ბარსელონა-პსჟ 2:0 - სასწაული არ მოხდა, "ბარსა" ნახევარფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ წყვილში ყველაფერი ჯერ კიდევ პარიზში გაირკვა, სადაც "ბარსელონამ" პსჟ-ს 3:1 მოუგო და ნათელი გახდა, რომ საკუთარ კედლებში ამ უპირატესობას არ გაანიავებდა. ფრანგები შეუსრულებელი მისიის წინაშე აღმოჩნდნენ და ეს მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ორი წამყვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა, მარკო ვერატის და ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით.

"ბარსელონამ" კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მეტოქეზე ორი თავით მაღლა დგას. მე-14 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ანდრეს ინიესტამ შესანიშნავი პასით ნეიმარი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, რომელიც სალვატორე სირიგუს მოხდენილი მოძრაობით გასცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

ამ ეპიზოდიდან 20 წუთში,
ნეიმარმა დუბლი შეასრულა, როდესაც დანი ალვეშის ჩაწოდებას თავური დარტყმა მიაყოლა, 2:0. "ბარსა" სრულ უპირატესობას ფლობდა და კიდევ არაერთი გოლის გატანა შეეძლო. თანაც, მასპინძლებს ეტყობოდათ, რომ ძალების დაზოგვით თამაშობდნენ და შესაძლებლობები სრულად არ წარმოუჩენიათ.

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია და მხოლოდ ინდივიდუალისტებით ფონს ვერ გახვალ.

პსჟ-ს ვარსკვლავები არც ერთ რგოლში არ აკლია, თავდასხმა კი ისეთი ჰყავს, რომ ნებისმიერი ევროპული გრანდი ინატრებდა - თუმცა, ფრანგებს არ ჰყავთ გუნდი, რომელიც "ბარსელონას" სინქრონულ და გრაციოზულ ფეხბურთს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა - იმ ფეხბურთს, რომელსაც ჯერ კიდევ პეპ გვარდიოლამ ჩაუყარა საფუძველი.

"ბარსაში" დიდი ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ "ბარსა", პირველ რიგში, გუნდია და სწორედ ამაშია კატალონიელთა წარმატების საიდუმლო.

ახლა "ბარსელონა" 13 თამაშია, დაუმარცხებელია. აქედან 12 მოგებაა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
ბარსელონა-პსჟ 2:0
(პირველი მატჩი 3:1)
გოლები: 1:0 ნეიმარი (14), 2:0 ნეიმარი (34)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ჟორდი ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი (55. სერხი რობერტო), ინიესტა (46. ხავი) - ნეიმარი, მესი, ლ. სუარესი (75. პედრო)
პსჟ (4-3-1-2): სირიგუ - ვან დერ ვილი, დავიდ ლუისი, მარკინიოსი, მაქსველი - ვერატი, კაბაი (66. ლუკასი), მატუიდი (80. რაბიო) - პასტორე - იბრაჰიმოვიჩი, კავანი (80. ლავეცი)
გაფრთხილება: დავიდ ლუისი (პსჟ)
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 11-16; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9-5 (6-2); ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 90 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული