, მაგრამ რაღა აზრი ჰქონდა - იმ დროს მიუნხენელები უკვე 1:0-ს იგებდნენ, "ბარსას" კი 6 გოლი სჭირდებოდა...
იუპ ჰაინკესი ძალიან გამოცდილი და შესაბამისად, ფრთხილი მწვრთნელია: გრიპიანი დანტეს ძირითადში გამწესება არ გარისკა, მაგრამ იმ შემთხვევისთვის, თუ აყლაყუდა ვან ბუიტენი აიჭრებოდა, ბრაზილიელი სკამზე დასვა.
რობენის გოლის შემდეგ კი "დონ იუპმა" ჯერ ერთი დისკვალიფიკაციის რისკის ქვეშ მყოფი მოთამაშე გაიყვანა, მერე მეორე, მერე - მესამე (შვაინშტაიგერი, მარტინესი, ლამი).
რაც თვალში მოგვხვდა
- ვინც მატჩის დასაწყისში "ბარსას" დომინირებას ელოდა, შეცდა - პირველ წუთებში უპირატესობას (ბურთის ფლობის მხრივაც კი) მიუნხენელები ფლობდნენ. აშკარად ჩანდა, რომ რეკორდმაისტერი ყველაფრისთვის მზად იყო; კატალონიელებმა კი არ იცოდნენ, როგორ უნდა სასწაულის მოხდენა.
- კატალონიელთა იმედგასაცრუებელი ფეხბურთი 20 წუთს გაგრძელდა - ამ ხნის განმავლობაში ბარსელონელებს უჩვეულოდ ბევრი ტექნიკური წუნი ჰქონდათ და არც მაინცდამაინც მონდომებულები ჩანდნენ.
- მოედნის ცენტრში "ბაიერნს" ყოველთვის უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავდა და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ცენტრს მიუნხენელები აკონტროლებდნენ. შესაბამისად, "ბარსელონამ" ფლანგებიდან შეტევები დაიწყო და გოლის გატანა ჩაწოდებებითაც სცადა, მაგრამ დავიდ ვილიას ბოატენგისა და მით უმეტეს, ვან ბუიტენის წინააღმდეგ საჰაერო ორთაბრძოლების მოგების შანსი არ ჰქონდა.
- პირველი ტაიმის შუაში მიუნხენელებმაც გააკეთეს რამდენიმე არაზუსტი პასი და რამდენჯერმე ვერ გამოიყენეს კონტრიერიშის შანსი.
- "ბარსას" ყველაზე ოპტიმისტი ქომაგების იმედები საბოლოოდ რობენის გოლმა დაასამარა. ჰოლანდიელის გოლის შემდეგ "ბარსელონას" მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პრესტიჟზე ზრუნვა იყო, მაგრამ "ბაიერნი" დაუნდობელი გუნდია - რეკორდმაისტერმა კატალონიურ გრანდს მაინც არაფერი გააბედვინა და თან კიდევ ორი გოლი გაუტანა.
დასკვნა
"ბაიერნმა" "ნოუ კამპზე" ისე იმოქმედა, როგორც ნამდვილ გერმანულ მანქანას, ან სულაც ტანკს შეეფერება.
მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ არა მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგას, ფაქტია, რომ ეს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო "ბაიერნია".
ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა-ბაიერნი 0:3 (0:4)
გოლები: 0:1 რობენი (48), 0:2 პიკე (72-საკ. კარში), 0:3 თ. მიულერი (76)
ბარსელონა (4-1-2-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, ბარტრა (87. მონტოია), პიკე, ადრიანო - სონგი - ჩავი (55. სანჩესი), ინიესტა (65. ტიაგო ალკანტარა) - ვილია, ფაბრეგასი, პედრო.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი (77. რაფინია), ბოატენგი, ვან ბუიტენი, ალაბა - ხავი მარტინესი (74. ტიმოშჩუკი), შვაინშტაიგერი (67. ლუის გუსტავო) - რობენი, თ. მიულერი, რიბერი - მანჯუკიჩი.
გაფრთხილება: დანი ალვეში, პიკე - რობენი
მაყურებელი: 95 877
იხილეთ ვიდეო
იხილეთ ფოტოგალერეა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბარსელონა-ბაიერნი 0:3 (0:4): ცოდვის ტრიალი "კამპ ნოუზე" [VIDEO]
ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]