ჩემპიონთა ლიგა. VI ტურის წინ: დღეს რომი ევროპის ცენტრია

AutoSharing Option
10 დეკემბერს ჯგუფური ეტაპი დასრულდება და ჩემპიონთა ლიგაც 2015 წლამდე დაგვემშვიდობება. გასათამაშებელი სულ ორი საგზური დარჩა. ერთის ბედი რომსა და მიუნხენში წყდება, მეორესი - მარიბორსა და ლონდონში.

თქმა არ უნდა, დღეს ყველა გზა მართლაც რომში მიდის - "ოლიმპიკოზე" სათამაშოდ ინგლისის ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" გადის.

E ჯგუფი
ერთი ადგილი სამი პრეტენდენტი
ყველაზე მეტად სიტუაცია ამ ჯგუფში ჩაიხლართა, რაც "ბაიერნის" დამსახურებაა, ამ გუნდმა არავინ გაიკარა და ყველაფერი ნაადრევად გაინაღდა, ბოლოს კი "სიტისთან" მოულოდნელი მარცხით, ყველას თითქმის თანაბარი შანსი დაუტოვა მეორე ადგილის დასაკავებლად.

პეპ
გვარდიოლას გუნდს კიდევ შეუძლია სატურნირო ბატალიებში ჩარევა ცსკა-სთან მოულოდნელი მარცხით, მაგრამ ეს უკვე ალბათ მეტისმეტი იქნება.

ალბათ, მაინც ყველაფერი "ოლიმპიკოზე" გადაწყდება, ინგლისის ჩემპიონი საუკეთესო ფეხბურთელის, სერხიო აგუეროს გარეშე ჩადის სეზონის ერთ-ერთ საკვანძო თამაშზე.

რუდი გარსიას გუნდმა მოიგო ბოლო სამი საშინაო დაპირისპირება პრემიერლიგის გუნდებთან, თუმცა ბოლოს ეს 2009 წელს მოხდა, როცა "რომამ" "ჩელსი" 3:1 დაამარცხა. "სიტის" კი იტალიაში ჯერ არასოდეს მოუგია - 4 თამაშიდან 2 ფრედ დაასრულა.

მასპინძლებს მცველი ლეანდრო კასტანი დააკლდებათ, რომელმაც ტვინზე ოპერაცია გადაიტანა, "სიტის" მთავარ დანაკლისზე უკვე ვთქვით; საეჭვოა ფერნანდინიო, იოვეტიჩის, კომპანის, ნასტასიჩის და დავიდ სილვას თამაშიც.

გუნდის ბელგიელი კაპიტანი კომპანი მაინც აპირებს თამაშს რომში, მან ბარძაყის ტრავმის გამო "სიტის" ბოლო ორი დაპირისპირება გამოტოვა.

ცსკა მიუნხენში საუკეთესო შემადგენლობით ჩაფრინდა. რუსულ გუნდს მხოლოდ ორი დიდი ხნით ტრავმირებული ფეხბურთელი აკლია: რასმუს ელმი და ალექსეი ბერეზუცკი. "ბაიერნს" დისკვალიფიცირებული მეჰდი ბენატია არ ეყოლება.

ტრავმირებულთა სია კი ისევ დიდია: ალაბა, ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, ლამი, პისარო, ალკანტარა... მიუხედავად ამისა, გვარდიოლა ალბათ მაინც მიმართავს თამამ ექსპერიმენტებს სასტარტო შემადგენლობაში.

სხვათა შორის, გერმანულ გრანდს ერთხელ უკვე წაუგია შინ რუსულ კლუბთან, 1995/96 წლების უეფას თასზე, თუმცა საპასუხო მატჩი "ბაიერნმა" 5:0 მოიგო.

10 დეკემბერი
რომა-სიტი 23:45
ბაიერნი-ცსკა 23:45

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 5 4 0 1 13-4 12
2. რომა 5 1 2 2 8-12 5
3. სიტი 5 1 2 2 7-8 5
4. ცსკა 5 1 2 2 6-10 5

ყველა მატჩი
ბაიერნი-სიტი 1:0
რომა-ცსკა 5:1
ცსკა-ბაიერნი 0:1
სიტი-რომა 1:1
ცსკა-სიტი 2:2
რომა-ბაიერნი 1:7
სიტი-ცსკა 1:2
ბაიერნი-რომა 2:0
ცსკა-რომა 1:1
სიტი-ბაიერნი 3:2

ვინ გადის პლეი ოფში
* "ბაიერნმა" გაინაღდა გასვლა და პირველი ადგილი.

* "რომა" გავა, თუკი მოიგებს ან ფრით იმ შემთხვევაში, თუ ცსკა "ბაიერნთან" ფრეს ითამაშებს. თუკი ცსკა წააგებს, "რომა" მხოლოდ 0:0 ფრის შემთხვევაში გავა.

* ცსკა გავა, თუკი მოიგებს და "რომა" ვერ მოიგებს.

* "სიტიმ" გასასვლელად უნდა მოიგოს და ცსკა-მ გერმანიაში ვერ მოიგოს, ან ფრე ითამაშოს (0:0-ის გარდა) და ცსკა-მ წააგოს. "სიტი" წაგების შემთხვევაში ევროთასებს დაემშვიდობება.

F ჯგუფი: ვინ იქნება პირველი
ვფიქრობთ, მკითხველს ის უფრო დააინტერესებს, ვინ იქნება პირველი ჯგუფში, ვიდრე "აიაქსისა" და აპოელ-ის საევროპალიგო ბატალია. თანაც, ჰოლანდიის ჩემპიონი აშკარა ფავორიტია.

აი, "კამპ ნოუზე" კი გემრიელი მატჩია - ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კომპანია "ბარსას" წინააღმდეგ. მაგრამ ითამაშებს კი შვედი ფორვარდი?

ზლატანს ამ სეზონში ქრონიკული ტრავმა სტანჯავს და როდის ითამაშებს და როდის არა, მგონი, თავადაც არ იცის.

"ბარსელონას" დისკვალიფიცირებული დანი ალვეში და რაფინია დააკლდება, ასევე ტრავმირებული - ვერმალენი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და თვეები ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ლორან ბლანის გუნდმა 3:2 მოუგო "ბარსას". ეს იყო კატალონიელთა პირველი მარცხი სეზონში. ის კი არა, დავიდ ლუისის გოლი საერთოდ პირველი გოლი იყო "ბარსელონას" კარში.

ბუნებრივია, ლუის ენრიკეს შურისძიება სწყურია, ხოლო ლეო მესის ახალი რეკორდებისკენ მიუწევს გული.

ბარსელონა-პსჟ 23:45
აიაქსი-აპოელ-ი 23:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პსჟ 5 4 1 0 9-4 13
2. ბარსელონა 5 4 0 1 12-4 12
3. აიაქსი 5 0 2 3 4-10 2
4. აპოელ-ი 5 0 1 4 1-8 1

ყველა მატჩი
აიაქსი-პსჟ 1:1
ბარსელონა-აპოელ-ი 1:0
პსჟ-ბარსელონა 3:2
აპოელ-ი-აიაქსი 1:1
ბარსელონა-აიაქსი 3:1
აპოელ-ი-პსჟ 0:1
აიაქსი-ბარსელონა 0:2
პსჟ-აპოელ-ი 1:0
პსჟ-აიაქსი 3:1
აპოელ-ი-ბარსელონა 0:4

ვინ გადის პლეი ოფში
* პარიზელები გასულები არიან და ფრის შემთხვევაში პირველ ადგილსაც მოიპოვებენ.

* "ბარსელონა" გასულია და მოგების შემთხვევაში, ჯგუფს პირველ ადგილზე დაასრულებს.

* "აიაქსს" ფრე ჰყოფნის ევროპალიგის პლეი ოფის საგზურის მოსაპოვებლად.

* იმავეს მისაღწევად აპოელ-ს მხოლოდ მოგება სჭირდება.

G ჯგუფი: უმოტივაციო მოტივირებულის წინააღმდეგ
ლონდონური შეხვედრა ჟოზე მოურინიოსთვის არაფერს ნიშნავს, ამიტომაც შეიძლება, თამამ ექსპერიმენტებს მიმართოს იმ გუნდის წინააღმდეგ, სადაც 20-ზე მეტი წლის წინათ, ბობი რობსონის მთარგმნელად მუშაობდა. "სპორტინგს" ქულა ჰაერივით ესაჭიროება.

"ჩელსის" ექსბოსი რობერტო დი მატეო კი შეეცდება სლოვენიაში გამარჯვებას და თან ლონდონელთა იმედიც ექნება.

"შალკესთვის" საუბედუროდ, "მარიბორისთვის" ევროპალიგის საგზურს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ეს სლოვენიური კლუბის პროგრამა მაქსიმუმია. ასე რომ, "შალკე" დიდ გასაჭირშია.

"მარიბორი" აქამდე მხოლოდ ერთხელ თამაშობდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, 1999/2000 წლების სეზონში, მაშინ გუნდმა ბოლო ადგილი აიღო ჯგუფში და ახლა მეტის მიღწევა სურს.

"შალკეს" დანაკარგიც დიდია: დრაქსლერი, ფარფანი, გორეტცკა, კოლაშინაცი და მატიპი ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ. საეჭვოა კევინ პრინს ბოატენგის თამაშიც.

"ჩელსის", თითქოს, ყველა ჯანზე ჰყავს, თუმცა მოურინიოს შემადგენლობის გამოცნობა ძალიან ძნელია. ლისაბონელებს დისკვალიფიკაციის გამო სედრიკი დააკლდებათ, ხოლო ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ექსმანჩესტერელი ნანი.

ჩელსი-სპორტინგი 23:45
მარიბორი-შალკე 23:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 5 3 2 0 14-2 11
2. სპორტინგი 5 2 1 2 11-9 7
3. შალკე 5 1 2 2 8-14 5
4. მარიბორი 5 0 3 2 4-12 3

ყველა მატჩი
მარიბორი-სპორტინგი 1:1
ჩელსი-შალკე 1:1
შალკე-მარიბორი 1:1
სპორტინგი-ჩელსი 0:1
ჩელსი-მარიბორი 6:0
შალკე-სპორტინგი 4:3
მარიბორი-ჩელსი 1:1
სპორტინგი-შალკე 4:2
შალკე-ჩელსი 0:5
სპორტინგი-მარიბორი 3:1

ვინ გადის პლეი ოფში
* "ჩელსი" გასულია და პირველი ადგილიც განაღდებული აქვს.

* "სპორტინგი" გავა ფრის შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ "შალკე" ვერ მოიგებს.

* "შალკემ" უნდა მოიგოს, რომ გავიდეს და თან "სპორტინგი" დამარცხდეს.

* "მარიბორს" შეუძლია, ბრძოლა ევროპალიგაზე გააგრძელოს მოგებით.

H ჯგუფი: საკითხავი მხოლოდ ესაა
საკითხავი მხოლოდ მესამეადგილოსნის ვინაობაა. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ამ ჯგუფის ბატალიები მხოლოდ ბასკეთსა და ბელორუსში თუ დააინტერესებთ, თორემ "პორტუ" გარანტირებულ პირველ ადგილზეა და მისი დღევანდელი მეტოქე - "შახტარი" - მეორეზე.

ერნესტო ვალვერდეს გუნდს კი ახალ "სან მამესზე" მხოლოდ არწაგება სჭირდება, თუმცა ბოლო დროს ეს საკმაოდ პრობლემატური საკითხია "ბილბაოსთვის".

ბასკებს დისკვალიფიცირებული გურპეგი დააკლდებათ, არ იქნება არც ტრავმირებული ეჩეიტა, საეჭვოა გილერმოს და ცენტრფორვარდ არიც ადურისის თამაშიც.

"პორტუსა" და "შახტარის" სრულიად უმოტივაციო დაპირისპირებას "შახტარის" სამი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი დააკლდება: კუჩერი, ლუის ადრიანო და სრნა.

პორტუ-შახტარი 23:45
ბილბაო-ბატე 23:45


ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუ 5 4 1 0 15-3 13
2. შახტარი 5 2 2 1 14-3 8
3. ბილბაო 5 1 1 3 3-6 4
4. ბატე 5 1 0 4 2-22 3

ყველა მატჩი
ბილბაო-შახტარი 0:0
პორტუ-ბატე 6:0
შახტარი-პორტუ 2:2
ბატე-ბილბაო 2:1
პორტუ-ბილბაო 2:1
ბატე-შახტარი 0:7
შახტარი-ბატე 5:0
ბილბაო-პორტუ 0:2
ბატე-პორტუ 0:3
შახტარი-ბილბაო 0:1

ვინ გადის პლეი ოფში
* "პორტუ" აბსოლუტურად უმოტივაციოა, პირველი ადგილი განაღდებულია.

* "შახტარი" აუცილებლად მეორე ადგილზე გავა.

* "ბილბაო" თუ არ წააგებს, ბრძოლას ევროპალიგის პლეი ოფში გააგრძელებს.

* ბატე-ს მესამე ადგილის დასაკავებლად მოგება ესაჭიროება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული