ჟერარდ პიკე: ჩვენი მიზანი ერთია - ლიგის მოგება!

AutoSharing Option
ჟერარდ პიკე უკვე დიდი ხანია, "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერია. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი უკანახაზელი თავდასხმასაც აქტიურად ეხმარება და ბოლო წლებში კატალონიელების დომინაციის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ.

28 წლის პიკე შეეცდება, გუნდს მორიგი ტიტულის, კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმაროს.

- რამდენად რთულია ფეხბურთელისთვის მოტივაციის ძველებურად შენარჩუნება, უმაღლეს დონეზე ამდენი ხნის განმავლობაში თამაშის გათვალისწინებით?
- კარიერაში ყოველთვის არის მომენტები, როდესაც მოტივაციას ადვილად პოულობ და პირიქით, არის მონაკვეთები, როდესაც ამის გაკეთება გიჭირს.

პერიოდს მნიშვნელობა არ აქვს. რამდენწლიანი კარიერაც არ უნდა გქონდეს გამოვლილი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის
პლეი ოფში ხარ, შემართება არ გაკლია. იგივე ეხება ისეთ შეხვედრებს, რომლებიც ჩემპიონატის მოგებისთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა ზოგჯერ საკუთარი თავის სათანადოდ მოტივირება უფრო ძნელია. თუმცა, როგორც ფეხბურთელს, ყოველთვის მოგება გინდა.

- ფინალში გასვლამდე თუ გჯეროდათ, რომ ამ "ბარსელონას" კიდევ შეუძლია ევროპის დაპყრობა?
- დიახ. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ამის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. მიზნად სწორედ ჩემპიონთა ლიგის მოგება გვაქვს დასახული. ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენსას შევეცდებით. ზოგადად, ამ ტურნირზე ყველაფერი პატარა დეტალებზეა დამოკიდებული. უნდა გაგიმართლოს, რომ ტრავმები აირიდოს, კარგ ფორმაში უნდა შეხვდე კონკრეტულ, მნიშვნელოვან შეხვედრებს. ვფიქრობ, ახლა მშვენიერ ფორმაში ვართ და გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს.

- ის მომენტი თუ გახსოვთ, როდესაც "ბარსელონა" შეგიყვარდათ?
- ჩემი აზრით, ეს მომენტი არ არის - პროცესია. ყველაფერი იწყება იმით, რომ მუდმივად დადიხარ სტადიონზე, უყურებ ფეხბურთს, მამას ან ბაბუას ყოველ უქმეებზე მიჰყავხარ თამაშებზე და ნელ-ნელა კლუბი, მისი ისტორია გიყვარდება. 7-8 წლის ასაკში კი უკვე ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი და აქედან მოყოლებული, "ბარსას" ფერები უკვე რაღაც განსაკუთრებულს ნიშნავდა ჩემთვის.

- ყველაზე მეტად "ბარსელონას" რომელი ფეხბურთელები დაგამახსოვრდათ ბავშვობიდან?
- ბუნდოვნად მახსოვს "უემბლის" ფინალი "სამპდორიასთან", რომელიც "ბარსელონამ" დამატებით დროში რონალდ კუმანის გოლით მოიგო. ეს ჩვენი პირველი წარმატება იყო ჩემპიონთა თასზე. ამ მატჩს ჩვენი კლუბის ისტორიაში დიდი ადგილი უჭირავს, რადგან "ბარსა" ყოველთვის ძლიერი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი ტიტულების რეგულარულად მოგება დაახლოებით 25 წელია, რაც დაიწყო და მიხარია, რომ მაქვს პატივი, ამ ყველაფერს ცოცხლად ვადევნებდე თვალყურს.

- რა ხდის ასე განსაკუთრებულს ჩემპიონთა ლიგას?
- თუნდაც ჰიმნი. როდესაც მინდორზე გადიხარ და, როგორც წესი, ნებისმიერი სტადიონი ივსება ხოლმე ასეთი მატჩებისთვის, სულ სხვაგვარი ატმოსფეროა და განათებაც კი უფრო მკვეთრი გეჩვენება.

- როგორ შეიცვალა "ბარსელონას" სტილი? უფრო მრავალმხრივი გახდა, უფრო არაპროგნოზირებადი თუ უფრო პირდაპირი?
- ვფიქრობ, სტილი იგივეა. უბრალოდ, ზოგჯერ მეტოქის შესაბამისად გვიწევს თამაში. ხანდახან გამოგვდის ძველებურად და ჩვეულად მოგება, ხოლო ზოგჯერ სხვაგვარად ვცდილობთ მოგებას. გვსურს, რომ მეტოქე ავიყოლიოთ ხოლმე და საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავზე, რადგან ასეთ დროს, ტექნიკის თვალსაზრისით, უპირატესობა გვაქვს.

რაც ამ წლებში ვისწავლეთ და გამოცდილება დავაგროვეთ, მას ვიყენებთ, თორემ სტილი იგივეა და ვფიქრობ, არც შეცვლილა იოჰან კრუიფის "ბარსაში" მოსვლიდან მოყოლებული. ჩვენი მიზანი მუდმივად ბურთის კონტროლია, მოკლე პასებს ხშირად ვიყენებთ და ვუტევთ. მე არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც "ბარსელონას" ბურთის ფლობაზე უარი ეთქვას და მეტოქისთვის საშუალება მიეცეს, რომ გაუთავებლად შეგვიტიოს. ჩვენ გვაქვს საკუთარი სტილი, ვინარჩუნებთ და მივდევთ მას.

- "ბარსელონას" ბევრი შეტევა იწყება იმით, რომ თქვენ ნახევარდაცვაში "ადიხართ" ან გრძელ გადაცემას აკეთებთ...
- დიახ, უკვე რამდენიმე წელია, მცველები არამხოლოდ თავს იცავენ, არამედ შეტევაშიც თამაშობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გუნდს სერიოზულად ეხმარება. მცველებს, რომლებიც ასე თამაშობენ, შეუძლიათ პოზიციების სწრაფად შეცვლა, ბურთის ატანა, 30-მეტრიანი პასების გაკეთება, პრესინგი... ჩვენ ამას "ბარსაში" ჩემი მოსვლის დღიდან ვაკეთებდით, მწვრთნელები ასე თამაშს ითხოვდნენ და ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევა გახლდათ. მუდამ თავდაჯერებული ვიყავი და კარიერის დასრულებამდე მსგავსად ვითამაშებ. სწორედ ეს სჭირდება "ბარსელონას", თამაშის ამ სტილით გაგრძელება.

- ბოლო ოთხ სეზონში ლუის ენრიკე "ბარსას" მეოთხე მწვრთნელია. როგორია მასთან ერთად მუშაობა?
- ყველა მწვრთნელი განსხვავებულია. ტიტო ვილანოვას, ხერარდო მარტინოსა და ხოსეპ გვარდიოლას თავიანთი ხელწერა ჰქონდათ, ისევე, როგორც ლუის ენრიკეს აქვს საკუთარი. რა თქმა უნდა, ეს შეხამებულია "ბარსელონას" სტილთან, რომელთანაც ლუისის ხედვა თანხვედრაში მოდის.

მას ძალიან უყვარს, რაც შეიძლება წინ თამაში და მეტოქეზე ზეწოლა და ასევე, დიდ როლს ანიჭებს სწრაფ კონტრშეტევებს, თანაც ჩვენ ამისთვის შესანიშნავი შემტევები გვყავს - ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ნეიმარი და პედრო. ისინი ძალიან სწრაფები და ტექნიკურები არიან და მწვრთნელს სურს, რომ ამით მაქსიმალურად ვისარგებლოთ.

- ლუის ენრიკეს ხელში მესის პოზიცია, თითქოს, ისევ შეიცვალა, იგი უფრო ფლანგის შემტევია, ვიდრე ცრუ ცხრა ნომერი...
- ლეო თამაშს შესანიშნავად კითხულობს, იგი ძალიან ჭკვიანია. ამ სეზონის მსვლელობისას მან რამდენჯერმე შეიცვალა პოზიცია. მისი ფლანგზე ყოფნა ლუის ენრიკეს აძლევს საშუალებას, ცენტრფორვარდით ითამაშოს, ეს პოზიცია კი ლუის სუარესისთვის საუკეთესოა. მას ძალიან ბევრი გოლი გააქვს და მესიც ძველებურად პროდუქტიულია, თუ უფრო მეტად არა. ასე რომ, ეს სისტემა ამართლებს. თანაც, ლეო ცენტრისკენ შედის სისტემატურად და იგი უფრო მოჩვენებითი, ცრუფლანგელია, ვიდრე რეალური.

- შესანიშნავი შემტევი სამეული - მესი, სუარესი და ნეიმარი ერთმანეთს უფრო და უფრო უკეთ უგებს...
- მრავალი წელი მაქვს გატარებული ისეთი გუნდების გასახდელში, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა" არიან და აქამდე არასდროს მინახავს ასეთი ურთიერთგაგება, როგორიც ლეოს, ლუისსა და ნეის აქვთ. თანაც, ფეხბურთელებს ყოველთვის აქვთ რაღაც დოზით გარკვეული ეგო, ჩვენ კი სამ საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. თუმცა მათ შორის არანაირი შეჯიბრების, შურის ან პაექრობის ელემენტი არ არის, რაც, ჩემი აზრით, მინდორზეც ჩანს.

დოსიე
ჟერარდ პიკე ბერნაბეუ
დაიბადა: 1987 წ. ბარსელონა (ესპ)
საფეხბურთო კარიერა: 2004-08 - ბარსელონა; 2006/07 - სარაგოსა; 2008-დან - ბარსელონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული