ჩემპიონთა ლიგა. V ტურის სტატისტიკა და სიმბოლური ნაკრები: ენდშპილის წინ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 5 ტური ჩავლილია, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კლუბებს თითო თამაში დარჩათ გასამართი.

მერვედფინალების 16 საგზურიდან ზუსტად ნახევარი გათამაშებულია. ამიტომაც, ბოლო ტურში საინტერესო ბატალიები გველის, რადგან ერთბაშად 8 ადგილია გასათამაშებელი. რომ შევადაროთ ევროპალიგას, სადაც 24 საგზურიდან უკვე 18 დარიგებულია, კარგად დავინახავთ, რომ ჩემპიონთა ლიგა ინტრიგას ბოლომდე ინარჩუნებს.

სალაჰი ექსპერტთა რჩეული, იბრა - ფანების
უეფას საიტის ექსპერტთა ჯგუფმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის სიმბოლური ნაკრები შემოგვთავაზა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი მცველი მოხვდა, რომელთაც არა მარტო საიმედო თამაშით, არამედ გოლებითაც გამოიჩინეს
თავი. ბუნებრივია, სიმბოლურშია "იუვენტუსის" ბოლო შეხვედრის გმირი არტურო ვიდალი, ვინც ჰეთთრიკი შეასრულა.

V ტურის სიმბოლური ნაკრები თქვენს წინაშეა, ფრჩხილებში ფეხბურთელებს ექსპერტთა მიერ მინიჭებული საშუალო შეფასება უწერიათ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ იუნაიტედს ჰყავს ორი წარმომადგენელი, დანარჩენი 9 ფეხბურთელი 9 კლუბს წარმოადგენს.

როგორც ხედავთ, ორმა ფეხბურთელმა უეფას ექსპერტთაგან ძალიან მაღალი შეფასება მიიღო: არტურო ვიდალმა და მოჰამედ სალაჰმა (ბაზელი) 9-9 ბალი მიიღეს. 21 წლის ეგვიპტელმა შემტევმა ნახევარმცველმა "ჩელსის" კარში გამარჯვების გოლის გატანით და ბრწყინვალე თამაშით დაიმსახურა აღიარება.

აღსანიშნავია, რომ მაღალი შეფასებები მიიღეს უეინ რუნიმ (მანჩესტერ იუნაიტედი) და სამირ ნასრიმაც (მანჩესტერ სიტი), მაგრამ ისინი სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდნენ.

უეფას საიტი პარალელურად ფანთა ხმებსაც ითვლის. აი, გულშემატკივართა ფავორიტი "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩია (8,5 საშუალო შეფასება), მას სულ მცირედით ჩამორჩა კაკა (მილანი, 8,4).

Sportall.Ge

სტატისტიკა და ფაქტები
* კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე საშუალოდ 2 გოლი გააქვს თამაშში.

* ყველაზე შედეგიანი "რეალია", საშუალოდ 3,6 გოლი თამაშში.

* ყველაზე მეტი საგოლე პასი უეინ რუნის აქვს - 6.

* ყველაზე მეტი დარტყმა ააცილა კარლოს ტევესმა - 11.

* ყველაზე მეტი პასი გააკეთა... "პარი სენ-ჟერმენმა" - 3 915.

* ყველაზე დიდი სხვაობა ბურთის ფლობაში იყო "სელტიკი"-"ბარსელონას" (0:1) მატჩში - 42%. რა თქმა უნდა, ესპანელთა სასარგებლოდ.

* სულ გავიდა 235 გოლი, კარში ზუსტად 1 154 დაარტყეს, 819-ჯერ ააცილეს, 805 კუთხური ჩააწოდეს.

* ყველაზე მეტი ჯგუფურ ეტაპზე ირბინა ნემანია მატიჩმა (ბენფიკა) - 66 390 მეტრი.

* ყველაზე მეტი ზუსტი პასი გააკეთა ტიაგო მოტამ (პსჟ) - 522.

ბომბარდირები: 8 - კრიშტიანო რონალდო (რეალი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 6 - ლიონელ მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (სიტი); 5 - ალვარო ნეგრედო (სიტი), არტურო ვიდალი (იუვენტუსი).

ასისტენტები: 6 - უეინ რუნი (იუნაიტედი); 5 - ანხელ დი მარია (რეალი); 4 - ტიაგო მოტა (პსჟ), სამირ ნასრი (სიტი), გრეგორი ვან დერ ვილი (პსჟ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული