* პსჟ-მ რვაწლიანი წაუგებელი სერია შეინარჩუნა.
* საპასუხო მატჩი ლონდონში 11 მარტს შედგება.
ლონდონის "ჩელსიმ" "პარი სენ-ჟერმენს" კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაურტყა და ის გოლი გაუტანა, რომლითაც ჟოზე მოურინიომ სასურველ 1:1-ს მიაღწია "პარკ დე პრენსზე", სადაც წინა სეზონში 1:3 წააგო.
ახლა "ჩელსის" ნებისმიერი ანგარიშით მოგება ან უგოლო ფრე სჭირდება მეოთხედფინალში გასასვლელად. ვინ იცის, 1:1 და დამატებითი დროც ვიხილოთ.
ასეა თუ ისე, მოურინიოს შემტევების უფრო აქტიურად თამაშის იმედი უნდა ჰქონდეს და ალბათ, თავადაც სხვა ტაქტიკითა და შემართებით გაიყვანს გუნდს, თორემ პარიზში "ჩელსიმ" მეტოქეს კარისკენ სულ ორჯერ დაურტყა, პსჟ-ის 14-ის წინააღმდეგ; მასპინძლებმა კუთხური 7-ჯერ მოაწოდეს, სტუმრებმა - ერთხელ. მოკლედ, ლორან ბლანის ბიჭებს მეტი მომენტი ჰქონდათ.
"პირველი ტაიმი ჩვენი იყო, მეტოქე სიღრმიდან თამაშობდა და ბურთს დამაჯერებლად ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში კი მეტოქე გაცილებით აგრესიულად და სწრაფად ათამაშდა.
მთლიანობაში ფრე სამართლიანი შედეგია, მაგრამ თუ მეკარეების "სეივებს" დავთვლით და შეტევებს გავიხსენებთ, თუკი ვინმე უფრო ახლოს იყო მოგებასთან, ეს პსჟ გახლდათ. ორმატჩიანი დუელი ერთმატჩიანად იქცა, რადგან 1:1 ისეთი ანგარიშია, რომელიც ფაქტობრივად არაფერს ცვლის. პსჟ მართლაც ბრწყინვალე გუნდია, რომელსაც დიდი რესურსი და ჩინებული ტალანტები ჰყავს.
წინა ხაზზე საუცხოო სამეულია, რომელიც ძალიან სახიფათოა. ახლა ყველაფერი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაწყდება, სადაც კარგი თამაში უნდა ვიხილოთ. ყოველთვის შემტევებისგან ველოდებით გოლებს, მაგრამ როდესაც სხვა ამპლუის ორი-სამი ისეთი მოთამაშე გყავს, რომელსაც გატანა შეუძლია, ეს ძალიან კარგია.
ივანოვიჩი, როგორც ჩანს, დროს არჩევს ხოლმე - გოლი "ლივერპულთან", დღეს საგარეო ბურთი ჩემპიონთა ლიგაზე, წინა სეზონში "სიტისთან", ევროპალიგის ფინალში... სულ მნიშვნელოვანი გოლები. მინდა ბიჭები იმიტომაც შევაქო, რომ აზარს, ვილიანს, ოსკარს, ფაბრეგასსა და ივანოვიჩს "ევერტონთან" შეხვედრის მერე არც უვარჯიშიათ, რადგან მიკროტრავმები აწუხებდათ, სესკი გაციებული გახლდათ და სამი დღე დატვირთვაზე საუბარიც არ იყო.
ამ მატჩის წინა დღეს კი მათ პრესისთვის ივარჯიშეს, რომ მზადყოფნა ეჩვენებინათ, ხოლო მერე, უშუალოდ მატჩისას, ბოლომდე დაიხარჯნენ და ყველაფერი გაიღეს" - განაცხადა მოურინიომ.
ლორან ბლანი: "შერეული გრძნობები მაქვს. ერთი მხრივ, ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ გული მწყდება. ამ შეხვედრისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ და ყველა ვარიანტი განვიხილეთ. ყველაფერმა ჩვენი გეგმის მიხედვით ჩაიარა, ერთადერთი ეპიზოდის გარდა. თითქმის იდეალური მატჩი ჩავატარეთ და ჩვენი თამაშის ხილვისგან სიამოვნება მივიღე. თუმცა დასანანი და გულდასაწყვეტია, რომ მაინც ვერ მოვიგეთ. "ჩელსი" აქ გოლის გასატანად ჩამოვიდა და მიზანს მიაღწია კიდეც.
ლონდონელებმა მცველების კომბინაციით გაგვიტანეს, ჩვენ კი უფრო შემტევებზე, აზარზე, ვილიანზე და სხვებზე ვიყავით გადართულნი, მაგრამ "ჩელსის" ყველა მოთამაშე თანაბარ ყურადღებას იმსახურებს, რაც ამ მომენტმაც დაადასტურა. საკუთარი პოტენციალი, ხარისხი და ხასიათი გამოვავლინეთ, რის გამოც ამაყი ვარ ფეხბურთელებით.
გავიხსენოთ ჩვენი წინა სეზონები ჩემპიონთა ლიგაზე, "ბარსელონასთან" და "ჩელსისთან" საგარეო გოლის წესით დავმარცხდით. ამიტომაც დავაყენე დავიდ ლუისი საყრდენ ნახევარმცველად, ცენტრში სიმყარე გვჭირდებოდა. მე და ჟოზემ მატჩამდეც გავისაუბრეთ და მის მერეც ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ. მან თქვა, რომ ჩვენ ოთხივე ტურნირის მოგება შეგვიძლია, მაგრამ ვიცი, რომ ცოტა ირონიული იყო, რადგან ამ ტურნირზე გამარჯვებას თავად გეგმავს.
ჩვენ საპასუხო შეხვედრაშიც შევუტევთ, მაგრამ შევეცდებით, რომ ეს ჭკვიანურად გავაკეთოთ, თუ თავს კარგად დავიცავთ, ერთი გოლიც საკმარისი იქნება".
დავიდ ლუისის ოხუნჯობა
ისე როგორ იქნებოდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და დავიდ ლუისისნაირ ექსცენტრიკულ და მხიარულ ადამიანებს რამე ორიგინალური და სახალისო არ გაეკეთებინათ - ერთ-ერთი სტანდარტულის დროს დავიდ ლუისი "დანაშაულის ადგილას" მიიჭრა და "ფაქტები" გააყალბა - მან მსაჯის მიერ ქაფით გავლებული ზოლი ხელით მოწმინდა და გვერდზე, უფრო ხელსაყრელ ადგილას ხელახლა გაავლო. იბრამაც მშვიდად აიღო ბურთი და გადმოდო. დავიდ ლუისი კი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მართლაც მონდომებული და ცოტა აგრესიულიც იყო.
P.S. საინტერესო ამბები ხდებოდა სტადიონს მიღმაც. "ჩელსის" მძღოლს ავტობუსის პარკირება გაუჭირდა და მთელ საფეხბურთო სამყაროს სალაპარაკო მისცა. როგორც ჩანს, "ლურჯების" ფეხბურთელებს მინდორზე მართლაც უკეთ შეუძლიათ "ავტობუსის დაყენება", ვიდრე მათ მძღოლს პარკირება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"