ატლეტიკო VS ლევერკუზენი - ხმაურიანი "კალდერონის" მოლოდინში

AutoSharing Option
* პირველ დაპირისპირებაში "ბაიერმა" 1:0 იმარჯვა ჰაქან ჩალჰანოღლუს გოლით.
* "ბაიერს" არასოდეს გადაულახავს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი. 2002-ში გუნდი ლიგის ფინალში იყო, მაგრამ მაშინ მერვედფინალური ეტაპი არ არსებობდა (ორი ჯგუფური ეტაპი იყო).
* "ატლეტიკომ" ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი მოიგო 10:0 ბურთების შეფარდებით.
* "ატლეტიკოს" დიეგო გოდინი და ტიაგო დისკვალიფიცირებულები ჰყავს.

მადრიდის "ატლეტიკო" იმდენად კარგად ასპარეზობს შინ, რომ ლევერკუზენის "ბაიერს" ძალიან გაუჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ პირველ დაპირისპირებაში გერმანელებმა მოულოდნელი გამარჯვება იზეიმეს.

დიეგო სიმეონეს გუნდს მხოლოდ გამარჯვება სჭირდება, რომელიც ზედიზედ მეოთხე იქნება
საშინაო არენაზე ჩემპიონთა ლიგაზე. ისე კი, "როხიბლანკოსმა" ევროასპარეზზე ბოლო 22 მატჩიდან 20 (!) მოიგო შინ და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (ყაზანის "რუბინთან").

ესპანურ კლუბს დადებითი ბალანსი აქვს გერმანულ კლუბებთან დაპირისპირებაშიც - 10 მოგება, 2 ფრე და 3 მარცხი.

სულ 19 შემთხვევა გვახსოვს, როცა "ატლეტიკომ" ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა დათმო და აქედან 10-ში საბოლოოდ "ლოს კოლჩონეროსი" გამოვიდა გამარჯვებული. ბოლო ასეთი ფაქტი 2008 წელს მოხდა, როცა ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე "ატლეტიკო" "შალკესთან" 0:1 დამარცხდა, მაგრამ "ვისენტე კალდერონზე" 4:0 გაანადგურა მეტოქე.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო):
"კოკე დღეისათვის ერთ-ერთი საუკეთესო "ჭკვიანი" ფეხბურთელია. როცა ის კარგ ფორმაშია, ყველაფერი უსწრაფესად გამოსდის, რადგან სწრაფად ფიქრობს მოედანზე. "ბაიერი" ვერტიკალური გუნდია, ის ძალიან პირდაპირ ფეხბურთს თამაშობს. მეტოქეს იმდენად სწრაფი ფორვარდები ჰყავს, რომ მათ აუცილებლად უნდა ვუფრთხილდეთ, თუ არ გვინდა, წინა მატჩის სიუჟეტი განმეორდეს.

ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და მთავარია, სწრაფად გადავიტანოთ ბურთი შეტევაში, მას მერე, რაც მას მეტოქე დაკარგავს.

მე მსურს ხმაურიანი კალდერონი, ეს ძალიან დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. საუკეთესო საშუალება, მოიგო, არის კარგი ფეხბურთის თამაში.

ფეხბურთში, ისევე, როგორც ცხოვრებაში, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვსურს ხოლმე. ამიტომ უნდა ვიშრომოთ და რწმენა არ დავკარგოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ცივსისხლიანები".

როჯერ შმიდტი (ლევერკუზენი):
"პირველი მატჩის შედეგი პოზიტიურია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არაფრისთვის არ მიგვიღწევია. "ატლეტიკო" ისევ ფავორიტია და ჩვენ ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ მიზანს მივაღწიოთ.

კარგად ვიცით, რომ "ატლეტიკო" შინ ძალიან ძლიერია, თითქმის დაუმარცხებელი, მაგრამ არ უნდა შევშინდეთ და ჩვენი უპირატესობები გამოვიყენოთ.

ისევე, როგორც შინ, ახლაც სწრაფად უნდა ვითამაშოთ და შევეცადოთ, ბურთზე კონტროლიც ჩვენ მოვიპოვოთ. გუნდურად ვითამაშებთ, 90 წუთი კონცენტრირებულნი ვიქნებით და ვნახოთ, რა მოხდება. ლარს ბენდერი გამოჯანმრთელდა და ის, ალბათ, ითამაშებს.

როგორ შეიძლება მეტოქეზე ითქვას, რომ ის კრიზისშია, ახლახან მათ "რეალი" დაამარცხეს და შაბათს ათი კაცით სჯობდნენ "ესპანიოლს".

მარიო მანჯუკიჩი და ფერნანდო ტორესი განსხვავებული, მაგრამ საშიში ფორვარდები არიან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. არ ვნერვიულობ, აღტაცებული ვარ და ვტკბები ამ მომენტით. "კალდერონზე" ატმოსფერო კი ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია იქნება".

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
17 მარტი. მადრიდი (ესპანეთი). "ვისენტე კალდერონი". 23:45
ატლეტიკო-ლევერკუზენი
პირველი თამაში: 0:1

დისკვალიფიკაცია: გოდინი, ტიაგო (ატლ)
ტრავმა: საულ ნიგესი, სიკეირა - კრუსი, ბენდერი (?), იედვაი (?), სპაჰიჩი (?)

სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-3-3): მოია - ხუანფრანი, ხიმენესი, მირანდა, გამესი - სუარესი, გაბი, კოკე - არდა, გრიზმანი, მანჯუკიჩი
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰიბერტი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ვენდელი - კასტრო, ბენდერი - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი - დრმიჩი

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული