რეალი VS იუვენტუსი - 95 წუთი ბერლინამდე

AutoSharing Option
* მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი", ჯამში, ერთად 20-ჯერ არიან გასულნი ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
* "რეალმა" 29 საშინაო მატჩიდან იტალიურ კლუბებთან 21 მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.
* კარლო ანჩელოტის აქვს შანსი, გახდეს პირველი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა ლიგას მეოთხედ მოიგებს.


"სამეფო კლუბმა" ტიტულის შესანარჩუნებლად, სულ მცირე, ერთგოლიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას "ბებერ ქალბატონთან", რომ "დესიმა" ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გასამართავ ფინალში დაიცვას.

ანალიტიკა: ვინ შეცვლის მოდრიჩს, რას მოუტანენ ბენზემა და პოგბა გუნდებს
როგორ ამოავსებს "რეალი" ლუკა მოდრიჩის არყოფნით შექმნილ ხვრელს? ფაქტია, ტურინული ექსპერიმენტი (რომელიც
ჯერ ლა ლიგაში დაიწყო) სერხიო რამოსით, ჩავარდა?

გადაერთვება "იუვენტუსი" მადრიდში სამკაციან დაცვაზე? რას შემატებენ თავიანთ გუნდებს გამოჯანმრთელებული ქარიმ ბენზემა და პოლ პოგბა?

ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხებს მადრიდული მატჩი გაგვცემს და სწორედ ისინი გადაწყვეტენ ორმატჩიანი დუელის ბედს.

ტაქტიკურად განსწავლული და ტექნიკურად სრულყოფილი ფეხბურთელის შეცვლა "რეალსაც" კი უჭირს, ლუკა მოდრიჩი კი სწორედ ასეთია. რამოსის ვარიანტმა დივიდენდები ლა ლიგაში მოიტანა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი მაინც სულ სხვა დონეა. ტურინში კარლოს ტევესი ღრმად იხევდა უკან და რამოსი პოზიციურად ცდებოდა.

კრეატიულობის თვალსაზრისითაც, რამოსს არაფერი შეუქმნია პირველ მატჩში.

"შეცდომები მოგვივიდა მეც და რამოსსაც, მაგრამ სერხიოს ურიგო თამაში არ ჰქონია", - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ და მას ზურგს სტატისტიკა უმაგრებს - მან პასების 87% ზუსტად დააბინავა (ამ შედეგით ანდრეა პირლოს გაუთანაბრდა), მაგრამ ხშირად ციფრები ბოლომდე ვერ ლაპარაკობენ.

ტურინში, როგორც კი კარლო ანჩელოტიმ ჩიჩარიტო გამოიყვანა და სამკაციან შეტევაზე გადაერთო, მასიმილიანო ალეგრიმ გუნდი 3-5-2 სისტემაზე გადააწყო. როგორც ჭადრაკშია - სვლას კონტრსვლა მოჰყვა.

რადგან ზურგმტკივანი ბენზემა ბრუნდება, ჩვენ შეიძლება ისევ ვიხილოთ სამკაციანი შეტევის ხაზი. დაიწყებს ალეგრი ამის გამო სამკაციანი დაცვით "სანტიაგო ბერნაბეუზე"? მან ეს ტაქტიკა გამოიყენა "ლუი II"-ზე და მეტოქეს კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყმევინა და ასე საჭირო 0:0-ს მიაღწია, მაგრამ "რეალი" "მონაკო" არ არის, ეს ყველამ უწყის. კრიშტიანო რონალდოს და კომპანიის წინააღმდეგ 1-ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება სულ სხვა ისტორიაა.

"მადრიდში ტურინზე უკეთ უნდა ვითამაშოთ და გოლიც გავიტანოთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავმარცხდებით", - აცხადებს ალეგრი.

4-3-1-2 ფორმაცია უფრო ლოგიკურად გვეჩვენება, მით უფრო, რომ პოგბა დაბრუნდა. ფრანგს მარტის შუიდან არ ეთამაშა, მაგრამ შაბათს "კალიარისთან" ამის არაფერი ეტყობოდა, ის კი არა, გოლიც პოგბამ გაიტანა იმ თამაშში.

მატჩის წინ
კარლო ანჩელოტი (რეალი): "ასე ახლოს ვართ ზედიზედ მეორე ფინალთან და ისტორიაში შესვლასთან, როგორც პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პერიოდში, რომელმაც ტიტული დაიცვა. ძალიან რთული ამოცანა გვაქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მას გავუმკლავდეთ.

"იუვენტუსს" თავისი საამაყო ისტორია უმაგრებს ზურგს და არა მგონია, ხვალ ეს გუნდი საკუთარი ძალების რწმენის გარეშე გამოვიდეს სათამაშოდ.

ბენზემა 100%-ით მზად არის სათამაშოდ და ის მოედანზე იქნება, სავარაუდოდ, თავიდანვე. ის გუნდის შემტევ პოტენციალს აძლიერებს, მაგრამ ქარიმს სათამაშო პრაქტიკა აკლია და ახლა მხოლოდ ეს მაფიქრებს.

სერხიო რამოსი ისევ შეიძლება იხილოთ ნახევარდაცვაში, ეს ვარიანტი არ გამორიცხულა.

ფანებმა კარგად იციან ხვალინდელი მატჩის მნიშვნელობა და ოთხშაბათს ყველანი ვიქნებით ერთ მუშტად შეკრულნი. ჩემი ოცნებაა კიდევ ერთი ფინალის თამაში, ამისთვის მეტოქეს ინტენსიური ტემპი უნდა შევთავაზოთ. ძალიან დაკვირვებულნი უნდა ვიყოთ, შეცდომებს თავი ავარიდოთ და საკუთარი მაღალი კლასი გამოვავლინოთ".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "არ შევცვლით დაცვით სისტემას, ძალიან საინტერესო მატჩი გველის, მაგრამ ტაქტიკური თვალსაზრისით, ბევრ ცვლილებას ვერ განვახორციელებთ.

0:0-ზე ფიქრი არაფრით არ შეიძლება, მხოლოდ დაცვაში თამაში დაგვღუპავს. 90 არა, 95 წუთი გვაშორებს ბერლინამდე. არავის ეგონა, რომ აქამდე მოვაღწევდით. ამაღამ კარგად დავიძინებ, რადგან ხვალ საღამოს უძილო ღამე მელის.

პოლ პოგბა კარგად არის და ის შეიძლება პირველივე წუთიდან გამოვიყვანო მოედანზე. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენს გუნდში, ისევე, როგორც კარლოს ტევესი, რომელიც ფანტასტიკური ფეხბურთელია, ვისაც ახლა დიდებული დროება უდგას.

რაც "იუვეში" გადმოვიდა, ალვარო მორატა ძალიან გაიზარდა. ვფიქრობ, ამას "რეალის" ფანები თავადვე ირწმუნებენ.

არ იქნება ნორმალური თამაში, ეს გამორიცხულია, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ აქ მიწევს ყოფნა. "რეალი" ხუთი კაცით უტევს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ დაცვაში".

13 მაისი. მადრიდი (ესპანეთი), "სანტიაგო ბერნაბეუ". 22:45
რეალი-იუვენტუსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მედრანი, მოდრიჩი, ბენზემა (?) - ასამოა, კასერესი, მარონე, რომულო
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, ს. რამოსი, პეპე, მარსელო - ხ. როდრიგესი, კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა, რონალდო
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - პირლო, პოგბა, მარკიზიო - ვიდალი - მორატა, ტევესი
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

I მატჩი. 5 მაისი
იუვენტუსი-რეალი 2:1
გოლები: 1:0 მორატა (9), 1:1 რონალდო (27), 2:1 ტევესი (58-პენ.)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - მარკიზიო, პირლო, სტურარო (64. ბარძალი) - ვიდალი - ტევესი (86. პერეირა), მორატა (78. ლორენტე)
რეალი (4-4-2): კასილიასი - კარვახალი, პეპე, ვარანი, მარსელო - ს. რამოსი, კროოსი, ხ. როდრიგესი, ისკო (63. ხ. ერნანდესი) - ბეილი (86. ხესე), რონალდო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული