ატლეტიკო VS რეალი - რევანშის დერბი?

AutoSharing Option
სათაურში დაწერილი, როგორც გსურთ, ისე იკითხება - ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალიდან 11 თვის გასვლის მერე ეს ორი გუნდი მეოთხედფინალში დაეჯახა ერთმანეთს და "ატლეტიკოს" რევანშის შანსი აქვს... მეორე მხრივ, ბოლო დროს (თასზე, ლა ლიგაში) "ატლეტიკო" ყველგან სჯაბნის მეტოქეს და ეს დაპირისპირება "რეალისთვისაც" კარგი შანსია შურისძიებისთვის.

მაშინ, ლისაბონში "ლოს მერენგესი" აგებდა დიეგო გოდინის გოლით, მაგრამ ბოლო წამს სერხიო რამოსმა გაათანაბრა. დამატებით დროში კი "რეალის" უპირატესობა აშკარა იყო, გარეთ ბეილმა, მარსელომ და კრიშტიანო რონალდომ კარლო ანჩელოტის გუნდს რეკორდული, მე-10 ტიტული მოაგებინეს.

რონალდომ, მართალია,
პენალტით გაიტანა, მაგრამ მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან ეს იყო მე-17 გოლი ჩემპიონთა ლიგის სეზონში, ახალი რეკორდი.

სტატისტიკა
* ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში "ატლეტიკომ" ოთხივე საშინაო შეხვედრა მოიგო, ხოლო "რეალმა" - ყველა საგარეო მატჩი.

* შარშანდელი ფინალის გარდა, ევროთასებზე ეს გუნდები 1958/59 წლების ევროპის თასზეც შეხვდნენ. ნახევარფინალურ ეტაპზე "რეალმა" შინ 2:1 მოიგო, "ატლეტიკომ" - 1:0. დაინიშნა გადათამაშება სარაგოსაში, სადაც ფერენც პუშკაშმა გადამწყვეტი ბურთი გაიტანა და "რეალი" ფინალში გაიყვანა.

* გუნდები ამ სეზონში უკვე 6-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. "ატლეტიკომ" ორივეჯერ მოიგო ლა ლიგაში: 2:1 და 4:0; თასზე "ატლეტიკომ" 2:0 და 2:2 ითამაშა "რეალთან"; სუპერთასზე - 1:1 და 1:0. "ატლეტიკოს" მხარეს 4 მოგება და 2 ფრეა.

* გუნდები ესპანეთის ჩემპიონატში და თასზე ერთმანეთს 201-ჯერ შეხვდნენ: 103-ჯერ "რეალმა" მოიგო, 50-ჯერ - "ატლეტიკომ".

* "ატლეტიკო" ამ ეტაპს ისტორიაში მეშვიდედ თამაშობს, წინა 6 შემთხვევიდან გუნდი 4-ჯერ გავიდა ნახევარფინალში.

* "ატლეტიკო" 15-ჯერ შეხვდა ევროთასებზე ესპანურ გუნდებს: 7 მოიგო და 5 წააგო.

* ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში "ვისენტე კალდერონზე" "ატლეტიკოს" გოლი არ გაუშვია.

* "ატლეტიკომ" ევროთასებზე "ვისენტე კალდერონზე" ბოლო 23 თამაშიდან 21 მოიგო.

* "რეალი" ზედიზედ მეხუთედ არის მეოთხედფინალში, წინა ოთხ შემთხვევაში "რეალი" ნახევარფინალში გავიდა.

* "რეალს" სურს გახდეს პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერაში შეძლო ტიტულის შენარჩუნება.

* "ლოს ბლანკოსის" 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა საპასუხო მერვედფინალში, როცა "რეალი" შინ "შალკესთან" დამარცხდა - 3:4 და კინაღამ გავარდა გათამაშებიდან.

* რონალდომ 78 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაში და რეკორდსმენ რაულ გონსალესს გაუსწრო.

* კარლო ანჩელოტის აქვს შანსი, გახდეს პირველი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა ლიგას ოთხჯერ მოიგებს.

* კარლო ანჩელოტი და დიეგო სიმეონე მწვრთნელის რანგში 11-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: სიმეონემ 5-ჯერ მოიგო, ანჩელოტიმ - 3-ჯერ.

* რონალდომ "ატლეტიკოს" კარში 20 თამაშში 16 გოლი გაიტანა.

მატჩის წინ
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ატლეტიკო" და "რეალი" ძალიან განსხვავებული გუნდებია. ეს ამ გუნდების ფეხბურთელთა ხარისხით არის გამოწვეული. ლისაბონის ფინალს ეს შეხვედრა არ დაემსგავსება, რადგან ბევრი ფეხბურთელი აღარ არის გუნდებში. ძალიან ბევრ პოზიციაზე "რეალში" უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები მივიდნენ. წინა მატჩებზე სულაც არ ვფიქრობ, რადგან ყოველი დაპირისპირება თავისებურად ახალია.

ერთი ვიცი, შეხვედრის რიტმი და ინტენსივობა იქნება მაქსიმალურად მაღალი. გუნდის სახელით ვთხოვ ფანებს, იყვნენ ჩვენ გვერდით. ფეხბურთელთა და გულშემატკივართა ურთიერთობაში გარკვეული სიმბიოზია, რომელიც არ უნდა დაირღვეს. ჩვენი ფანები ამაყობენ, რომ მათი გუნდი ევროპის რვა საუკეთესო გუნდში არის. ვიყოთ რეალისტები, ჩვენ მხოლოდ მომავალ თამაშზე უნდა ვიფიქროთ".

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ატლეტიკო" ძალიან რთული მეტოქეა. ეს გუნდი ძალიან ორგანიზებულად თამაშობს მინდორზე. "რეალში" მათი დიდი პატივისცემა გვაქვს. "ატლეტიკო" იბრძვის პირველიდან ბოლო წუთამდე. მატჩის დღეს ჩემი გუნდიც ასეთი უნდა იყოს, თავიდან ბოლომდე მებრძოლი.

გარეთ ბეილი თუ ბოლომდე არ იქნება მზად, არ ვათამაშებ. მიხარია, რომ მთელი გუნდი მზადაა თამაშისთვის. სქემები მთავარი არ არის, მთავარია კომპაქტურობა. ყოველ თამაშს თავისი ისტორია აქვს, იმ ძველ წაგებებსაც "ატლეტიკოსთან". მთავარია, ჩვენი ძლიერი მხარეები სრულად გამოვიყენოთ: ინდივიდუალური კლასი და სისწრაფე.

მოედანზე მოსაგებად გავალთ, თუმცა შანსები თანაბარია, რადგან მეტოქეებიც დაახლოებით თანაბარი გუნდებია. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა".

14 აპრილი. მადრიდი (ესპანეთი). "ვისენტე კალდერონი". 22:45
ატლეტიკო-რეალი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მანჯუკიჩი (?), მოია (?), გოდინი (?), რაულ გარსია (?) - ბეილი (?), მედრანი, კოენტრაო (?), ხედირა (?)

სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, გამესი - არდა თურანი, ტიაგო, მ. სუარესი, კოკე - გრიზმანი, მანჯუკიჩი

რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, მოდრიჩი, ხ. როდრიგესი - ბეილი, ბენზემა, რონალდო

მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი სიმეონე აჩვენე რეალს სეირი წესი აუგე!!
გენო
19:12 14-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული