1997 წელს ჩემპიონთა ლიგა დორტმუნდის "ბორუსიამ" მოიგო, გერმანიის ჩემპიონი მიუნხენის "ბაიერნი" გახდა, ხოლო გერმანიის თასს "შტუტგარტი" დაეუფლა. ახლა "ბაიერნი" უკვე გერმანიის ჩემპიონია და ლიგის ფინალშიცაა, სადაც "დორტმუნდს" შეხვდება; გერმანიის თასის ფინალში კი რეკორდმაისტერის მეტოქე სწორედ "შტუტგარტია". მოდით, გავიხსენოთ, როგორ მოიგეს ამ კლუბებმა 16 წლის წინათ ხსენებული ტიტულები.
როგორ მოიგო დორტმუნდმა ლიგა
1997 წლის 28 მაისს დორტმუნდის "ბორუსია" გახდა პირველი გერმანული
"ბორუსიამ" ფინალი მიუნხენის "ოლიმპიაშტადიონზე" მოიგო - აშკარა ფავორიტად მიჩნეული ტურინის "იუვენტუსი" 3:1 დაამარცხა. ეს BVB-ის ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდი მიღწევაა. "დორტმუნდს" მაშინ ოტმარ ჰიტცფელდი წვრთნიდა. "იუვესთან" "ბორუსია" კარლ-ჰაინც რიდლემ ორი გოლით დააწინაურა. 64-ე წუთზე ახალგაზრდა ალესანდრო დელ პიერომ ზღაპრული, დაუვიწყარი გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ზუსტად ექვს წუთში სტეფან შაპუიზას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა 20 წლის ლარს რიკენმა საჯარიმოს გარედან ტურინელთა კიპერ ანჯელო პერუცის ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიში, 3:1 დააფიქსირა.
როგორ მოიგო ბაიერნმა ბუნდესლიგა
ეს რეკორდმაისტერის მე-13 ჩემპიონობა გახლდათ - იმ "ბაიერნს" იტალიელი ჯოვანი ტრაპატონი წვრთნიდა. ტრაპი მიუნხენურ გრანდში 1996/97 წლების სეზონის დასაწყისში დაბრუნდა და გერმანიის ჩემპიონობა 2-ქულიანი უპირატესობით იზეიმა. მიუნხენელებმა 71 ქულა დააგროვეს, მეორე ადგილი კი "ლევერკუზენმა" (69) დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ ტრაპატონი "ბაიერნს" 1994 და 1995 წლებშიც წვრთნიდა. ჩემპიონი მაშინაც "დორტმუნდი" გახდა (სხვათა შორის, ზედიზედ ორჯერ, როგორც შარშან და შარშანწინ), რის გამოც ტრაპატონი ერთი წლით ისევ სამშობლოში გადაიხვეწა.
როგორ მოიგო შტუტგარტმა გერმანიის თასი
გერმანიის ნაკრების დამრიგებელ იოახიმ ლიოვს თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი სერიოზული წარმატება "შტუტგარტში" აქვს მიღწეული და ეს სწორედ გერმანიის თასის მოგება გახლდათ - 1997 წელს.
აღსანიშნავია, რომ შვაბებს მაშინ ფინალში ძალიან სუსტი მეტოქე ჰყავდათ: რეგიონალლიგელი "კოტბუსი". "შტუტგარტმა" 2:0 მოიგო და ორივე გოლი ბრაზილიელმა გოლეადორმა ჯოვანი ელბერმა გაიტანა.
ფაქტია, რომ ისტორიულად შესანიშნავ ფორმაში მყოფი მიუნხენელები დღეს ჰეთ თრიკის შესრულებაზე ოცნებობენ, მაგრამ "შტუტგარტი" და განსაკუთრებით, "დორტმუნდი" თავისას ეცდებიან და შესაძლოა, ისტორია მართლაც განმეორდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"