* მადრიდის "რეალი" არასოდეს გასულა ფინალში, თუკი პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში მარცხდებოდა.
* ხამეს როდრიგესი გახდა მეორე კოლუმბიელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა; არტურო ვიდალი კი მეორე ჩილელია, ვინც ეს შეძლო.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში "იუვენტუსმა" "რეალი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ყველაფერი მომდევნო პაექრობაში გადაწყდება.
2:1 არაფრის გარანტია არაა, მაგრამ ასეთი გუნდების დაპირისპირებაში გამარჯვება მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია.
მით უმეტეს, "იუვემ" სოლიდური თამაში აჩვენა, არაფერი დაუთმო მეტოქეს, რიგ კომპონენტებში აჯობა კიდეც და დამსახურებულად გაიმარჯვა. ამასთან, დავინახეთ ის რესურსი, რომლითაც გუნდს ფინალში გასვლა შეუძლია.
ბუნებრივია, "ვეკია სენიორა" მადრიდში ფრთხილ ფეხბურთს ითამაშებს და კონტრშეტევაზე შეეცდება ხეირის ნახვას, ეს საქმე კი მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს ნამდვილად ეხერხებათ.
მეორე მხრივ, ფინალში გასვლის კარგი შანსი რჩება "რეალს", რადგან "სამეფო გუნდისთვის" "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეუძლებელი არაფერია, მით უმეტეს, ერთბურთიანი ფორის აღმოფხვრა ნებისმიერ მეტოქესთან.
მოკლედ, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველის და კაცმა არ იცის, რა მოხდება ესპანეთის დედაქალაქში. ერთი ცხადია, ვიხილავთ ორი საფეხბურთო სტილის და კულტურის დაპირისპირებას, რაც ყოველთვის განსაკუთრებულად საინტერესოა.
ძალიან საინტერესოა იტალიელ მწვრთნელთა დუელი, რომლის პირველი რაუნდი მასიმილიანო ალეგრის გამარჯვებით დასრულდა. "იუვენტუსის" თავკაცი შესანიშნავად წაუძღვა შეხვედრას და მიიღო ის შედეგი, რომლითაც კმაყოფილი დარჩა. როგორც თავად განაცხადა, მას სჭირდებოდა ნებისმიერი გამარჯვება "რეალთან" და ეს გამარჯვება მან მიიღო.
ალეგრიმ 4-3-1-2 ტაქტიკა აირჩია, თუმცა მას შემდეგ, რაც კარლოს ტევესმა "იუვენტუსი" მეორედ დააწინაურა, გუნდი 3-5-2 სქემაზე გადაიყვანა. ამ შემთხვევაში, ეს უფრო 5-3-2 ტაქტიკა იყო, რადგან ტურინელები, პირველ რიგში, საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ.
ტაქტიკურმა ცვლილებამ აშკარად გაამართლა, "იუვემ" საკუთარ საჯარიმოსთან სივრცეები მაქსიმალურად შეზღუდა და "რეალს", პრაქტიკულად, შანსი არ დაუტოვა.
რაც შეეხება კარლო ანჩელოტის, მისი რამდენიმე გადაწყვეტილება კრიტიკის საფუძველი გახდა. პირველ რიგში, ეს სერხიო რამოსის ნახევარდაცვაში გამწესებაზე ითქმის, რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩააგდო თამაში. მატჩის შემდეგ თავად სერხიომაც აღიარა, რომ ცუდად იასპარეზა, თუმცა ბუნებრივია, ამაში თავისი თავი დაადანაშაულა და არა მწვრთნელი, რომელმაც ნომინალური მცველი მისთვის უჩვეულო პოზიციაზე გაამწესა.
ანჩელოტი გააკრიტიკეს იმისთვისაც, რომ ძირითად შემადგენლობაში გარეთ ბეილი დააყენა და არა ჩიჩარიტო, რომელიც ბოლო დროს შესანიშნავად ათამაშდა. "რეალმა" გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე დაიწყო თამაში და ესპანელმა ჟურნალისტებმა იტალიელ მწვრთნელს ესეც შეცდომად ჩაუთვალეს.
მოკლედ, სენიორ კარლოს კრიტიკა არ დაჰკლებია, ფეხბურთელთაგან კი ყველაზე მეტი მაინც ბეილს მოხვდა - მაგალითად, ირლანდიის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა როი კინმა საკუთარ "ტვიტერზე" შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მადრიდელებს ძალიან გაუჭირდათ 10 ფეხბურთელით თამაში, რადგან ბეილი მოედანზე საერთოდ არ იყო".
მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც თამაშით, ისე შედეგით. შესაძლოა, ვინმეს სამი ან ოთხი ბურთის სხვაობით სურდა მოგება, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და გავაცნობიეროთ, რომ მეტოქედ თვით მადრიდის "რეალი" გვყავს.
ესპანელებს მხოლოდ ორი რეალური მომენტი ჰქონდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცვამ მაღალ დონეზე ითამაშა.
ვფიქრობ, შუა ხაზში ვაჯობეთ მეტოქეს, ფორვარდებმა კი გოლები გაიტანეს. მთლიანობაში, შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ გარკვეულ კომპონენტებზე მაინც სამუშაო გვაქვს. წინ ერთი კვირაა და ვეცდებით, რომ მადრიდული მატჩისთვის იდეალურად მოვემზადოთ".
კარლო ანჩელოტი ("რეალის" მწვრთნელი): "მეორე გაშვებული გოლისას არ გაგვიმართლა, რადგან იქ ჩვენც შეგვეძლო გატანა და საბოლოოდ, აქეთ გავუშვით. შემდეგ მეტოქე 3-5-2 სქემაზე გადაეწყო და სივრცეები მაქსიმალურად შეზღუდა.
მთლიანობაში, ძალიან საინტერესო დუელია და ბუნებრივია, ყველაფერი მადრიდში გადაწყდება. რა იქნება ჩვენი მთავარი იარაღი "სანტიაგო ბერნაბეუზე"? - მოთმინება".
სერხიო რამოსი (რეალი): "ცუდად ვითამაშე და ეს ჩემზე უკეთ არავის მოეხსენება, თუმცა ვერც გუნდმა ივარგა. "იუვენტუსმა" გვაჯობა და პირველი მატჩი დამსახურებულად მოიგო.
დანებება ჩვენი სტილი არაა და განმეორებითი მატჩისთვის ვემზადებით. წინ დიდი ბრძოლაა და ზუსტად ვიცი, რომ გაცილებით უკეთ ვითამაშებთ. ახალ ამპლუას კარგად ვერ მოვერგე, მაგრამ მე მჯერა მწვრთნელის და მწვრთნელსაც სჯერა ჩემი, ეს კი უმთავრესია".
ანდრეა პირლო (იუვენტუსი): "ყველას დავანახვეთ, რომ თამაშში ვართ და იოლად არაფერს დავთმობთ. მადრიდში ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ ფინალის საგზური მოვიპოვოთ. უნდა ვიყოთ ისეთივე კონცენტრირებულნი, როგორც ეს პირველ მატჩში გავაკეთეთ.
მომეწონა ის, რომ ტექნიკურ ასპექტში მეტოქეს არაფრით ჩამოვუვარდებოდით. ჩვენ ბერლინში მივდივართ - ეს ფრაზა ჯერ კიდევ 2006 წლიდან მახსოვს, როდესაც გერმანიის დედაქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგეთ.
მჯერა, რომ ისტორია განმეორდება და ბერლინში კიდევ ერთ დიდ ტიტულს მოვიგებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
11:55 07-05-2015
იუვენტუსი-რეალი. გამოხმაურება: ალეგრის რაუნდი და ანჩელოტის იარაღი [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული