ჩემპიონთა ლიგა. I ტური. D ჯგუფი: "იუვენტუსის" სიურპრიზი [VIDEO]

AutoSharing Option
დღის ცენტრალური შეხვედრა ტურინის "იუვენტუსის" სცენარით დაიწყო და დამთავრდა. მართალია, თავიდან "სიტი" უფრო აქტიური გახლდათ, მაგრამ ეს იმიტომ, რომ "ბებერმა ქალბატონმა" დაუთმო მეტოქეს ბურთი - აჰა და შეუტიეო.

განსაკუთრებით კარგად ეს მანჩესტერელებს არ გამოსდიოდათ, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სტეფანო სტურაროს შეცდომას თავიდანვე რეალური მომენტი მოჰყვა, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონი ადგილზე იყო. საერთოდ ჯიჯიმ რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი და ისევ დაამტკიცა, რომ "ნუმერო უნოა".

"ქალაქელებმა" მაშინ გაიტანეს, როდესაც ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე და ზაფხულში სრულად გადახალისებულ-გადასხვაფერებული "იუვე" გააქტიურდა. თუმცა გოლი ძალიან უცნაურ
ვითარებაში გავიდა და თან ის "სიტის" არ გაუტანია... ვენსან კომპანიმ უნამუსოდ კი იზეიმა, მაგრამ ბელგიელი ჯორჯო კიელინის ჩამოეკიდა და ჯარიმა იყო, თანაც ბურთი იტალიელის თავიდან აღმოჩნდა ბუფონის კარში. დამირ სკომინამ გოლი ჩათვალა, სტუმართა პროტესტმა არ გაჭრა.

ცოტა ხანში ჯიჯიმ ერთი შეტევისას ორი დარტყმა მოიგერია და გარდამტეხი მომენტიც ეს იყო. მერე პოლ პოგბამ "პირლოს პასი" "დაუხატა" მარიო მანჯუკიჩს, მან კი ჯო ჰარტს აუღებელი დაურტყა.

ისევე როგორც ულამაზესი და მიუწვდომელი გახლდათ ალვარო მორატას გამაჯვების დარტყმა. მასიამილიანო ალეგრიმ ტაქტიკურადაც აჯობა მანუელ პელეგრინის, რომელსაც არ შავი დღისთვის განაცხადში შეყვანილი სერხიო აგუეროს გამოშვებამ უშველა და არც იმან, რომ უმაქნისი სტერლინგი კევინ დე ბრუინით ჩაანაცვლა, მაგრამ ამაოდ.

ჩეხ არბიტრს პაველ კრალოვეცს კი გერმანია და კონკრეტულად "გლადბახი" ალბათ ძალიან სძულს. მან ბორუსიელთა კარში 3 პენალტი დანიშნა, რომელთაგანაც "სევილიამ" პირველი და მესამე გამოიყენა. ბოლოს კი შეცვლაზე რამდენიმე წამის შესულმა კონოპლიანკამ დასვა წერტილი და კრალოვეცის გასახარად, სევილიელებმა დამაჯერებლად მოიგეს. ხუმრობა იქით იყოს და უნაი ემერის გუნდს გამარჯვება ეკუთვნოდა.

სიტი-იუვენტუსი 1:2
გოლები: 1:0 კიელინი (57-ს.კ.), 1:1 მანჯუკიჩი (70), 1:2 მორატა (81)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, კომპანი (75. ოტამენდი), მანგალა, კოლაროვი - იაია ტურე, ფერნანდინიო - ნასრი (84. აგუერო), სტერლინგი (71. დე ბრუინი), სილვა - ბონი
იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა - კუადრადო, ერნანეში, პოგბა, სტურარო - მორატა (85. ბარძალი), მანჯუკიჩი (78. დიბალა)
გაფრთხილება: -
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 13(5)-10(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 50 363
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სევილია-გლადბახი 3:0
გოლები: 1:0 გამეირო (47-პენ.), 2:0 ბანეგა (66-პენ.), 3:0 კონოპლიანკა (84)
გამეირომ ვერ გაიტანა პენალტი (50)
სევილია (4-2-3-1): რიკო - კოკე, ანდრეოლი, კოლოჯეიჩაკი, ტრემულინა - კრიხოვიაკი, ნ'ზონზი - რეიესი (83. კონოპლიანკა), ბანეგა (76. კრონ-დელი), ვიტოლო - გამეირო (71. იმობილე)
გლადბახი (4-4-2): სომერი - კორბი, ბროუერსი, იანჩკე, ვენდტი - ჰანი (73. შულცი), შტინდლი (67. დაუდი), ნორდტვეიტი, ტრაორე - რაფაელი (83. დრმიჩი), აზარი
გაფრთხილება: რეიესი, ნ'ზონზი - ბროუერსი, სომერი, შტინდლი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19(6)-9(1); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 36 959
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო ტური
30 სექტემბერი:
გლადბახი-სიტი, იუვენტუსი-სევილია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ არის სიურპრიზი იუვეს მოგება სიტისთან, რატომ?! პირიქით, სიტის მოგება იქნებოდა დიდი სენსაცია ჩემთვის
levan
10:00 16-09-2015
0
Levan, სიურპრიზი იმიტომ არის, რომ ახალმა თაობამ ფეხბურთის თვალის დევნება დაიწყო მესიდან, რონალდოდან, თუნდაც აგუეროდან და ა.შ. ჰგონიათ, რომ მანამდე იყო "ბნელი და უკუნი".
არადა სიტის რა აქვს გაკეთებული ევროპაში? სანამ "შეიხები" იყიდდნენ და ასტრონომიულ თანხებს გადაიხდიდნენ ვინმეს ახსოვს რა გუნდი იყო? დარწმუნებული ვარ ბევრს არ ახსოვს. გადახედეთ ერთი რამდენი წელია სიტი პრემიერლიგაში თამაშობს. რაც მათ სეზონი აქვთ საერთოდ პრემიერლიგაში ჩატარებული იმაზე თითქმის სამჯერ მეტი მარტო სკუდეტო აქვს იუვეს. დანარჩენს არ ჩამოვთვლი. მოკლედ როგორც მინიმუმ ძალიან დიდ "შეცდომა/უცოდინრობასთან" გვაქვს საქმე. რახან დღეს ვიღაც შეიხი რეკორდულ თანხებს იხდის ფეხბურთელებში, მათ ხელფასებში და ა.შ მხოლოდ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სიტი ყველაზე მაგარი კლუბია? ევროპაში ერთადერთი ტიტული აქვს მოპოვებული "თასების მფლობელთა თასი", ისიც იმიტომ, რომ 68-69 წელს ინგლისის თასი აიღო, თან პრემიერლიგაშიც არ თამაშობდა, პირველ დივიზიონში იყო და ერთი ტურნირი ჩაატარა ბრწყინვალედ. დინამოსაც აქვს თასების მფლობელთა თასი აღებული და სიმართლე გითხრათ თბილისის დინამო გაცილებით ტიტულოვანი გუნდია ვიდრე სიტი, დინამოს ბევრად უფრო მაღალი დონის ტურნირები უთამაშია ევროპაში და ბევრად უფრო მაღალ საფეხურზე არის ნამყოფი ვიდრე სიტი. ახლა კი იმ შეიხის ფულით გაზმანული, ფერარებიდან, პორშეებიდან თუ სხვა ძვირადღირებული მანქანებიდან მომღიმარი ბიჭების ნახვით ნუ განსჯით კლუბების სიდიდეს თუ მათ მიღწევებს. სიტი არ არის ცუდი გუნდი, მაგრამ იუვეს მოგება სიურპრიზად ჩათვალო სიტისთან სიტის ზემოთჩამოთვლილი "მიღწევების" და "სიდიადის" ფონზე, როგორც მინიმუმ იუვეს უპატივცემულობა და ფეხბურთში ჩაუხედავობაა, მეტი არაფერი.
Forza Juveeeeee
იუვენტინო
12:54 16-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული