იურგენ კლოპის კლუბი ჰენრიხ მხითარიანმა დააწინაურა, რომელმაც ახლოდან ადვილად დაარტყა მარკო როისის აქტიურობისა და ზენიტელთა დაცვის ჩავარდნის შემდეგ. წუთიც არ იყო გასული, როდესაც გერმანელებმა კიდევ ერთი შეტევა წამოიწყეს და ასევე ძალიან მარტივად მიიყვანეს გოლამდე - მხითარიანის დაწყებული საქმე კევინ გროსკროიტცმა გააგრძელა და როისმა დააგვირგვინა.
სიცივეს ნაჩვევი "ზენიტი" ამ ცივმა შხაპმა ვერ
რუსები ვერც მეორე ტაიმში ბრწყინავდნენ, მაგრამ შედარებით უკეთ კი გამოიყურებოდნენ, თან "დორტმუნდიც" ცოტა მოდუნდა. თუმცა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ბორუსიელებს როცა მოუნდებოდათ და რამდენიც მოუნდებოდათ, იმდენ გოლს გაუტანდნენ მეტოქეს.
57-ე წუთზე სტუმრებმა თამაშგარე ვერ შექმნეს, რონდონი გაექცათ, რომელმაც ბევრი წვალების შემდეგ დარტყმა შეძლო და ძელს გაარტყა, მაგრამ შატოვმა დამატებაზე ითამაშა და სხვაობა შეამცირა.
გულშემატკივრები გამოცოცხლდნენ, უფრო ახმაურდნენ და იმედი გაუჩნდათ, მაგრამ წინგაქცეული "ზენიტის" ისედაც უსუსური დაცვის ხაზი კიდევ უფრო მოშიშვლდა და კონტრიერიშებზე დიდებულად მოთამაშე დორტმუნდელებმა ამით ისარგებლეს. რობერტ ლევანდოვსკიმ ლუკაშ პიშჩეკს უპასა, რომელმაც ძალიან დახვეწილად დაუბრუნა თანამემამულეს და პოლონური გოლიც ასე გამოცხვა.
"ზენიტმა" ყურები მაინც არ ჩამოყარა და პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, პიშჩეკმა ვიქტორ ფაიზულინი წააქცია. ბურთთან ჰალკი მივიდა და ბრაზილიელს დაუსტვინეს, რადგან ძველი, გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანები გაახსენდათ, მაგრამ ჰალკმა ამჯერად აუღებელი დაარტყა.
თუმცა სულ რაღაც ორ წუთში კლოპის გუნდმა საბოლოოდ გატეხა მეტოქე და ფაქტობრივად, გაინაღდა მეოთხედფინალში გასვლა. გოლი ისევ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რომელიც საოცრად დახვეწილად თამაშობდა და ნამდვილად გამოირჩეოდა. ასისტენტად როისი მოგვევლინა, იგი გოლითა და ორი საგოლე პასით გამოირჩა.
რუსებისთვის ვერ არის კარგი ამბავი ისიც, რომ დორტმუნდელთა გულშემატკივრები მასპინძელთა ფანებს თავდასხმებში ადანაშაულებენ და მეტიც, რამდენიმე გერმანელი ქომაგის თქმით, როდესაც "ზენიტის" აგრესიული ულტრასები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, იქვე მდგომი სამართალდამცავები ამ ყველაფერს, უბრალოდ, უყურებდნენ და იცინოდნენ.
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩი
ზენიტი-დორტმუნდი 2:4
გოლები: 0:1 მხითარიანი (4), 0:2 როისი (5), 1:2 შატოვი (57), 1:3 ლევანდოვსკი (61), 2:3 ჰალკი (69-პენ.), 2:4 ლევანდოვსკი (71)
ზენიტი (4-3-3): ლოდიგინი - ანიუკოვი (84. სმოლნიკოვი), ნეტუ, ლომბერტსი, კრიშიტო - ვიტსელი, შატოვი, ფაიზულინი (84. კერჟაკოვი) - ჰალკი, არშავინი (15. ტიმოშჩუკი), რონდონი
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, მ. ფრიდრიხი, სოკრატისი, შმელცერი - შაჰინი, კელი - გრსკროიტცი (90+1. დურმი), მხითარიანი (70. ობამეიანგი), როისი (85. ჰოფმანი) - ლევანდოვსკი
არბიტრი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)
გაფრთხილება: ანიუკოვი, პიშჩეკი, ფაიზულინი
კუთხური: 6-3 ჯარიმა: 15-16 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 8-15(6-12) ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 15099
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აბა რას ელოდა პლეიოფში 6 ქულით მოხვედრილი გუნდი, როცა 12 ქულიანი ნაპოლი გარეთ დარჩა?