ბაიერნი VS ბარსელონა - არასოდეს იცი, რა მოხდება

AutoSharing Option
* "ბარსელონას" მიუნხენში არასოდეს მოუგია "ბაიერნისთვის".

* "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მერვედ გასვლასთან ახლოსაა. თუკი "ბაიერნი" გავა, ეს მისთვის მე-11 ფინალი იქნება.

* ფინალური მატჩი 6 ივნისს, ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება.

* "ბარსელონას" ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, მათ შორის, ჟერემი მატიოც, რომელმაც მოასწრო გამოჯანმრთელება.

ძალიან ცოტა უწინასწარმეტყველებს მიუნხენის "ბაიერნს" საპასუხო მატჩში სასწაულის მოხდენას, თუმცა ხოსეპ გვარდიოლა სულ სხვა აზრისაა და მისი მებრძოლი ხასიათის შესახებ ყველაზე უკეთ მისმა ვიზავიმ, ლუის ენრიკემ იცის. ამ დაპირისპირებაში ყველაფერი დასრულებული ჯერ არ არის, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ ორი
დიდი გუნდი დადგება.

6 მაისს ბარსელონაში ხოსეპ გვარდიოლას ტაქტიკამ 77-ე წუთამდე ამართლა, შემდეგ კი ლეო მესის გენიამ ყველაფერი გადაწონა, არგენტინელმა ორი გოლი გაიტანა და მატჩის მიწურულს ნეიმარსაც გაატანინა. 3:0 ის ანგარიშია, სხვა გუნდის შემთხვევაში ვიტყოდით, განწირულიაო, მაგრამ არა "ბაიერნის" შემთხვევაში, რომელიც არასოდეს ნებდება.

ხოსეპ გვარდიოლა (ბაიერნი): "ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვთამაშობთ. პირველი თამაში 0:3 წავაგეთ და ვეთამაშებით ბოლო 15 წლის მსოფლიოს საუკეთესო კლუბს. პირველ რიგში, მისგან თავი კარგად უნდა დავიცვათ და მერე ვნახოთ, რა მოხდება. არასოდეს იცი, რა მოხდება, 77-ე წუთამდე ბარსელონაში ხომ 0:0 იყო.

რა თქმა უნდა, გოლები უნდა გავიტანოთ. ყველა ის შანსი უნდა გამოვიყენოთ, რაც ალბათ, არც ისე დიდი რაოდენობით შეგვექმნება ხვალინდელ თამაშში. მაგრამ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თამაში გვაჩვენებს, რას მივაღწევთ. არ ველით და ალბათ, ვერც ვერავინ მოგვთხოვს, ისეთი დიდი ანგარიშებით მოვიგოთ, როგორც ეს "პორტუს" და "შახტარის" წინააღმდეგ გავაკეთეთ.

უნდა ვიყოთ, მომთმენნი. ყველაფერს 20-25 წუთში ვერ მოვახერხებთ და ამის გამო იმედი არ უნდა დავკარგოთ. "ბაიერნში" თავს ბედნიერად ვგრძნობ და მსურს, ამ გუნდისთვის და ამ ფეხბურთელებისთვის ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია. თუ ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდება წარმატებისთვის, ძალიან საწყენი იქნება.

ჩემთვის "ბაიერნის" მწვრთნელობა ახდენილი ოცნებაა. მსურს, ეს დუელი მოვიგო, მაგრამ ჩემი ცხოვრება არ შეიცვლება, თუ ამას ვერ მოვახერხებ. მხოლოდ ჩემი რეპუტაციისთვის არ ვიბრძვი, ყველაფერი ფეხბურთელებზეა. ჩვენ ვართ "ბაიერნი" და ერთი წამითაც არ გამიფიქრია, რომ შანსი აღარ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ამ თამაშის მოგება, მაგრამ ამას ანთებული გულებით და ჭკვიანური გეგმით თუ გავაკეთებთ".

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "დიახ, დღეისათვის, ჩვენ საუკეთესო გუნდი ვართ, რომელსაც კონტრშეტევებზე თამაში შეუძლია. თუ ეს პეპმა თქვა, მე მას ვეთანხმები, თუმცა გიჟური თამაში ხვალ სულაც არ გვსურს. ჩვენი მიზანია ბურთის დაჭერა და შანსების შექმნა. ეს, ალბათ, "ბაიერნის" მისიაც იქნება. ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ როგორც დაცვაზე, ასევე შეტევაზე, რადგან თუ მხოლოდ თავს დავიცავთ, გოლის გატანის შანსი არ გვექნება.

საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნები, რადგან პატივი უნდა სცე მეტოქესაც. ამიტომ ჩემი ფეხბურთელები მშვიდად უნდა იყვნენ. კარგად ვიცით, რა დიდი გუნდიც არის "ბაიერნი", ამიტომ მას ბევრი საგოლე შანსი არ უნდა მივცეთ. მეტოქე მის მოედანზე თამაშობს და გარანტირებული აქვს ფანების დიდი მხარდაჭერა, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

ბურთი უნდა ვაკონტროლოთ და საგოლე შანსები შევქმნათ. თუ თავიდანვე გავიტანთ, დიდებული იქნება, რადგან "ბაიერნი" საშიშია. ეს ბარსელონაშიც გამოჩნდა, მათ ბევრი პრობლემა გაგვიჩინეს. ხვალ ორი გუნდი გავა მოედანზე, ერთი მიზნით - ფინალში გასვლა, მაგრამ საგზური ერთია და იმედია, ის ჩვენ დაგვრჩება. ვიცი, რას აპირებს ხვალ გვარდიოლა, თქვენ გელით კარგი თამაში".

12 მაისი. მიუნხენი (გერმანია), "ალიანც არენა". 22:45
ბაიერნი-ბარსელონა
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალაბა, ბადშტუბერი, რიბერი, რობენი, როდე (?), შტარკე (?) - მატიო (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-1-4-1): ნოიერი - რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი - ჩაბი ალონსო - მიულერი, ლამი, ტ. ალკანტარა, გიოტცე - ლევანდოვსკი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

I თამაში. 6 მაისი
ბარსელონა-ბაიერნი 3:0
გოლები: 1:0 მესი (77), 2:0 მესი (80), 3:0 ნეიმარი (90)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (89. ბარტრა), ალბა - რაკიტიჩი (82. ჩავი), ბუსკეტსი, ინიესტა (87. რ. ალკანტარა) - ნეიმარი, მესი, სუარესი.
ბაიერნი (3-4-2-1): ნოიერი - რაფინია, ბენატია, ბოატენგი - ტ. ალკანტარა, ლამი, ჩაბი ალონსო, ბერნატი - შვაინშტაიგერი, მიულერი (79. გიოტცე) - ლევანდოვსკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბაიერნი გავა ომი იქნება
0
კი, ბარსელონა შეიძლება დღეს საკეთესო გუნდია ევროპაში, არაა გამორიცხული, მაგრამ მაინც არ დაგავიწყდეთ, როცა 2 წლის წინ ბარსელონა აგრეთვე საუკეთესო გუნდი იყო, მაშინ ბავარიამ/ბაიერნმა 3:0 და 4:0 მოუგო ჩემპიონთა ლიგის ნახევრფინალში.
busti
13:32 12-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული