ბარსელონა VS პსჟ - პარიზელთა ზლატანიმედი

AutoSharing Option
ფრანგული ლიგა 1-ის ლიდერი "პარი სენ-ჟერმენი" "ბარსელონაში" თითქმის შეუსრულებელი მისიით ჩადის - გუნდმა უნდა აღმოფხვრას შინ წაგებული 1:3 და თან ეს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან, მისსავე მოედანზე უნდა გააკეთოს, მაგრამ ლორან ბლანის გუნდმა არაერთხელ აჩვენა, რომ მისი ჩამოწერა არასოდეს შეიძლება...

პირველად იყო პარიზი
ჯერ კიდევ "პარკ დე პრენსზე" გამართულ მატჩამდე "ბარსელონა" ამ წყვილში ფავორიტად მიიჩნეოდა, მით უფრო, ახლა, სტუმრად 3:1 მოგების შემდეგ. "ბარსას" მიღწევები ბოლოს მართლაც შთამბეჭდავია - 12 შეხვედრაა, ლუის ენრიკეს გუნდი არ მარცხდება, თანაც, 10 შემთხვევაში "ბარსა" გამარჯვებული
დარჩა. უკანასკნელი 36 თამაშიდან "ბარსამ" ვერ მოიგო მხოლოდ 4!

მაგრამ საქმეს ბოლომდე მიყვანა უნდა, გრეგორი ვან დერ ვილის დარტყმა (რომელსაც რიკოშეტი დაეხმარა) პარიზელებს მცირე იმედს უტოვებს. "ბარსა" კი არანაირ ნიშანს არ იძლევა ამ იმედისთვის - ლა ლიგის ბოლო ტურში კატალონიურმა გუნდმა 2:0 აჯობა ძლიერ "ვალენსიას". ანგარიში 55-ე წამზე ლუის სუარესმა გახსნა, ეს ურუგვაელის მე-19 გოლია "ბარსას" მაისურით; აი, ბოლო წამებზე ლეო მესიმ კი "ბლაუგრანას" ფორმით მე-400 გოლი გაიტანა.

მოკლედ, "ბარსა" დიდებულ ფორმაშია, გუნდი ჩემპიონატში ლიდერობს, ბილბაოს "ატლეტიკთან" კოპა დელ რეის ფინალი დაბევებული აქვს და ცალი ფეხით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ოთხეულშია გასული.

პსჟ-მ ბოლო სეზონებში ახლოს გაიცნო "ბარსელონა" - 2013 წლის აპრილიდან ეს ამ გუნდების მეექვსე დაპირისპირებაა. ბლანს შეუძლია, შეახსენოს თავის ფეხბურთელებს, რომ მათ ერთხელ უკვე დაამარცხეს ამ სეზონში "ბარსელონა". ფრანგებს აქვთ დამაიმედებელი გამოცდილება წინა, მერვედფინალური ეტაპიდანაც, როცა "სტემფორდ ბრიჯზე" მიაღწიეს წარმატებას და "ჩელსი" ევროსარბიელს მიღმა დატოვეს.

"ბარსელონას" დისკვალიფიკაციამოხდილი დანი ალვეში უბრუნდება, ხოლო პსჟ-ის შენამატი წინა დაპირისპირებასთან შედარებით უფრო სოლიდურია - ბრუნდებიან მარკო ვერატი და ყოფილი ბარსელონელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. პარიზელებს დაცვის ცენტრში ტიაგო სილვა არ ეყოლებათ, რომელსაც დავიდ ლუისი შეცვლის, რომელიც ასევე არ არის მთლად ჯანზე. ტიაგო მოტას თამაში კი გამორიცხულია. ანდრეს ინიესტამ ტრავმა მოირჩინა და სავარაუდოდ, თამაშს შეძლებს.

მატჩის წინ
ლუის ენრიკე (ბარსელონა): "პსჟ-მ პირველ მატჩში წააგო, ამიტომაც ხვალ ისინი ყველა ღონეს იხმარენ გასამარჯვებლად, ყველა იარაღს გამოიყენებენ საამისოდ; არადა, მათ ნამდვილად შეუძლიათ ბევრის მიღწევა.

ჩვენი მიზანი ნათელია - თამაში უნდა მოვიგოთ, ამისთვის კი კვლავ ფანტასტიკურად უნდა ვითამაშოთ. ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები არა ვართ, ჩვენ ვართ ნახევარფინალში გასვლის კანდიდატები, ისევე, როგორც პსჟ.

ხვალ ჩვენი ფანების მხარდაჭერის იმედი მექნება".

ლორან ბლანი (პსჟ): "ზლატანს და მაქსველს ამ ქალაქში უცხოვრიათ, მათ კარგად იციან "ბარსას" ავან-ჩავანი. ეს ჩვენთვის უპირატესობაა. იბრა ხვალ ყოველგვარი შიშის გარეშე ითამაშებს, ჩვენ ხომ დასაკარგავი არაფერი გვაქვს.

პირველ მატჩში თამაში ისე ვერ აგვეწყო, როგორც გვსურდა. კარგი ფორვარდი ყოველთვის შეუცვლელია, ჩვენ კი პირველ შეხვედრაში იბრაჰიმოვიჩი არ გვყავდა.

"ბარსელონა" დიდი კლუბია, მათ ისეთი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებზეც კარიერის დასრულების შემდეგაც დიდხანს ილაპარაკებენ. ჩვენ ორ კლუბში ერთი სხვაობაა - პსჟ აშენებს დიდ კლუბს, ხოლო "ბარსა" უკვე ასეთია.

არ მიყვარს სიტყვა "შურისძიება", ჩვენ, უბრალოდ, მოსაგებად გავალთ. მეტოქის რიგებში, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ ვარსკვლავურ შემტევ ტრიოს, მაგრამ ეს ხომ ისედაც ცხადია".

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
21 აპრილი. ბარსელონა (ესპანეთი). "კამპ ნოუ". 22:45
ბარსელონა-პსჟ
I მატჩი: პსჟ-ბარსელონა 1:3
დისკვალიფიკაცია: ორიე (პსჟ)
ტრავმა: ვერმალენი, ინიესტა (?) - ტიაგო მოტა, ტიაგო სილვა (?), დ. ლუისი (?)

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი

პსჟ (4-3-3): სირიგუ - ვან დერ ვილი, მარკინიოსი, დ. ლუისი, მაქსველი - რაბიო, კაბაი, მატუიდი - კავანი, პასტორე, იბრაჰიმოვიჩი
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სტატიის ავტორს, ლუის სუარესმა ვალენსიასთან გოლი 55 წამზე გაიტანა
ქიზიყი
17:32 21-04-2015
0
სუარესმა 55-ე წამზე გაიტანა და არა 55-ე წუთზე!
ავთო
18:42 21-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული