მასიმილიანო ალეგრი: ფინალში მოხვედრა დავიმსახურეთ

AutoSharing Option
13 მაისს, ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მადრიდის "რეალთან" გამართული ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი ტურნირის ფინალის საგზური იტალიურმა გრანდმა მოიპოვა, რომელიც 6 ივნისს ბერლინში "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

ალეგრი უბედნიერესია "იუვენტუსის" წარმატების გამო, თუმცა თავისი გუნდის თამაშში არც ნეგატივს მალავს.

"რთული შეხვედრა იყო, რადგან "რეალი" ძალიან ძლიერია. ამ გუნდთან მთელი 95 წუთის განმავლობაში ბოლომდე მომართული და უაღრესად ყურადღებიანი
უნდა იყო, თორემ გოლებს პანტაპუნტით მიიღებ. ჩემი ბიჭები თავს კარგად იცავდნენ, მატჩის მიმდინარეობასთან ერთად კი უმატებდნენ. გვქონდა მომენტებიც, თუმცა ბოლო პასის გაკეთება გვიჭირდა.

ფინალში მოხვედრა დავიმსახურეთ, რადგან ბოლო წუთამდე ეჭვი არ შეგვპარვია წარმატებაში.

შესვენების დროს ვუთხარი გუნდს, რომ უნდა შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე, მომენტები კი მოგვეცემოდა. ჩვენ მოვახერხეთ თამაშზე კონტროლის დაწესება. ნახევარდაცვაში კარგად ვითამაშეთ, უკეთაც შეიძლებოდა გადაცემების კეთება, მაგრამ რაც უნდა იყოს, ფინალში გავედით და ეს ბრწყინვალე შედეგია.

"რეალს" არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს - ნახეთ, პირველი ათი წუთი როგორი ენერგიით თამაშობდნენ, მაგრამ ჩემი ბიჭებიც ძალიან კარგები იყვნენ.

ვფიქრობ, ალვარო მორატა დიდ ფეხბურთელად ყალიბდება. ის ახალგაზრდაა და აგრძელებს განვითარებას როგორც "ფიზიკის", ისე თამაშის აღქმის თვალსაზრისით. მგონია, რომ მას თავისი პოტენციალი ჯერ კიდევ არ გამოუვლენია, განვითარებისთვის კი წინ დიდი არეალი აქვს.

ვფიქრობ, "ბარსელონასთან" უნიკალური შეხვედრა გველის. იქნება მხოლოდ ერთი მატჩი, ორი - უფრო რთულია. "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს მიჩვეული ვარ - ოთხი წლის განმავლობაში ("მილანთან" ერთად) მას რვაჯერ დავუპირისპირდი. "ბარსას" დამარცხება ძნელია, მაგრამ ვიმეორებ, აქ საქმე მხოლოდ ერთ მატჩშია.

ჩვენ ბრწყინვალე კოლექტივი გვყავს, რომლითაც ძალიან ვამაყობ. უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის. შესაძლო "ოქროს ჰეთ-თრიქზე" კი ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ", - თქვა ალეგრიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული