ჩემპიონთა ლიგა: ლონდონური ფიასკოების საღამო

AutoSharing Option
Portouch
ევროსარბიელზე ინგლისური გუნდების წარუმატებელი გამოსვლა გრძელდება. პირველ ტურში "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი" დამარცხდნენ და ერთადერთი "ჩელსიმ" შეძლო მოგება, ისიც შინ "მაკაბისთან". ახლა კი "ლურჯებიც" დამარცხდნენ.

ჟოზე მოურინიო თავის ყოფილ გუნდ "პორტუს" სტუმრობდა, გუნდს, რომელმაც პორტუგალიელი "განსაკუთრებულად" აქცია. მან უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო - ედენ აზარი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და თამაშში მოგვიანებით ჩართო, როდესაც უკვე გვიანი იყო; ხოლო ლოიკ რემი და რადამელ ფალკაო განაცხადში საერთოდ არ შეიყვანა.

"დრაკონებმა" უფრო ცოცხლად და აქტიურად დაიწყეს და დაწინაურებაც შეძლეს. ვილიანმა მორიგი ჯარიმიდან გატანილი
გოლით, თანაც ძალიან ლამაზით, ტაიმის მიწურულს კი გაათანაბრა, მაგრამ მეორე ნახევარში მაიკონმა კუთხურის მერე მშვენიერი თავურით "პორტუს" მაინც მოაგებინა - 2:1.

"კარგი მატჩი იყო, ორი შეცდომის გამოკლებით. ზოგჯერ ასეთ შეცდომებს უშვებ და მიუხედავად ამისა, არ ისჯები. ჩვენ დავისაჯეთ. კუთხურებისთვის, წესით, ბოლომდე მომზადებულნი ვიყავით და გუნდის გადაწყობას ვაპირებდი, როდესაც მეორე სულელური გოლი გავუშვით.

მატჩი თანაბარი გახლდათ, მაგრამ მეტოქემ შეცდომები არ გვაპატია. ცუდად არ ვთამაშობდით, უბრალოდ, კუთხურების ეპიზოდები კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. "პორტუ" ძლიერი და რთული მეტოქეა, "დრაგაო" კი უაღრესად ძნელი ადგილი სათამაშოდ. თანაც, ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთელებსა და ფანებს დამატებით მუხტს აძლევს და ასეთ ატმოსფეროში ადვილი არასდროსაა.

ყოფილ კლუბებთან თამაში კი ყოველთვის განსხვავებულია ემოციების კუთხით - როგორც მატჩის წინ, ასევე მიმდინარეობისას და მის მერე. მაგალითად, მე ჩვენი გოლი არ მიზეიმია. არ ვფიქრობთ, რომ "პორტუ" ფავორიტია, მაგრამ ფაქტია, ახლა კარგ პოზიციაშია. თუმცა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა შინ გვაქვს "პორტუსთან" და პირველ ადგილზე გასვლას ვეცდებით.

რემისა და ფალკაოს განაცხადს მიღმა დატოვება კი ჩვეულებრივი გადაწყვეტილება იყო და არა სასჯელი. არ ვფიქრობ, რომ ჩემს ფეხბურთელებს სასაყვედურო აქვთ, რადგან მათ კარგად ითამაშეს. ასეთი შეხვედრები რთული გასაანალიზებელია. ყველაფერი გაცილებით მარტივია ხოლმე, როდესაც ცუდად ითამაშებ" - თქვა მოურინიომ.

"დრაკონების" თავკაცი ხულენ ლოპეტეგი: "მოგება გვინდოდა და ვთვლი, რომ ეს მინდორზეც ადვილი შესამჩნევი იყო. "ჩელსი" საოცარი გუნდია, ძალიან ძლიერი და ეს ორმაგად მახარებს, რომ ასეთ მეტოქესთან ვიმარჯვეთ. ჩემი აზრით, მოგება დავიმსახურეთ. მეტოქე მართლა კარგად თამაშობდა და კარისკენ ხშირად ურტყამდა, მაგრამ ჩვენ უფრო ვუტევდით. საბოლოო ჯამში, ბიჭებს მონდომება და შემართება დაუფასდათ.

თუმცა ეს არაფერს ცვლის, ადვილი მატჩები არ არსებობს და დარჩენილი შეხვედრები მძიმე იქნება, რომლებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. "დრაგაო" კი შეუდარებელი გახლდათ, პუბლიკა არასდროს გვღალატობს და ყოველთვის გვერდზე გვიდგას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. პორტუგალია ძალიან უნდა ამაყობდეს, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწვრთნელია და კრიშტიანო რონალდოს დარად, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში".

Oopspina
ლონდონის "არსენალი" ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. "მეთოფეებმა" ჯერ ზაგრებში წააგეს "დინამოსთან", ახლა კი შინ დამარცხდნენ "ოლიმპიაკოსთან" - 2:3. შემდეგი ორი შეხვედრა კი არსენ ვენგერის გუნდს მიუნხენის "ბაიერნთან" აქვს, რომელთანაც ქულების დაგეგმვა ძალიან რთული იქნება და თუ გერმანელებთან პაექრობებისას ინგლისურმა კლუბმა 3 ქულა მაინც ვერ მოიპოვა, ჯგუფიდან გასვლის შანსი იმ დროისთვის კიდევ შერჩენილი თუ ექნება, მხოლოდ მიზერული და თეორიული.

ცხადია, ვენგერი ასეთ შედეგებს არ ელოდა და ცოტა დაბნეულიც ჩანს. თუმცა ფრანგი სპეციალისტი ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს და მძიმე მდგომარეობას ოპტიმიზმით ფუთავს. როგორც ბოლოდროინდელ ტენდენციას შეეფერება, მუსიე არსენიც ორი კარგი მეკარით თამაშობს და ერთ მათგანს ინგლისის ჩემპიონატში ათამაშებს (პეტრ ჩეხს), ხოლო მეორეს (დავიდ ოსპინას) ჩემპიონთა ლიგაზე. ერთ-ერთი გოლი აშკარად კოლუმბიელი გოლკიპერის სინდისზეა, მან კოსტანტინოს ფორტუნისის ჩაწოდებული ბურთი დაიჭირა, მაგრამ ბურთი გაუვარდა და ხაზიც გადაკვეთა.

"რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე გასვლა ჯერ კიდევ შესაძლებელი და რეალურია, მაგრამ ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. რთულია, ასეთ წაგებას შეეგუო. მარცხის მიზეზი დაცვაში კონცენტრაციის ნაკლებობა და უიღბლობა გახლდათ. მეტოქემ კარში ზუსტად 4-ჯერ დაარტყა და 3 გოლი გაგვიტანა. გარდამტეხი მომენტი 2:2-ზე იყო, როდესაც მეტოქეს მალევე გავატანინეთ მესამე. 5 წუთი ეს ანგარიში რომ შენარჩუნებულიყო, მერე შეხვედრას მოვიგებდით. მეკარემ კი შეცდომა ყოველთვის შეიძლება დაუშვას, ეს მარცხის მიზეზი და ახსნა ან გამამართლებელი საბუთი არ არის. ამ სეზონში პეტრ ჩეხიც შეცდა" - გვითხრა ვენგერმა.

სიამაყის საფუძველი ნამდვილად აქვს მარკო სილვას. "ეშტორილისა" და ლისაბონის "სპორტინგის" ყოფილმა მწვრთნელმა პირეოსელებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა და ამის მიზეზი ახალგაზრდა პორტუგალიელის ტაქტიკური წიაღსვლებიც იყო. არადა, აქამდე "ოლიმპიაკოსს" ევროტურნირებზე ინგლისურ გუნდებთან 12-ივე სტუმრობისას წაგება ჰქონდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დაძაბულ და რთულ შეხვედრაში მოვახერხეთ მოგება. "ოლიმპიაკოსს" ინგლისში არასოდეს ემარჯვა და ბიჭებს დიდი მუშაობა დასჭირდათ, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა და შანსების ერწმუნათ. ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან ამისთვის ბევრი ვიშრომეთ და მინდორზეც ბოლომდე ვიბრძოლეთ. გამძლეობამ დიდწილად, განაპირობა კიდეც ის, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ.

მნიშვნელოვანი გახლდათ პირველი გოლის ფაქტორიც და ისიც, რომ მეტოქის ორივე გოლზე სწრაფად გვქონდა რეაქცია" - აღნიშნა სილვამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული