ჩელსი-პსჟ 1:1 (2:2 დ.დ.). გამოხმაურება: იბრა და 11 ჭიჭყინა ბავშვი

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგა დიდი სირცხვილის წინაშეა... მაშინ, როდესაც ინგლისური გუნდები დიდ ფულს ხარჯავენ ახალ-ახალ ფეხბურთელებში და საუკეთესო ჩემპიონატი გვაქვსო, გაიძახიან, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პრემიერლიგა, ალბათ, წარმომადგენლის გარეშე დარჩება.

"ლივერპული" რა ხანია, გავარდა, "ჩელსიმ" "პარი სენ-ჟერმენთან" განიცადა ფიასკო, "არსენალს" შინ 1:3 აქვს წაგებული, ხოლო "სიტის" - 1:2. "ლუი მეორეზე" 3-ის კი არა, 1 გოლის გატანაა რთული, ხოლო "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" დამარცხება როგორია, ესეც მოგეხსენებათ.

"ჩელსიმ" საშინელი პრესა და პრესი მიიღო. ბრიტანელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ინგლისური ფეხბურთის სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრეს და ყველა ცალ-ცალკე გააკრიტიკეს.
სამაგიეროდ, აქეს და ადიდეს პსჟ, განსაკუთრებით კი, დავიდ ლუისი და მარკო ვერატი. პირველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, მაგრამ ვერატიც შეუდარებელი გახლდათ, რომელიც მეტოქის შეტევებსაც შლიდა და თავისი გუნდისას იწყებდა.

სანამ იტალიელი ცოტა დაიღლებოდა (თან, რაც მთავარია, ყვითელი ბარათი ჰქონდა) და მას ამ გამარჯვების კიდევ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ლორან ბლანი შეცვლიდა, ის საუკეთესო იყო. ჯეიმი კარაგერი, ტიერი ანრი, გრემ სუნესი... ყველანი აღფრთოვანებულნი იყვნენ ვერატით და დავიდ ლუისითაც, რომელიც მატჩის მერე ამაყად დააბიჯებდა "სტემფორდ ბრიჯის" მინდორზე.

ბრაზილიელს ობსტრუქციას უწყობდნენ და როგორც ჩანს, ამან კიდევ უფრო საბრძოლოდ განაწყო და გააბრაზა, ამიტომაც გატანილი გოლი ძალიან ემოციურად აღნიშნა, რისთვისაც მერე მოიბოდიშა, არ ვაპირებდი აღნიშვნას, მაგრამ ეს ძალიან ემოციური მომენტი იყოო.

ბიორნ კუიპერსმა სუსტი მატჩი ჩაატარა, არაერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და შეცდომები დაუშვა. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავის სტილში იხუმრა - მსაჯმა ტყუილად გამაძევა, მაგრამ ამაზე მძიმე ის იყო, თუ როგორ ითხოვდნენ წითელ ბარათს "ჩელსის" ფეხბურთელები, ჩემ გარშემო 11 "ჭიჭყინა ბავშვი" გახლდათ თავმოყრილი და ეს რთული გასაძლები იყოო.

ჟოზე მოურინიომ, ტრადიციულად, ერთი-ორი მწარე კომენტარი გააკეთა და მეტოქეს კბილი გაჰკრა, მაგრამ გვაჯობესო, ეს კი აღიარა.

პორტუგალიელი განსაკუთრებით უკმაყოფილო იმით იყო, რომ მისმა გუნდმა ორივე გოლი კუთხურის მერე გაუშვა. მცველებმა ყურადღებით ვერ ითამაშეს და მეორე ბურთისას არც ტიბო კურტუა გახლდათ ბოლომდე მართალი. პარიზელებმა "ლურჯებს" თავიანთვე იარაღით აჯობეს - მცველების გოლები და სტანდარტული სიტუაციები.

"ჩვენი თამაში საკმარისად კარგი არ გახლდათ. მეტოქე უფრო ძლიერი იყო და ზეწოლასაც უფრო მეტად გაუძლო. ჩვენ ვცადეთ და გვინდოდა მოგება, მაგრამ წნეხს ვერ გავუძელით.

"პარი სენ-ჟერმენმა" დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ხოლო გუნდი, რომელიც კუთხურისას თავს ვერ იცავს და ორ გოლს უშვებს, მოგებას არ იმსახურებს. მეტოქე აგრესიული იყო და ჭკვიანურად ითამაშა. მეორე გოლის მერე კი ტრავმების სიმულირება დაიწყეს და დრო გაიყვანეს. ინგლისური გუნდები ასეთ ხერხებს არ მიმართავენ ხოლმე, მაგრამ სხვები ამისთვის უფრო მომზადებულნი არიან. ამას "ბინძურ" თამაშს და ხერხს ვერ დავარქმევდი, ცნობილი და პოპულარული ხრიკებია. სასაცილოდ საქმე არ გვაქვს, მაგრამ არც ტირილის დროა.

ახლა მთავარი სიტუაციისა და შეცდომების გაანალიზებაა. ლიგის თასი მოვიგეთ და თუ ამას პრემიერლიგასაც დავუმატებთ, მაინც ძალიან კარგი სეზონი იქნება. სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს" - განაცხადა მოურინიომ.

"ჩელსი" მართლაც ზედმეტად ფრთხილად თამაშობდა ან მეტოქე არ აძლევდა მეტის საშუალებას, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" 210 წუთიდან 90 ათი კაცით ჩაატარა, თანაც ლონდონში, სადაც ორჯერ აგებდა და ორჯერ გაათანაბრა, მომენტები იქამდეც ჰქონდა და პირველ შეხვედრაშიც არ გაუმართლა, რომ ვერ მოიგო.

წინა სეზონებშიც, იმავე "ჩელსისთან" პსჟ-ს იღბალმა ზურგი აქცია და ფრანგული გუნდი მეტოქის მინდორზე გატანილი მეტი გოლის წესის გამო იჩაგრებოდა, ახლა კი თავად ისარგებლა ამ წესით, ერთხელ ფორტუნას პსჟ-სკენაც უნდა გაეხედა. პარიზელები მართლაც ღირსეულად გავიდნენ მეოთხედინალში.

"ძალიან დავიღალე და ბევრი ვინერვიულე, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ! ორი მატჩის ჯამში, ჩვენ სამართლიანად გავედით შემდეგ ეტაპზე, რადგან მეტოქეს ვაჯობეთ.

10 კაცით დარჩენა ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, მაგრამ სიტუაციას აღლო კარგად ავუღეთ, თავს მშვენივრად ვიცავდით და შეტევაშიც კარგად ვთამაშობდით. წარმატებას გუნდური და შემართული თამაშის წყალობით მივაღწიეთ, მთელმა ჯგუფმა ბრწყინვალედ იმუშავა.

თავიდან თავადაც კი გაკვირვებული დავრჩი, თუ როგორ მშვიდად გამოიყურებოდა ჩემი გუნდი, მიუხედავად ზლატანის გაძევებისა. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი ვიყოთ და ამისკენ მივისწრაფვით. ვამაყობ და ბედნიერი ვარ" - ამბობდა მატჩის მერე ბლანი.

მატჩს კიდევ ერთი გმირი ჰყავდა - პსჟ-ის კაპიტანი ტიაგო სილვა, რომელმაც საკუთარი შეცდომის გამო დანიშნული პენალტით გაშვებული გოლი გაქვითა და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. "სტემფორდ ბრიჯი" ცრემლებით მოჰყვა, ბრაზილიელი ემოციური კაცია.

"ჩელსი" ძველმა მეგობრებმა - ტიაგო სილვამ და დავიდ ლუისმა დაამარცხეს. ისინი ბავშვობიდან ერთად მოდიან და ლონდონელებსაც ერთად აჯობეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული