სიკვდილის ჯგუფი
D ჯგუფს არცთუ უსაფუძვლოდ "სიკვდილის" ჯგუფს ეძახიან. ახლა სწორედ იმის დროა, რომ ამ ჯგუფში ვინმე "მოკვდეს". ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მიონხენგლადბახის "ბორუსიაა", რომელსაც მხოლოდ ქულა აქვს და ლიგის ბოლო ფინალისტ "იუვენტუსს" მასპინძლობს. მეორე ბრძოლაც სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასია - ევროპალიგის გამარჯვებული "სევილია" "მანჩესტერ სიტის" მასპინძლობს.
მართალია, ანდრე შუბერტი ჰარი პოტერი არ არის, მაგრამ "გლადბახში" სასწაულებს სჩადის - ლუსიენ ფავრის წასვლის მერე გერმანული
ანდრე შუბერტი (გლადბახი): "ჩემზე ამბობენ, რომ ჯადოქარი ვარ, როგორც ჰარი პოტერი. არავითარი მეჭეჭი არ მაქვს შუბლზე და არც ჯადოქარი ვარ და არც სასწაულმოქმედი ჯოხი მაქვს. მე მყავს მშრომელი ჯადოქრები, მაგალითად, იბრა ტრაორე და სხვები. "იუვე" ძალიან წარმატებული გუნდია ბოლო დროს, თუმცა წარსული ახლა და ამ მატჩში არაფერს წყვეტს. გეგმა შევიმუშავეთ, როგორ მოვერიოთ ტურინელთა ტაქტიკურ ფლექსიბილურობას".
მასიმო ალეგრი (იუვენტუსი): "გლადბახი ჩინებულ ფორმაშია, ზედიზედ 6 მატჩი მოიგო ბუნდესლიგაში, მაშინ, როცა ჩვენ ამ სეზონში ზედიზედ ორჯერ არ მოგვიგია. ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლაა და ამ მიზნამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ. შესაძლოა, ბევრს უკვირს ჩვენი ჩავარდნა, მაგრამ 10 მოწინავე ფეხბურთელის შეცვლა იოლი საქმე არ არის და უმტკივნეულოდ არ ხდება".
იტალიელთა შემადგენლობაში, შესაძლოა, გულის ოპერაციის შემდეგ პირველად ითამაშოს შტეფან ლიხტშტაინერმა.
ალეგრის მიზნის მიღწევა დღესვე შეუძლია, თუკი "იუვე" გერმანიაში მოიგებს და "სევილია" შინ დამარცხდება "მანჩესტერ სიტისთან". ამ შემთხვევაში "სიკვდილის" ჯგუფში ბოლო ორი ტური დიდ აზრს დაკარგავს.
"სევილიას" შურისძიება სწყურია - ორი კვირის წინათ "სიტიმ" ბოლოს შემოაბრუნა მატჩი, რომელსაც აგებდა - 91-ე წუთზე კევინ დე ბრუინმა გაიტანა ანდალუსიელთა კარში.
ეს შეხვედრა "სიტის" გარემარბ ხესუს ნავასისთვის განსაკუთრებული იქნება, ის მშობლიურ ქალაქში, მშობლიურ სტადიონზე ითამაშებს მშობლიური გუნდის წინააღმდეგ.
საინტერესოა მწვრთნელთა დაპირისპირებაც - მანუელ პელეგრინიმ 4-ჯერ მოუგო უნაი ემერის და 3-ჯერ დამარცხდა, 2 დაპირისპირება მათ შორის ზავით დასრულდა.
დღის მატჩი
დღის მთავარი დაპირისპირება "სანტიაგო ბერნაბეუზე" გველის, სადაც "სამეფო კლუბი" "პარი სენ-ჟერმენს" მასპინძლობს - ანხელ დი მარია მადრიდში მტრის ბანაკში ბრუნდება. არგენტინელმა 2010-14 წლებში "რეალის" მაისურით 31 გოლი გაიტანა და 61 საგოლე პასი გააკეთა. თუმცა მთავარი დაპირისპირება ორ სუპერვარსკვლავს შორის იქნება - კრიშტიანო რონალდო შეეცდება პსჟ-ის კარის დალაშქვრას; თავის მხრივ, "რეალის" დაცვა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უნდა უფრთხოდეს.
ცენტრალური მატჩის ორივე მონაწილე ამ სეზონში დიდებულად თამაშობს, ჯერ დაუმარცხებლები არიან ყველა ოფიციალურ შეჯიბრებაში. მათი წინა დაპირისპირება პარიზში 0:0 დასრულდა, თუმცა, საყოველთაო შეფასებით, ესპანურმა გუნდმა თამაშით აჯობა ფრანგულს. ალბათ, არც იმის შეხსენებაა საჭირო, რომ "რეალიც" და პსჟ-ც ამ სეზონის ფავორიტებად მიიჩნევიან ჩემპიონთა ლიგაზე.
თუკი ამ ჯგუფში "მალმიო" თავის თამაშს წააგებს, მადრიდში მოგებული გუნდი პლეი ოფის საგზურს გაინაღდებს.
რაფა ბენიტესი (რეალი): "გუნდი ისე თამაშობს და მუშაობს, როგორც მე მსურდა, მაგრამ სრულიად კმაყოფილი არ ვარ და არც უნდა ვიყო. პარიზში ძალიან კარგად ვითამაშეთ, პსჟ წლიდან წლამდე უმატებს და მასთან თამაში უკვე ძალიან ძნელია. ძალზე ფოკუსირებულნი უნდა ვიყოთ ამ შეხვედრაზე, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. რონალდო და იბრაჰიმოვიჩი ორი დიდი ფეხბურთელია. კარგად ვიცი, რას ნიშნავს რონალდო "რეალისთვის" და ალბათ, იმავეს ნიშნავს იბრა პსჟ-სთვის".
ლორან ბლანი (პსჟ): "0:0 ამჯერად კარგი შედეგი არ იქნება. ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ აქ ჩვენი თამაშის საჩვენებლად ჩამოვედით. "რეალი" ამბიციური გუნდია, მაგრამ ჩვენც ამბიციურები ვართ. ჩვენ გვაქვს საიმისო ფიზიკური და ტექნიკური რესურსი, რომ წარმატებას მივაღწიოთ "სანტიაგო ბერნაბეუზე".
ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია დი მარიასთვის და იმედი მაქვს, რომ ანხელი დიდ ზეწოლას გაუძლებს. დიდი ხანია, საფრანგეთს არ ჰყოლია ევროპის მასშტაბით უმაღლესი დონის გუნდი. ჩვენ სწორედ ამისკენ მივილტვით. პარიზში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მადრიდში უკეთ გარჯა გვმართებს".
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): ნავასი - დანილო, ვარანი, ს. რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ისკო, ხესე, რონალდო
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, დ. ლუისი, ტ. სილვა, მაქსველი - ტიაგო მოტა, მატუიდი, ვერატი - დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
უკანასკნელი შანსი
ბუნებრივია, არც სხვა მატჩები უნდა დავივიწყოთ, თუნდაც ლვოვის შეხვედრა, სადაც გიორგი არაბიძის "შახტარი" მასპინძლობს "მალმიოს". ეს უკრაინული გუნდისთვის აშკარად ბოლო შანსია ევროსეზონის გადასარჩენად. "ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალის "მანჩესტერი" მოსკოვის ცსკა-ს მასპინძლობს. "იუნაიტედს" 325 წუთია, გოლი ვერ გააქვს.
პსვ-მ სასტარტო შეხვედრაში "იუნაიტედი" დაამარცხა და მას მერე ყველაფერი წააგო. ახლა ჰოლანდიურ გრანდს "ვოლფსბურგი" სტუმრობს, გერმანიაში "მგლებმა" 2:0 მოიგეს.
ტური "ასტანა არენაზე" გაიხსნება, სადაც მომქანცველი მგზავრობის მერე "ატლეტიკო" სტუმრობს. ყაზახეთში უკვე ყინვაა, რაც ნოემბრის დასაწყისში ესპანელთათვის უსიამოვნო ეგზოტიკაა.
ლისაბონში "ბენფიკა" შეეცდება შური იძიოს "გალათასარაიზე", რომელთანაც ორი კვირის წინათ 1:2 დათმო.
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური
3 ნოემბერი
A ჯგუფი
შახტარი-მალმიო 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შევჩუკი, ტაისონი - აზინოვიჩი, მოლინსი, ჯურჯიჩი (?)
რეალი-პსჟ 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარვახალი, ბენზემა (?), როდრიგესი (?), მოდრიჩი (?), ნავასი (?), რამოსი (?) - ლუისი (?), კიმპემბე, პასტორე (?), მარკინიოსი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 3 2 1 0 6-0 7
2. პსჟ 3 2 1 0 5-0 7
3. მალმიო 3 1 0 2 1-4 3
4. შახტარი 3 0 0 3 0-8 0
B ჯგუფი
მანჩესტერი-ცსკა 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ვალენსია, დეპაი, მაკნეირი, პაუელი, შოუ - ნათხო, ბერეზუცკი (?)
პსვ-ვოლფსბურგი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: იოზეფსონი, კოხი, ვილემსი, ლესტინი (?) - კნოხე, კრუზე (?), ტრეში (?)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ვოლფსბურგი 3 2 0 1 4-2 6
2. მანჩესტერი 3 1 1 1 4-4 4
3. ცსკა 3 1 1 1 4-4 4
4. პსვ 3 1 0 2 4-6 3
C ჯგუფი
ასტანა-ატლეტიკო 19:00
დისკვალიფიკაცია: ტვუმასი (ასტ)
ტრავმა: ანიჩიჩი, კანიასი, ჟოლჩიევი,მაქსიმოვიჩი, ნუსერბაევი, შომკო -
ბენფიკა-გალათასარაი 23:45
დისკვალიფიკაცია: სამარისი (ბენ)
ტრავმა: სანტუში, სემედუ - კაროლე, ალთინთოფი, როდრიგესი (?)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 3 2 0 1 7-2 6
2. ბენფიკა 3 2 0 1 5-3 6
3. გალათასარაი 3 1 1 1 4-5 4
4. ასტანა 3 0 1 2 2-8 1
D ჯგუფი
გლადბახი-იუვენტუსი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰანი, ჰერმანი, შულცი, შტრანცლი, იანტშკე (?), კორბი (?) - კასერესი, ლიხტშტაინერი (?), პერეირა
სევილია-სიტი 23:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კარიშო, გამეირო, ბანეგა (?) - აგუერო, კლიში, დელფი, ნასრი, სილვა, სტერლინგი, საბალეტა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 3 2 1 0 4-1 7
2. სიტი 3 2 0 1 5-4 6
3. სევილია 3 1 0 2 4-4 3
4. გლადბახი 3 0 1 2 1-5 1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"