ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

მილანი-ატლეტიკო 0:1 - "ატლეტიკომ" სტატუსი გაამართლა [VIDEO]

AutoSharing Option
რთული წარმოსადგენი იყო, თუ ოდესმე მადრიდის "ატლეტიკო" "მილანთან" ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ ამჯერად ასეა და ესპანელები ამართლებენ კიდეც აღნიშნულ სტატუსს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მადრიდელებმა გასვლაზე მოიგეს და მეოთხედფინალში გასასვლელად მშვენიერი პლაცდარმი შეიქმნეს...

ერთი შანსი, ერთი გოლი
კლარენს ზეედორფმა საყვარელ ტაქტიკას არ უღალატა და გუნდი 4-2-3-1 სქემით განალაგა. შეტევის წინა ხაზზე მარიო ბალოტელი მოქმედებდა, ფლანგებიდან მას ადელ ტაარაბტი და ანდრეა პოლი ეხმარებოდნენ, სიღრმიდან კი რიკარდო კაკა უტევდა.

რაც შეეხება დიეგო სიმეონეს, არგენტინელმა სპეციალისტმა ფრთხილი სტრატეგია აირჩია, უკანა ხაზი ორ
ფენად გაამაგრა, წინ დიეგო კოშტა გაუშვა და უკნიდან რაულ გარსია მიახმარა.

პირველი ტაიმი "მილანის" აშკარა უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც მხოლოდ "ატლეტიკოს" კართან იქმნებოდა...

თამაში რამდენიმე წუთის დაწყებული იყო, როდესაც კაკა შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და უძლიერესი დარტყმით ხარიხა შეაზანზარა. სულ მალე მასპინძლებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ გატანა - მაჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი ანდრეა პოლიმ დაჰკრა, მაგრამ მადრიდელთა მეკარემ სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და გადაარჩინა თავისი გუნდი.

ტაიმის შუაწელს კაკას შეეძლო კიდევ ერთხელ გატანა, როდესაც მარიო ბალოტელისგან შესანიშნავი პასი მიიღო და ძლიერად, მაგრამ მცირედით არაზუსტად დაარტყა.

მალევე ბალოტელისაც შეექმნა მომენტი, მაგრამ მასაც უმტყუნა მიზანმა. მოკლედ, "როსონერის" შეეძლო გატანა და თანაც, არაერთხელ...

მეორე ნახევარი შედარებით ნელ ტემპში წარიმართა და მომენტიც უფრო ნაკლები შეიქმნა. "მილანის" შეტევას სიმწვავე მოაკლდა, მადრიდელები კი დიდად არ იკლავდნენ თავს მეტოქის ნახევარზე გადასვლით. რამდენიმე ნახევარმომენტს თუ არ ჩავთვლით და, რა თქმა უნდა, გოლს, საინტერესო არც არაფერი მომხდარა.

იყო ბევრი უხეშობა, ყვითელი ბარათები და გაწევ-გამოწევა, რის გამოც მსაჯს სამ წუთზე გაცილებით მეტის დამატება შეეძლო.

"მილანმა" გოლი საკუთარ თავს მოუტანა - გოლი, რომელიც, პრაქტიკულად, არაფრისგან შეიქმნა: მადრიდელთა ჩაწოდების შემდეგ ინაციო აბატემ ბურთს უხეიროდ დაუხვედრა თავი და კართან სამ მეტრში მდგომ დიეგო კოშტას "შესანიშნავი" პასი გაუკეთა - ბრაზილიელმა თავური დაჰკრა და კრისტიან აბიატი უშანსოდ დატოვა - 0:1.

მადრიდელებს ბევრი არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ გოლი გაეტანათ და მოეგოთ - მათ შანსი გოლად აქციეს.

"მილანის" ჩამოწერა არ იქნება მთლად სწორი, მაგრამ "ატლეტიკომ" რომ დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალისკენ, ცხადზე უცხადესია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდგომი კომენტარები:
დიეგო სომეონე: "ვისენტე კალდერონზე" უმძიმესი 90 წუთი გველის
კლარენს ზეედორფი: ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
მილანი-ატლეტიკო 0:1
გოლი: 0:1 დიეგო კოშტა (83).
მილანი (4-2-3-1): აბიატი - დე შილიო (26. აბატე), რამი, ბონერა, ემანუელსონი - დე იონგი, ესიენი - ტაარაბტი, პოლი (85. კონსტანტი), კაკა - ბალოტელი (78. პაცინი).
ატლეტიკო (4-4-1-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ინსუა - თურანი (74. როდრიგესი), სუარესი, გაბი, კოკე - რაულ გარსია (80. ადრიანი) - დიეგო კოშტა.
გაფრთხილება: ბონერა, რამი, აბატე - ინსუა, სუარესი, დიეგო კოშტა, ადრიანი.
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-6(3-3); ბურთის ფლობა: 50%/50%.
მაყურებელი: 80 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ