შარშანდელი ლიგის დეჟავუ - ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალის წილისყრა

AutoSharing Option
15 დეკემბერს შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრა გაიმართა.

პირველ რიგში წყვილებს ჩამოვწერთ:

პარი სენ-ჟერმენი-ჩელსი
შახტარი-ბაიერნი

მატჩები 17 თებერვალს და 11 მარტს გაიმართება.

შალკე-რეალი
ბაზელი-პორტუ
მატჩები 18 თებერვალს და 10 მარტს გაიმართება.

მანჩესტერ სიტი-ბარსელონა
იუვენტუსი-დორტმუნდი
მატჩები 24 თებერვალს და 18 მარტს გაიმართება.

ლევერკუზენი-ატლეტიკო
არსენალი-მონაკო
მატჩები 25 თებერვალს და 17 მარტს გაიმართება.

სიტი-ბარსელონა: შარშანდელის გამეორება
ეს წყვილი შარშანდელის გამეორებაა
- მაშინაც მერვედფინალში "მანჩესტერ სიტის" და "ბარსელონას" გზები გადაიკვეთა. "ბარსამ" ორი მატჩის ჯამში იოლად იმარჯვა: სტუმრად კატალონიურმა გრანდმა 2:0 იმარჯვა, "კამპ ნოუზე" კი - 2:1.

ლიონელ მესიმ და დანი ალვეშმა ორივე შეხვედრაში შეძლეს თავის გამოჩენა, ხოლო "სიტის" ერთადერთი გოლი ვენსან კომპანის ანგარიშზეა.

* "სიტი" 11-ჯერ შეხვედრია ესპანურ გუნდებს და მხოლოდ სამჯერ აქვს გამარჯვება მოპოვებული, ხუთი მარცხის წილ. სამიდან ორი გამარჯვება "სიტიმ" 2011/12 წლების სეზონში "ვილიარეალზე" იზეიმა.

* "ბარსელონა" ცუდად თამაშობს სტუმრად ინგლისურ კლუბებთან - 29-დან მხოლოდ 7 ბრძოლა მოიგო. აი, შინ კი 28 შეხვედრიდან "ბარსამ" მხოლოდ 2 დათმო სტუმრებთან "ნისლიანი ალბიონიდან".

ლუის ენრიკე (ბარსელონა):
"მანჩესტერ სიტი" ძალიან რთული მეტოქეა. ის იმ ორ შესაძლო მეტოქეს შორის იყო, რომელთანაც შეხვედრა ყველაზე ნაკლებად გვსურდა. თამამად ვიტყვი, რომ "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია.

ახლა ჩვენ უფრო კარგად შევისწავლით "სიტის", მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მატჩი თებერვალშია. მანამდე კი ორივე გუნდში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

დარწმუნებული ვარ, რომ ორმატჩიანი დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოვა. ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს".

პსჟ-ჩელსი: მეოთხედფინალის დეჟავუ
ეს არა მარტო შარშანდელი ლიგის მეოთხედფინალის გამეორებაა, არამედ დავიდ ლუისის მტრად დაბრუნებაცაა "სტემფორდ ბრიჯზე".

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი ზაფხულში გადაბარგდა ბრიტანეთის დედაქალაქიდან საფრანგეთისაში.

შარშან ჟოზე მოურინიოს "ჩელსიმ" პსჟ გზიდან ჩამოიცილა, მიუხედავად იმისა, რომ "პარკ დე პრენსზე" 1:3 დამარცხდა. "სტემფორდ ბრიჯზე" "ლურჯებმა" 2:0 მოიგეს და პარიზში გატანილი ბურთის წყალობით, ნახევარფინალში გავიდნენ.

* 2004/05 წლების სეზონში ეს კლუბები ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს. მაშინ პარიზში "ჩელსიმ" 3:0 მოიგო. დუბლი დიდიე დროგბამ შეასრულა, ერთი გოლი კი ჯონ ტერის ანგარიშზეა. ლონდონური მატჩი 0:0 დასრულდა. სხვათა შორის, პარიზულ კლუბს ინგლისელებთან არც მანამდე და არც მერე შინ აღარ წაუგია. სხვათა შორის, 3:0 იყო მოურინიოს პირველი ევროპული მატჩი "ჩელსის" ბოსის სტატუსით.

ლუკას მოურა (პსჟ):
"ეს იქნება დიდი დაპირისპირება დიდი კლუბის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა გათამაშებიდან "ჩელსი" გავაგდოთ. პსჟ ძალიან ძლიერია და მას ძალუძს "ჩელსის" გზიდან ჩამოცილება. შარშანდელთან შედარებით, "ჩელსი" კიდევ გაძლიერდა".

პეტრ ჩეხი (ჩელსი):
"დავიდ ლუისი მოდის "სტემფორდ ბრიჯზე", ამას ვამბობდი კენჭისყრის წინ და გამოვიცანი".

სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი):
"ძალიან მძიმე ბედი გვარგუნა კენჭისყრამ, მაგრამ დიდებული მატჩები გველის წინ. იმედი მაქვს, როგორც გასულ წელს, ახლაც ყველაფერი "ბრიჯზე" გადაწყდება".

იუვენტუსი-დორტმუნდი: გახსოვთ ფინალები?
1996/97 წლების სეზონის შემდეგ ეს გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან. არადა, მეტად საინტერესო წყვილია.

* 1997 წელს "დორტმუნდმა" "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3:1 დაამარცხა. ფინალი მიუნხენში გაიმართა და კარლ-ჰაინც რიდლემ თავი დუბლით გამოიჩინა. ერთი გოლი მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ლარს რიკენის ანგარიშზეა. წაგებულთა მხრიდან გოლი ალესანდრო დელ პიერომ გაიტანა.

* კიდევ უფრო ადრე, 1993 წელს, ეს გუნდები უეფას თასის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მეტად უთანასწორო ბრძოლა გამოდგა - იტალიელებმა ორი მატჩის ჯამში (მაშინ უეფას თასის ფინალში შინ და გარეთ თამაშობდნენ) 6:1 მოიგეს.

პაველ ნედვედი ("იუვენტუსის" დირექტორი):
"დორტმუნდის "ბორუსიას" ძალიან დიდ პატივს ვცემთ. მართალია, მათ ახლა ძალიან უჭირთ ბუნდესლიგაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გამოსწორდება, რადგან ევროთასებზე გუნდმა თავი კარგად წარმოაჩინა.

გერმანელებმა წელსაც დაადასტურეს, რომ მათი ლიგა უმაღლეს დონეზე ავიდა, ნებისმიერი გერმანული გუნდი სახიფათოა. ამაზე მეტყველებს ის, რომ პლეი ოფში ბრძოლას ოთხივე გერმანული კლუბი აგრძელებს".

ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი):
"ბოლო დღეებია, ვიძახი, რომ "დორტმუნდთან" მსურს შეხვედრა და მიხარია, რომ ასეც მოხდა. ეს იმიტომ კი არა, რომ "დორტმუნდი" სხვა კლუბებზე სუსტი მგონია, არამედ იმიტომ, რომ სწორედ "დორტმუნდისნაირი" კლუბი გვესაჭიროება იმის გასაგებად, რა შეგვიძლია ლიგაზე რეალურად.

ალბათ, მეტოქის ფეხბურთელები ლიგაზე უფრო დიდი მოტივაციით თამაშობენ და ამიტომაც აქვთ უკეთესი შედეგები".

ჰანს-იოახიმ ვატცკე ("დორტმუნდის" შეფი):
"რთული მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არა ვართ. "იუვე" იტალიის საუკეთესო გუნდია "რომასთან" ერთად, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი პლუსები. მე ვიტყოდი, შანსები 50/50-ზეა".

შალკე-რეალი: შარშანდელი განადგურება გამეორდება?
კიდევ ერთი დამთხვევა შარშანდელ სეზონთან. თანაც, საუბარი ისევ მერვედფინალზეა, როგორც "სიტი"-"ბარსელონას" შემთხვევაში.

არა გვგონია, "ხუმარების" ბოსებს ეხუმრებოდეთ - შარშან "რეალმა" საშინელი დროება მოუწყო "შალკეს", გელზენკირხენში 6:1 (!) მოუგო, რასაც "სანტიაგო ბერნაბეუზე "მოკრძალებული" 3:1 მიაყოლა. ორი მატჩის ჯამში, "სამეფო კლუბმა" და მომავალმა გამარჯვებულმა გერმანული გუნდი 9:2 დაამარცხა!

არადა, "რეალს" გერმანიაში გამართული 27 შეხვედრიდან მასპინძელთათვის მხოლოდ 3 აქვს მოგებული.

ემილიო ბუტრაგენიო ("რეალის" დირექტორი):
"შარშან ყველაფერი პირველივე თამაშში გადავწყვიტეთ. წლეულს ყველაფერი სხვაგვარადაა. მძიმე ბრძოლა გველის, რადგან "შალკე" მებრძოლი გუნდია და არაფერს დათმობს. დარწმუნებული ვარ, მეტოქე ბევრ საქმეს გაგვიჩენს.

ზედიზედ 20 მატჩი მოვიგეთ და ფანები გახარებულები არიან, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ტიტულის შენარჩუნება მოპოვებაზე ძნელია. ამიტომაც ჯერ არავის მოუხერხებია ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება. ჩვენს გუნდს ამის მიღწევა სურს".

ლევერკუზენი-ატლეტიკო: რა უხარია შმიდტს?
ეს გუნდები ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. 2010/11 წლების სეზონში ისინი ერთმანეთს ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ. ორივე თამაში 1:1 დასრულდა. ასე რომ, მათ შორის სრული თანაფარდობაა.

* "ატლეტიკომ" გერმანიაში ბოლო 5 ვიზიტიდან 3 გამარჯვებით დაასრულა.

როჯერ შმიდტი (ლევერკუზენი):
"დიდი ინტერესით ველი მატჩებს, კარგი კენჭისყრა იყო ჩვენთვის. "ატლეტიკო" მშვენიერი მეტოქეა. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის წინააღმდეგ ორი დიდებული შეხვედრა გველის.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში "ატლეტიკო" წინ მიდის, ჩვენც გვაქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი.

გარწმუნებთ, "ბაიერი" კარგად მოემზადება ამ დაპირისპირებისთვის. 1/8-ფინალი არ უნდა იყოს ჩვენი ბოლო გაჩერება წლევანდელ ლიგაზე".

გაბი (ატლეტიკო):
"გერმანელებს ბრძოლა არ ესწავლებათ. "ლევერკუზენი" ძალიან კარგი გუნდია. თეორიულად, ამაზე ძლიერი მეტოქის შეხვედრაც შეიძლებოდა, მაგრამ არც "ბაიერია" საჩუქარი. ლევერკუზენში მოგება გვსურს, ეს კი ძალიან ძნელი იქნება".

შახტარი-ბაიერნი: ამოუცნობის წინააღმდეგ
"შახტარი" და "ბაიერნი" ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან ევროთასებზე. აქამდე უკრაინული კლუბებიდან "რეკორდმაისტერი" მხოლოდ კიევის "დინამოს" ეთამაშებოდა.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "მეტოქეს ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს. ვფიქრობ, ორი ძალიან კარგი მატჩი გველის".

მანუელ ნოიერი (ბაიერნი): "შახტარი" ყველაზე გამოუცნობი გუნდია მერვედფინალის მონაწილეთა შორის. ამ გუნდთან მატჩებისთვის მომზადება იოლი არ იქნება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, უნდა გავიდეთ მეოთხედფინალში".

პორტუ-ბაზელი: გამარჯვებულის მენტალიტეტი
არც ამ ორ გუნდს უთამაშია ერთმანეთში. "ბაზელს" პორტუგალიურ კლუბებთან უჭირს - მხოლოდ 2 მოგება 10 მატჩში.

ხულიენ ლოპეტეგი (პორტუ):
"ბაზელი" დიდებული გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი ამ ბარიერის გადალახვა და მეოთხედფინალში გასვლაა. დარწმუნებული ვარ, შვეიცარიაში ბევრი ფანი წამოგვყვება მხარდასაჭერად".

პაულო სოუზა (ბაზელი):
"ტრადიციულ და წარმატებულ ევროპულ კლუბს ვხვდებით. "პორტუს" გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს".

არსენალი-მონაკო: ვენგერი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
მართალია, ეს ორი გუნდი არასოდეს შეხვედრია ერთმანეთს ევროთასებზე, მაგრამ მათ დაპირისპირებად დიდი ინტრიგა აქვს - არსენ ვენგერი "არსენალის" ამჟამინდელი თავკაცი ხომ უხსოვარ დროს "მონაკოს" მწვრთნელი იყო. ის მონეგასკენს 1987 წლიდან 1994 წლამდე წვრთნიდა.

აარონ რემზი (არსენალი): "მონაკო"? დარწმუნებული ვარ, ფანებს გაგიხარდებათ, იქ ჩასვლა მართლაც დიდებული რამ არის, დიდებული ადგილებია და დიდებული წილისყრაც გამოვიდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული