ჩვენ და რუმინელები - ტიტულებმა არ შეგვაშინოს...

AutoSharing Option
1994 წელი 9 აგვისტო. დინამო-უნივერსიტატია 2:0

კარგა ხანია თბილისში ასეთი ტიტულიანი გუნდი აღარ ჩამოსულა, - ბუქარესტის "სტიაუა" სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება! იმის გარდა, რომ "სტიაუა" სამართლიანად მიიჩნევა რუმინული ფეხბურთის გრანდად (ქვეყნის ჩემპიონი 24-ჯერ გახდა, თასი კი 21-ჯერ აიღო), თბილისის "დინამოს" მეტოქე საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული ტიტულებითაც მოიწონებს თავს:

პოსტსოციალისტური ქვეყნების გუნდებიდან ერთადერთია, ჩემპიონთა თასის ორი ფინალი რომ უთამაშია! შეგახსენებთ, რომ პირველივე ცდა წარმატებული აღმოჩნდა: ემერიხ ენეის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სტიაუამ" 1986 წელს "ბარსელონას" მოუგო და ჩემპიონთა თასი მოიპოვა (მალე ევროპის სუპერთასიც "მოაყოლა");

აი, 1989 წელს კი არანაკლებ ჩინებული სპეციალისტის, ანგელ იორდანესკუს გაწვრთნილი "სტიაუა" ფინალში უშანსოდ დამარცხდა არიგო საკის "მილანთან" (0:4).

მართალია, დღესდღეობით "სტიაუაში" აღარ თამაშობენ გეორგე ხაჯის, დან პეტრესკუსა თუ ჯიკა პოპესკუს დონის ფეხბურთელები, მაგრამ ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ თბილისის "დინამოს" მეტად და მეტად სერიოზული და გამოცდილი მეტოქე შეხვდა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

თუმცა, იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოსა და რუმინეთის ყველაზე ტიტულიანი გუნდების ორრაუნდიან პაექრობაში ჩვენები გაიმარჯვებენ და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშიც თბილისის "დინამო" გავა; იმის მერე კი... ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპია, დღემდე მიუწვდომელ ოცნებად რომ რჩება ქართული გუნდებისათვის...

რუმინეთის ნაკრებსაც ვამარცხებდით...
ევროტურნირებზე ქართულ-რუმინული კლუბების დაპირისპირება ორჯერ შედგა და ორჯერვე გამარჯვებული ჩვენი გუნდი (კონკრეტულად - თბილისის "დინამო") გამოვიდა; თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ქართულ-რუმინული გუნდების სხვა დაპირისპირებები გვინდა გავიხსენოთ.

პირველი "გაცნობა" შორეულ 1945 წელს მოხდა, როცა თბილისის "დინამო" რუმინეთში საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად გაემგზავრა.

"დინამომ" ორი შეხვედრა მოიგო (10:5, 5:0), ერთიც ფრედ დაამთავრა (0:0) რუმინულ გუნდებთან, თუმცა ეს ტურნე სხვა მხრივაც იყო აღსანიშნავი: სწორედ მაშინ და სწორედ რუმინეთში უწოდეს პირველად ჩვენს ლეგენდარულ ფეხბურთელს ბორის პაიჭაძეს "ფეხბურთის კარუზო"!

ამის მერე რუმინული გუნდებიც ხშირად ჩამოდიოდნენ საქართველოში ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად და თბილისის "დინამოც" არაერთხელ სტუმრობდა რუმინეთში.

ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი კი 1980 წელს იყო, როცა თბილისის "დინამო" რუმინეთში "ოთხთა ტურნირზე" მიიწვიეს.

იმ პერიოდში "დინამოში" ახალი მომხდარი იყო სერიოზული საკადრო ცვლილება (გუნდიდან წასვლა მოუხდა კაპიტანსა და ერთ-ერთ ლიდერს მანუჩარ მაჩაიძეს), ამას გარდა, რუმინეთში ვერ წავიდნენ დავით ყიფიანი, ალექსანდრე ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე და რევაზ ჩელებაძე. და მაინც, თბილისის "დინამომ" ჩინებულად იასპარეზა: ჯერ, იმ დროისათვის ერთ-ერთ უძლიერეს რუმინულ კლუბს, პიტეშტის "არჯეშს" მოუგო გია თავაძის ერთადერთი გოლის წყალობით (მატჩს 50 000 მაყურებელი ესწრებოდა!), შემდეგ კი რუმინეთის ნაკრები (!) დაამარცხა 2:0 (გოლები: ვიტალი დარასელია, ვაჟა ჟვანია)!

ამის მერე "დინამო" მეორე ტურნირში, "სანაპიროს თასზე" ჩაერთო: ნახევარფინალში "კონსტანცას" მოუგო 2:1 (გოლები: ვიტალი დარასელია, ვაჟა ჟვანია), ფინალში "სპორტულთან" ძირითადი დრო ფრედ, 1:1 (გოლი: რამაზ შენგელია) დამთავრდა, თუმცა პენალტების სერიაში ჩვენებმა იყოჩაღეს (7:6) და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.

აი, რაც შეეხება ოფიციალურ ტურნირებს, 1987 წლის შემოდგომაზე თბილისის "დინამო" უეფას თასის 1/16-ფინალში რუმინულ "ვიქტორიას" დაუპირისპირდა და ეს ეტაპი უპრობლემოდ გადალახა; "დინამოს" მაშინ რუსი სპეციალისტი, გერმან ზონინი წვრთნიდა და 1/32-ფინალში სოფიის "ლოკომოტივის" დამარცხების შემდეგ (თბილისში, გია გურულმა იშვიათი სილამაზის გოლი რომ გაიტანა შორეული დარტყმით) რუმინულ "ვიქტორიასთან" პაექრობაში ფავორიტად ჩვენები მიიჩნეოდნენ.

ასეც მოხდა: სოსო ჭედიასა და რამაზ შენგელიას გოლებით "დინამომ" ბუქარესტში 2:1 მოიგო, თბილისში კი 0:0 ითამაშა და 1/8- ფინალშიც გავიდა, სადაც მეტოქედ ბრემენის "ვერდერი" გვერგო.

სამწუხაროდ, ამის მერე 6 წელიწადი ველოდით ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოჩენას...

შთამბეჭდავი დაბრუნება
დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება უეფამ ჩვენს გუნდებს მხოლოდ 1993 წელს მისცა.

სამწუხაროდ, თბილისის "დინამოს" დაბრუნება ევროტურნირებზე სკანდალური აღმოჩნდა:

ჩრდილოირლანდიური "ლინფილდი" ორი მატჩის ჯამში კი დავამარცხეთ (2:1, 1:1), თუმცა ჩვენი გუნდი თბილისური შეხვედრის წინ თურქი არბიტრებისათვის ქრთამის მიცემის გამო უმკაცრესად დასაჯეს და ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც "გამოგვიწერეს".

"დინამოს" პრეზიდენტი იმ დროს მერაბ ჟორდანია გახლდათ, რომლის უდიდესმა მცდელობამაც ყველა ჩვენგანისათვის სასურველი შედეგი გამოიღო: "დინამოს" დისკვალიფიკაციის ვადა ერთ წლამდე შეუმცირეს და 1994 წელს ევროტურნირებზე დაუშვეს.

ოღონდ, ჩემპიონთა თასის ნაცვლად, უეფას თასზე "გაგვამწესეს" და შესარჩევ წრეში (დღესდღეობით პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი რომ ჰქვია) მეტოქედ რუმინული გუნდი, კრაიოვას "უნივერსიტატია" შეგვხვდა.

სწორედ ამის გამოც, 1994 წლის ზაფხულში "დინამოს" ის ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, სხვადასხვა უცხოურ კლუბებში რომ გამოდიოდნენ: რევაზ, შოთა და არჩილ არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, მურთაზ შელია.

"უნივერსიტატია" იმ დროისათვის რუმინეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად მიიჩნეოდა და დედაქალაქის სამივე გრანდს ("სტიაუა", "დინამო", "რაპიდი") ღირსეულ წინააღმდეგობასაც უწევდა.

ამ გუნდს ორი გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავდა: ნახევარმცველი ოვიდიუ სტინგა და ცენტრფორვარდი გეორგე კრაიოვანუ (თუმცა, ამ უკანასკნელს დისკვალიფიკაციის გამო თბილისში არ უთამაშია); ისე, კრაიოვანუს რომც მიეღო მონაწილეობა პირველ დაპირისპირებაში, მაინც არაფერი შეიცვლებოდა: გივი ნოდიას დამოძღვრილმა "დინამომ" მეტოქე მართლაც "წალეკა" და ფლორიან არკანუს კართან, სულ მცირე, 20-მდე სახიფათოზე სახიფათო მომენტი შექმნა!

პირველი ტაიმი ხომ მართლაც გასაოცარი სანახაობა იყო: 50 000 ქართველი ქომაგის თვალწინ "დინამომ" თავის მეტოქეს საკუთარი თამაში "მოახვია" და 45 წუთის განმავლობაში "არანორმალურად" მაღალი ტემპიც შესთავაზა!

აქვე, ერთი საინტერესო დეტალიც: "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გივი ნოდიამ "უნივერსიტატიასთან" ზუსტად იგივე შემადგენლობა დააყენა, როგორიც ერთი წლით ადრე, "ლინფილდთან" საშინაო მატჩში იყო!

კარს ირაკლი ზოიძე იცავდა; სამკაციანი დაცვის ცენტრში გიორგი ნემსაძე მოქმედებდა, მისგან მარჯვნივ - ნუგზარ ლობჟანიძე, მარცხნივ კი - მურთაზ შელია, "საყრდენი" გელა ინალიშვილი გახლდათ, რომლის წინაც ორი ვირტუოზი, გიორგი ქინქლაძე და გოჩა ჯამარაული (ამ "დუეტმა" რუმინელებთან ორივე მატჩში აქეთ-იქით პასები "დაარიგა", მხოლოდ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს რომ ხელეწიფებათ), მარჯვენა ფლანგს რევაზ არველაძე აკონტროლებდა (გამორჩეული სეზონი რომ ჰქონოდა თავის კარიერაში), მარცხენა ფლანგს - გუნდის კაპიტანი და ამპლუაშეცვლილი მიხეილ ყაველაშვილი; აი, შეტევის წინა ხაზის გამოცნობა კი ადვილი საქმე იყო - შოთა და არჩილ არველაძეებმა მართლაც "დაატერორეს" მეტოქის დაცვა!..

...მატჩის პირველსავე წუთზე ქინქლაძე-ყაველაშვილის ეფექტურ კომბინაციას რევაზ არველაძის სახიფათო თავური დარტყმა მოჰყვა და ასე დაიწყო კიდეც დინამოელთა შტურმი!

არჩილ არველაძეს, მიხეილ ყაველაშვილს, გიორგი ქინქლაძეს და ისევ რევაზ არველაძეს არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ ბურთი "ჯიუტად" არ შედიოდა "უნივერსიტატიას" კარში.

აღარაფერს ვამბობთ შოთა არველაძეზე - "დინამოს" საუკეთესო ბომბარდირს, სულ მცირე, ოთხი ჩინებული მომენტი ჰქონდა პირველ ტაიმში, მაგრამ ფატალურად არ უმართლებდა.

იმ მატჩში შოთამ "თავის" გოლი მაინც გაიტანა: მეორე ტაიმში, როცა ჯამარაულის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა.

პირველი გოლი კი გიორგი ქინქლაძემ ჯერ კიდევ შესვენებამდე გაიტანა, როცა მეტოქის საჯარიმოსთან არმისულმა, თავის საფირმო "ცაციათი" მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ბურთი ზუსტად გაგზავნა.

სხვათა შორის, მეორე ტაიმში სტუმრები საგრძნობლად გააქტიურდნენ, მაგრამ ჩვენმა უკანახაზელებმა უშეცდომოდ ითამაშეს.

განსაკუთრებით კი მურთაზ შელიას დამაჯერებელი ასპარეზობაა აღსანიშნავი - იმ მატჩში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო რომ გახლდათ!..

ევროპული კლასის გუნდი
საპასუხო მატჩი 2 კვირის მერე კრაიოვაში უნდა ჩატარებულიყო და "დინამოსთან" ერთად ჩარტერული რეისით 50-მდე ქართველი გულშემატკივარი და 5 სპორტული ჟურნალისტი გაემგზავრა.

კრაიოვაში ისეთი სიცხე დაგვხვდა, თბილისური აგვისტოს ხვატი "ახლოსაც ვერ მოვიდოდა", თანაც, საპასუხო მატჩი ადგილობრივი დროით 17 საათზე იყო დანიშნული!

თუმცა ქართულ დელეგაციას არც ჰაერის მაღალი ტემპერატურა აშინებდა და არც ის ფაქტი, რომ "უნივერსიტატიას" საუკეთესო ფეხბურთელი გეორგე კრაიოვანუ უბრუნდებოდა: მატჩის წინ ვისაც კი პროგნოზის გაკეთება ვთხოვეთ, ქართველ ქომაგთა აბსოლუტური უმრავლესობა "დინამოს" მოგებას ვარაუდობდა! სხვათა შორის, ქართული დელეგაციის ორმა წევრმა მატჩის ანგარიშიც (2:1) გამოიცნო: ჩვენმა კოლეგამ მამუკა კვარაცხელიამ ("სარბიელი") და ვერის ბაღის გულშემატკივართა ამქარის ცნობილმა წევრმა გიგლა ჯაყელმა.

ეგ კი არა, გიგლა ჯაყელმა (ისე, როგორც წარსულში ცნობილმა ქართველმა თავდამსხმელმა რევაზ ჩელებაძემ) ისიც "გაარტყა", რომ ჩვენებიდან ერთ გოლს აუცილებლად მიხეილ ყაველაშვილი გაიტანდა!

ასეც მოხდა: შეხვედრის დებიუტშივე გიორგი ქინქლაძის ჩინებული პასით ყაველაშვილი მარცხნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მეკარე არკანუც ოსტატურად ჩამოიცილა და მახვილი კუთხიდან, "ცაციათი" მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა!

ამ სწრაფმა გოლმა, ფაქტობრივად, ყველაფერი გაარკვია: მასპინძლებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ხომ 4 უპასუხო გოლი სჭირდებოდათ და ერთადერთი, რაც მოახერხეს, შეცვლაზე შემოსული ადრიან პიგულიას ეფექტური გოლი იყო.

ამასთან, მასპინძლები არც ბინძურ თამაშს დაგიდევდნენ და სამივე არველაძისა თუ ქინქლაძის წინააღმდეგ სასტიკად უხეშობდნენ.

თუმცა "უნივერსიტატიას" ვერც ამან უშველა: მატჩის მიწურულს, რევაზ არველაძის აქტიურ თამაშს "დინამოს" სწრაფი კონტრშეტევაც მოჰყვა და მურთაზ შელიას (კვლავაც საუკეთესო რომ გახლდათ ორივე გუნდში) შორეული და მართლაც შთამბეჭდავი რეიდი იმით დასრულდა, რომ გიორგი ქინქლაძემ უპრობლემოდ გადაგზავნა ბურთი სტუმართა კარში. თბილისში - 2:0, კრაიოვაში - 2:1, - "დინამოს" უპირატესობა მეტოქესთნ შედარებით ამ ანგარიშებში ნამდვილად არ აისახებოდა, თუმცა, მთავარი იყო, რომ ეს ეტაპი წარმატებით დავძლიეთ.

თანაც, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გივი ნოდიამ რუმინელებთან ორივე მატჩში თავის გამოჩენის საშუალება 17 წლის ლევან ცქიტიშვილსა და 16 წლის ალექსანდრე იაშვილს მისცა.

...მატჩის დამთავრების შემდეგ "უნივერსიტატიას" მთავარმა მწვრთნელმა, წარსულში რუმინეთის ნაკრების ფეხბურთელმა აურელ ციკლიანუმ თბილისის "დინამოს" ევროპული კლასის გუნდი უწოდა.

ისიც დასძინა, რომ არ გამიკვირდება, თბილისის "დინამომ" უეფას თასზე კიდევ რამდენიმე ეტაპი გაიაროსო.

სამწუხაროდ, არც ციკლიანუს ვარაუდი ახდა და არც ქართველი გულშემატკივრების იმედები: მომდევნო წრეში ავსტრიულ "ტიროლს" ვერაფერი მოვუხერხეთ...

უეფას თასი
შესარჩევი წრე
09.08. 1994. თბილისი. "ეროვნული".
დინამო (თბილისი)- უნივერსიტატია (კრაიოვა) 2:0
50000 მაყურებელი
1:0 ქინქლაძე (27), 2:0 შ არველაძე (59, პენალტით)
დინამო: ზოიძე - ნ. ლობჟანიძე, ნემსაძე, შელია - რ. არველაძე, ინალიშვილი, ქინქლაძე, ჯამარაული, ყაველაშვილი (64. ზ. რევიშვილი) - ა. არველაძე (79. ცქიტიშვილი), შ. არველაძე
არბიტრი: მ. ეშბი (ინგლისი)

23. 08. 1994. კრაიოვა. "ცენტრალური"
უნივერსიტატია - დინამო 1:2
0:1 ყაველაშვილი (2), 1:1 პიგულია (58), 1:2 ქინქლაძე (83)
დინამო: ზოიძე (65. ჩხეიძე) - ნ. ლობჟანიძე, ნემსაძე, შელია - რ. არველაძე, ინალიშვილი, ქინქლაძე (88. იაშვილი), ჯამარაული, ყაველაშვილი - ა. არველაძე, შ. არველაძე
არბიტრი: ხ. არანდა-ენსინორი (ესპანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო VS სტიაუა - გვინდა ლიგა? გადავახტეთ "სტიაუას"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი მადლობთ, ასეთი კარგი სტატია უფრო ადრე, რომ დაბეჭდილიყო და ფეხბურთელებიც გაცნობოდნენ ურო კარგიც იქნებოდა და სასარგებლოც.
gizog
19:00 30-07-2013
0
ბრავო და მადლობა ასეთი კარგი სტატიისთვის!
del piero 10
14:43 30-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული