ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ შეხვედრებამდე განწყობა შევიქმნათ და ფეხბურთისგან სიამოვნების მისაღებად მოვემზადოთ.
* * *
მერვედფინალებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წყვილი "არსენალი"-"ბაიერნია" და "ემირატებზე" გასამართ მატჩს ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით.
"მეთოფეებს" ესმით, რომ მათთვის პირველ შეხვედრას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება და ის მაქსიმალურად კარგად უნდა ჩაატარონ. ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე უკვე მესამედ ხვდებიან და
უშუალოდ გასულ სეზონში "ბაიერნმა" ლონდონში ძალიან ადვილად, 1:3 მოიგო და თამაშით "ალიანს არენაზეც" დომინირებდა, მაგრამ მოულოდნელად დამარცხდა, თანაც 0:2. "არსენალმა" მეორე გოლი 86-ე წუთზე გაიტანა და რეკორდმაისტერს არასასიამოვნო წუთების გადატანა მოუხდა.
ეს მიუნხენელთა ბანაკში მშვენივრად ახსოვთ და ამიტომაც აკეთებენ კომენტარებს, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და საკუთარი შანსები გამოვიყენოთო.
კიდევ უფრო ადრინდელი დაპირისპირება 2005 წელს შედგა და მაშინ მიუნხენელები შინ ბრწყინავდნენ, 3:0-საც იგებდნენ, მაგრამ კოლო ტურემ 88-ე წუთზე ერთი გოლი გაიტანა და საპასუხო მატჩს ინტრიგა დაუტოვა. თუმცა ლონდონში ტიერი ანრის გოლი ერთადერთი გახლდათ და მაშინაც "ბაიერნი" გავიდა შემდეგ ეტაპზე.
კიდევ უფრო ადრე კი ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და გერმანული კლუბი იქაც უკეთ გამოიყურებოდა - 1:0, 2:2.
არსენ ვენგერს ძალიან უნდა სტატისტიკის წინააღმდეგ წასვლა, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულისა და მიმდინარეს მთავარი ფავორიტის დამარცხება და ჟოზე მოურინიოსთვის თუ სხვებისთვის იმის დამტკიცება, რომ იგი "ლუზერი" და "ფეილების" სპეციალისტი არ არის, მაგრამ ფრანგმა იცის, რომ მისი გუნდი ძალიან რთული მისიის წინაშეა.
თანაც, ვენგერი ვერ დაიხმარებს აარონ რემზის და დისკვალიფიცირებულ მიკელ არტეტას, ეს კი ნახევარდაცვას მნიშვნელოვნად ასუსტებს, რაც "ბაიერნთან" მატჩისთვის ორმაგად სანერვიულოა.
თომას ვერმაელენის თამაში საეჭვოა. თეო უოლკოტის, აბუ დიაბისა და კიმ კალსტრიომის ტრავმები უკვე ძველი ამბავია. შეიძლება ძირითადში მოხვდეს ვეტერანი ჩეხი ტომაშ როსიცკი. ამ შემთხვევაში, ლუკას პოდოლსკი ალბათ მოგვიანებით ჩაერთვება საქმეში და შეეცდება, თავის ყოფილ გუნდს ამჯერადაც გაუტანოს.
ფრანგი სპეციალისტი, სავარაუდოდ, დაიხმარებს ახალგაზრდა ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენსაც. "არსენალმა" ეს მატჩი უნდა მოიგოს, თუ სურს, რომ მეოთხედფინალში გასვლის რეალური შანსი დარჩეს "ალიანს არენაზე" გასამართ საპასუხო მატჩამდე.
არსენ ვენგერი (არსენალი):
"ვიცით, რომ ტურნირის ფავორიტს ვეთამაშებით და ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ დიდი მატჩები არსებობს. ასე თუ ისე, რთული თამაშები გვქონდა თასზეც, სადაც ჯერ "ტოტენჰემს" შევხვდით, მერე კი "ლივერპულს".
თავდაჯერება არ გვაკლია, სეზონის სტარტიდანვე გვესმის, რომ ყველა შეხვედრაში 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. აღსანიშნავია, რომ წინა სეზონში მერვედფინალის წინ თასზე "ბლექბერნთან" წავაგეთ, ახლა კი ფსიქოლოგიურადაც უფრო მზად ვართ, რადგან "ლივერპულს" მოვუგეთ.
წინა დაპირისპირება შინ გაშვებული მეტი გოლის გამო დავთმეთ და ამიტომაც, მთავარია, კარი შევინახოთ მშრალად".
"მთავარია, ბოლომდე თამაშში დავრჩეთ, ვიბრძოლოთ და შანსი გვქონდეს. პირველი მატჩი 0:0-ითაც რომ მორჩეს, კარგი შანსები დაგვრჩება. ყურადღებით უნდა ვიყოთ და სახლში არ უნდა გავუშვათ. წინა სეზონის შეცდომების თავიდან არიდება და უფრო ჭკვიანურად თამაშია საჭირო", - აღნიშნა ჯეკ უილშირმა.
ტრავმებზე თუ მიდგა საქმე, პირველ რიგში, ის უნდა გავიხსენოთ, რომ ფრანკ რიბერი ამ შეხვედრაში "ბაიერნს" ვერ დაეხმარება. როგორც იცით, გუნდის ფრანგმა ლიდერმა ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე დღეში მწყობრში იქნება, ანუ საპასუხო მატჩში ის მონაწილეობას მიიღებს, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.
სხვა მხრივ, გამოსარჩევი და ახალი დანაკლისი პეპ გვარდიოლას არ აქვს. ჰოლგერ ბადშტუბერმა ნელ-ნელა ვარჯიში დაიწყო, მაგრამ სპეციალური, ინდივიდუალური პროგრამით და ჯერ მზად არ არის. არ იქნება არც ჯერდან შაჩირი.
"ბაიერნი" ისევ საუცხოო ფორმაშია და ბუნდესლიგა უკვე თითქმის მოგებული აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი პირველსავე მატჩში სასურველი შედეგის მიღწევასა და საქმის გაიოლებაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.
ასეა თუ ისე, არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ამ შეხვედრაში ბევრი გოლი გავა. მართალია, "არსენალი" ამ სეზონში დაეჩვია მწირგოლიანობას და ალაგ-ალაგ ვენგერი 1:0-ებსა და 2:0-ებს გვთავაზობს, მაგრამ მიუნხენელთა ბანაკში საპირისპირო სურათია, მათი მონაწილეობით ბოლო 9 საჩემპიონთალიგო მატჩიდან 8-ში 3 და მეტი გოლი გავიდა, ხოლო თავად უკანასკნელი 11 თამაშიდან 10-ში, მინიმუმ, 2 გოლი აქვთ გატანილი. ცხადია, ისინი უკან არც ახლა დაიხევენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
უშუალოდ გასულ სეზონში "ბაიერნმა" ლონდონში ძალიან ადვილად, 1:3 მოიგო და თამაშით "ალიანს არენაზეც" დომინირებდა, მაგრამ მოულოდნელად დამარცხდა, თანაც 0:2. "არსენალმა" მეორე გოლი 86-ე წუთზე გაიტანა და რეკორდმაისტერს არასასიამოვნო წუთების გადატანა მოუხდა.
ამ 2 აბზაციდან ვინმემ აზრი გამოიტანეთ? თუ კი, მაშინ ამიხსენით რა წერია