ჩემპიონთა ლიგა. V ტური. G ჯგუფი: "დრაკონები" გადაშენების პირას [VIDEO]

AutoSharing Option
G ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 5 4 1 0 13-3 13
2. ზენიტი 5 1 3 1 4-5 6
3. პორტუ 5 1 2 2 4-5 5
4. აუსტრია 5 0 2 3 1-9 2

11 დეკემბერი:
ატლეტიკო-პორტუ, აუსტრია-ზენიტი

"პეტროვსკიზე" ძალიან მოსაწყენი პირველი ტაიმი ვიხილეთ. დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" მეორე ნომრად თამაშობდა და თითქმის არ უტევდა, ხოლო "ზენიტს" სურვილი ჰქონდა, მაგრამ ნაკლებად გამოსდიოდა. ამ ყველაფერს ხელს უწყობდა ისიც, რომ მინდვრის საფარი არასახარბიელო მდგომარეობაში იყო.

არგენტინელმა სპეციალისტმა ბევრი ფეხბურთელის დასვენება გადაწყვიტა და გვარიანად გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა რუსეთში. სამაგიეროდ, მას ახლდა ურუგვაელი კრისტიან როდრიგესი, მიუხედავად იმისა, რომ მას პატარა ლოლა შეეძინა და მამა გახდა.

სწორედ
როდრიგესს ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ იური ლოდიგინმა იყოჩაღა, კარი და მასპინძლები გადაარჩინა. "ზენიტის" მხრიდან ერთხელ ძლიერად და სახიფათოდ დაარტყა ჰალკმა, ტიბო კურტუამ ბურთი უკუაგდო.

მეორე ნახევრის დებიუტში სანკტპეტერბურგელებმა ერთი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს და ამისთვის დაისაჯნენ, "ატლეტიკოს" კონტრშეტევა გოლით დასრულდა. რაულ გარსიამ მოხდენილი პასი გაუჭრა ადრიანს, რომელმაც კარგად იარა და ლოდიგინს ფეხებშუა გაუტარა ბურთი.

წუთში იმავე რაულ გარსიამ, რომელიც საბოლოოდ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ლამაზი დარტყმით თავზე გადაავლო ბურთი მეკარეს, მაგრამ "ზენიტი" ხარიხამ იხსნა.

რუსული კლუბი ისევ ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ შეტევები უნიათო გამოსდიოდა. თუმცა 74-ე წუთზე მასპინძლებს გაუმართლათ - იგორ სმოლნიკოვის ჩაწოდების შემდეგ ტობი ალდერვეირელდს უცნაური თავური და საკუთარ კარში დარტყმა გამოუვიდა, მისი თანამემამულე ტიბო კურტუა კი დაიბნა და ბურთს ხელი ააცილა.

აი, ამ სასაცილო გოლით დასრულდა ორი ბელგიელის "ტობი-ტიბო". დარჩენილ დროში "ზენიტმა" ვერანაირი შტურმი ვერ მოაწყო. სპალეტის გუნდმა სამივე საშინაო მატჩი ფრედ დაასრულა.

ზენიტი-ატლეტიკო 1:1
გოლები: 0:1 ადრიანი (53), 1:1 ალდერვეირელდი (74-ს.კ.)
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - სმოლნიკოვი, ჰუბოჩანი, ლომბერტსი, კრიშიტო - ვიტსელი, ფაიზულინი (64. ბისტროვი) - შატოვი, შიროკოვი (64. შიროკოვი), ჰალკი - კერჟაკოვი.
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, ალდერვეირელდი, მირანდა, ინსუა - როდრიგესი (80. ოლივერ ტორესი), გილავოგი, გაბი, კოკე - რაულ გარსია, ადრიანი.
გაფრთხილება: ხუანფრანი, რაულ გარსია
კუთხური: 6-2 ჯარიმა: 11-13 თამაშგარე: 4-4 კარში დარტყმა: 13-4 (4-2) ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 17885

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"ზენიტმა" ცხოვრება გაირთულა, "პორტუს" ამოცანა კი იგივე რჩებოდა - ორივე მატჩის მოგება. თუმცა "დრაკონები" ბოლო დროს მძიმედ რომ გამოიყურებიან, ეს ფაქტია და კიდევ ერთხელ დამტკიცდა. პაულო ფონსეკას რამე აქვს შესაცვლელი. "აუსტრია" რომან კინასტის შორეული დარტყმით დაწინაურდა, ელტონს ჩამოეძინა. ეს ვენელების პირველი გოლი იყო ჯგუფში.

მალევე სტუმრებმა კიდევ შეაწუხეს "დრაგაუს" ბინადრები. აი, ამის მერე კი პორტუგალიელებმა მეტოქის დაბომბვა დაიწყეს, მაგრამ ვენელთა ბრწყინვალე მეკარე ჰაინც ლინდნერი მთელი მატჩი სასწაულებს სჩადიოდა და საბოლოოდ, საუკეთესოდაც აღიარეს.

დამსახურებული გოლი "პორტუმ" მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გაიტანა, როცა "აუსტრიას" საჯარიმოში თავბურთი გაჩაღდა და საბოლოოდ მანგალამ ჯექსონ მარტინესს უპასა, მან კი მანუელ ორტლენხერს დაასწრო და 1:1.

იდეაში, ამის შემდეგ "დრაკონებს" მეტოქე უნდა გადაეყლაპათ, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მოხდა. საქმეს არც ფონსეკას შეცვლებმა უშველეს. ყველაზე კარგი და აშკარა საგოლე მომენტი ისევ მარტინესმა გააცუდა.

მოგების შემთხვევაში, გასვლის კარგი შანსი ექნებოდათ სტუმრებსაც, მაგრამ ისინი საერთოდ ვერ უტევდნენ მეტოქეს. ახლა "ზენიტმა" უმოტივაციო "აუსტრიას" უნდა მოუგოს და გასულია.

რომც ვერ მოუგოს, ასეთი "პორტუ", რომელმაც ჯგუფურის ორი საშინაო თამაში წააგო, ერთში კი ფრედ დაამთავრა, მადრიდში თუნდაც მოდუნებულ "ატლეტიკოსთან" მომგები ნაკლებად ჩანს. ბოლო 5 შეხვედრაში "პორტუმ" მეოთხე 1:1 ითამაშა.

პორტუ-აუსტრია 1:1
გოლები: 0:1 კინასტი (11), 1:1 მარტინესი (48)
პორტუ (4-2-3-1): ელტონი - დანილო, მანგალა, მაიკონი, ალექს სანდრო - დეფური (46. ვარელა), ფერნანდო - ჟოსუე (72. კინტერო), ლუჩო გონსალესი, ლიკა (65. რიკარდო პერეირა) - ჯეკსონ მარტინესი.
აუსტრია (4-1-4-1): ლინდნერი - კოხი, როგული, ორტლეხნერი, ზუტნერი (82. ოკოტიე) - დილავერი (70. მადერი) - როიერი, ჰოლანდი, მურგი (64. ლეოვაკი), კინასტი - ჰოსინერი.
არბიტრი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)
გაფრთხილება: სუტნერი, როგული, ლეოვაკი
კუთხური: 14-3 ჯარიმა: 15-14 თამაშგარე: 1-0 კარში დარტყმა: 22-3 (13-2) ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 24809

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძვირფასო ავტორო, რა საჭიროა ასეთი გამოთქმების გამოყენება როგორიცაა: "იდეაში, ამის შემდეგ "დრაკონებს" მეტოქე უნდა გადაეყლაპათ,"?! ეს "იდეაში" ხომ 100% რუსული ენიდან გადმოთარგმნილი გამონათქვამია და შეიძლება "ხანდახან" ეზოში ვიხმაროთ მაგრამ ჩემის აზრით არა სტატიაში, თუნდაც სპორტულში. პატივისცემით...,
goga_wasi@hotmail.com
12:27 27-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული