რეალი-იუვენტუსი 1:1 - ჰორორი და თრილერი "ბერნაბეუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2014 წელს ტურინის "იუვენტუსმა" განაცხადა, რომ მადრიდის "რეალთან" შეთანხმებას მიაღწია და ალვარო ბორხა მორატა მარტინი 5-წლიანი კონტრაქტით გაიფორმა.

"სამეფო გუნდმა" გამოსყიდვის უფლება კი დაიტოვა, მაგრამ...

ალვარო მორატამ ექსგუნდს პირველ მატჩშიც გაუტანა და საპასუხოშიც, როდესაც ტრავმამოშუშებული პოლ პოგბას პასი მიიღო და იკერ კასილიასი უძლური დატოვა. ამ გოლმა ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა.

ამის მერე "იუვენტუსს" ორი დიდებული მომენტი ჰქონდა - ჯერ კლაუდიო მარკიზიომ ვერ გამოიყენა აშკარა საგოლე შანსი, მას კასილიასმა აუღო
და მერე პოგბამ შესანიშნავი პოზიციიდან ვერ დაარტყა ხეირიანად, ბურთი შუაში წავიდა და ისევ იკერმა იყოჩაღა. ამის გამო "ბებერი ქალბატონი" შეიძლებოდა დასჯილიყო, მაგრამ მადრიდელებმა მცდელობების მიუხედავად, ვერაფერი გაახერხეს და კარლო ანჩელოტი ყოფილ გუნდთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. ის პირადად მასიმილიანო ალეგრისთანაც დამარცხდა.

არადა, "რეალი" პირველ ტაიმში ძალიან კარგი იყო. თავიდან "იუვემ" მძლავრად კი დაიწყო, მაგრამ მერე "სამეფო გუნდმა" უპირატესობა მოიპოვა და წინ გასვლაც მოახერხა.

ხამეს როდრიგესს ჯორჯო კიელინისგან
მოხვდა ფეხში და იონას ერიკსონმა პენალტი დანიშნა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ გაიტანა. პორტუგალიელმა პენალტის დანიშვნაშიც ლომის წვლილი დაიდო, რადგან ბრძოლასა და ვარდნაში შეძლო მაინც პასის გაკეთება და კოლუმბიელს სწორედ მისგან მიუვიდა ბურთი, სანამ წააქცევდნენ.

"სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრებს სხვა შანსებიც ჰქონდათ. იგივე რონალდოს ერთ ეპიზოდში ბევრად უკეთ მართებდა თამაში, ერთხელაც მისი დარტყმა გარედან მოხვდა ბადეს.

სახიფათოდ შეუტია ქარიმ ბენზემამაც, რომელიც მოგვიანებით ანჩელოტიმ ხავიერ ერნანდესით ჩაანაცვლა, მაგრამ ჩიჩარიტოს არაფერი გამოუვიდა, ხოლო ანჩელოტის მეტი ცვლილება არ გამოუყენებია, როგორც ჩანს, თვლიდა, რომ უკეთესს ვერავის გამოიყვანდა.

მაქს ალეგრი კი მოგვიანებით მშვიდად გადაეწყო ხუთმცველიან ტაქტიკაზე და საერთოდ, შესანიშნავად ჩაატარებინა მეორე ტაიმი თავის ბიჭებს.

"იუვენტუსი" 2003 წლის მერე პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ტურინელებმა მაშინაც მადრიდელები ჩამოიშორეს ნახევარფინალში, იქამდე კი "ბარსელონას" მოუგეს, რომელთანაც 6 ივნისს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" ფინალი ელოდებათ.

კატალონიელები ფავორიტებად მიიჩნევიან, მაგრამ "იუვე" დაბრუნდა, ახლა მართლა დაბრუნდა...

გავიხსენოთ ისიც, რომ "ოლიმპიაშტადიონზე" იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული. იმ "სკუადრა აძურადან" დღეს "ლა ვეკია სინიორაში" ჯანლუიჯი ბუფონი (რომელიც ამჯერადაც შეუდარებელი გახლდათ), ანდრეა პირლო და ანდრეა ბარძალი არიან.

ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ელ კლასიკო" ისევ არ იქნება და ზედიზედ ორჯერ ამ ტურნირის თასი ისევ მიუწვდომელი რჩება. თბილისში სუპერთასის გასათამაშებლად ან "ბარსელონა" ჩამოვა, ან "იუვენტუსი".

დამაინც, რა იყო "რეალის" წაგების მიზეზი? ჩვენ ვიცით, რა გააკეთა "რეალმა" გასულ ზაფხულს...

მატჩის შემდგომი კომენტარები:
მასიმილიანო ალეგრი: ფინალში მოხვედრა დავიმსახურეთ

კარლო ანჩელოტი: აშკარა ფავორიტი "ბარსელონაა", მაგრამ ფინალში ყველაფერი ხდება

ალვარო მორატა: ასეთი დამოკიდებულება არ დამიმსახურებია
ტურნირები, რომლებიც რონალდომ შეიკთან დაშორების შემდეგ წააგო


ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
რეალი-იუვენტუსი 1:1
(პირველი მატჩი 1:2)
გოლები: 1:0 რონალდო (23-პენ), 1:1 მორატა (57)
რეალი (4-3-3): კასილიასი - კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო - ხ. როდრიგესი, კროოსი, ისკო - ბეილი, რონალდო, ბენზემა (67. ხ. ერნანდესი)
იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - პოგბა (89. პერეირა), პირლო (79. ბარძალი), მარკიზიო - ვიდალი - ტევესი, მორატა (84. ლორენტე)
გაფრთხილება: ისკო, ხ. როდრიგესი - ტევესი, ლიხტშტაინერი
კუთხური: 8-6 ჯარიმა: 11-7 თამაშგარე: 0-5 კარში დარტყმა: 22(5)-8(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 78 153.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
აჰა გაუსინჯეთ წაგეწბას გემო!!!!!!!!!
გენო
19:13 14-05-2015
0
ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ,რეალი მერჩივნა,სხვა ხიბლი ექნებოდა მოგებას.
sake
14:16 14-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული