რეკორდების წვიმა "პარკენსზე"

AutoSharing Option
სამშაბათს "რეალმა" "კოპენჰაგენს" განსაკუთრებული პრობლემის გარეშე, 2:0 მოუგო და ჯგუფური ეტაპი 16 ქულით დაასრულა. პირველი ადგილის დაკავებით კმაყოფილი იყო კარლო ანჩელოტი:

"საკმაოდ რთული მატჩი გვქონდა და კარგია, რომ ფეხბურთელებმა კონცენტრაცია არ დაკარგეს და ბოლომდე იბრძოლეს. მადრიდის "რეალის" მაისურის ტარება ყველა ფეხბურთელისთვის მოტივაციის წყაროა - ის იმის გარანტიაა, რომ მოთამაშეები თითოეულ შეხვედრაში შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ"
.

იტალიელმა სპეციალისტმა ასევე მომავალ მეტოქეებზე ისაუბრა და ყველაზე მეტად "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრა არ ისურვა:

"ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის ყველაზე ძლიერი "მანჩესტერ სიტია". იმედია, კენჭისყრაში
გაგვიმართლებს, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აღებული გეზიდან არ გადავუხვიოთ და თანდათან უფრო უკეთ ვითამაშოთ,"
- განაცხადა ანჩელოტიმ.

დანიის დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ "სამეფო კლუბს" არა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა, არამედ პირველი ადგილიც განაღდებული ჰქონდა, ანჩელოტიმ სათამაშოდ ძირითად შემადგენლობას უხმო. სასტარტო თერთმეტეულში იყო კრიშტიანო რონალდოც, რომელიც განსაკუთრებით მონდომებული გახლდათ - ერთი გოლი და პორტუგალიელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეკორდს დაამხობდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე 8 გოლზე მეტი აქამდე არავის გაეტანა, 8 ბურთი კი ფილიპო ინძაგის, ერნან კრესპოს და რუუდ ვან ნისტელროის გაუტანიათ. წელს ამ ლეგენდარული ფორვარდების შედეგი რონალდომ და იბრაჰიმოვიჩმა გაიმეორეს, თუმცა შვედს "ბენფიკასთან" არ უთამაშია. ასე რომ, რჩებოდა მხოლოდ რონალდო... და მანაც რეკორდი შეხვედრის 48-ე წუთზე დაამყარა, როდესაც პეპეს თავით გაკეთებულ გადაცემას გამოეხმაურა და ანგარიში 2:0 გახადა.

გარდა იმისა, რომ კრიშტიანომ ჯგუფში მეცხრე გოლი გაიტანა, "რეალისთვის" ეს ბურთი მე-20 იყო, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" (1998/99) და "ბარსელონას" (2011/12) რეკორდის გამეორებას ნიშნავდა. შეხვედრის ბოლო წუთზე "რეალს" 21-ე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ რონალდომ პენალტი ვერ გამოიყენა - მეკარემ აუღო.

"დღეს რამდენიმე ეპიზოდში არ გამიმართლა, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან გუნდმა იმარჯვა, მე კი რეკორდი დავამყარე. რა თქმა უნდა, გოლის გატანაზე ვფიქრობდი და მიხარია, რომ ეს მოვახერხე, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა. ჩვენ გვინდა, რომ ამ სეზონში ყველა ის ტიტული მოვიგოთ, რომლისთვისაც ვიბრძვით,"
- განაცხადა მატჩის შემდეგ რონალდომ.

ჰო, კინაღამ დაგვავიწყდა, რომ ეს "რეალის" მეორე ბურთი "სამეფო კლუბისთვის" ჩემპიონთა თასზე გატანილი მე-800 გოლი იყო. ასე რომ, 28 წლის ფეხბურთელმა საკუთარი გვარი მადრიდული კლუბის ისტორიაში ამ კომპონენტშიც ჩაწერა.

ისტორიული იყო ლუკა მოდრიჩის გოლიც. ხორვატმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა, რაც ნიშნავდა იმას, რომ "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 31-ე შეხვედრაში გაიტანა, რაც ასევე რეკორდია.

იკერ კასილიასმა კი ნათამაშები წუთების მიხედვით რაულს (8 050) გადაასწრო და პირველ ადგილზე გადავიდა. მომდევნო პოზიციებზე არიან: რობერტო კარლოსი (7 464), გარი ნევილი (6 838), და ოლივერ კანი (6 685)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. B ჯგუფი: სეტყვა და თოვლი სტამბულში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული