"მანჩესტერ სიტი": მხოლოდ პირველი ადგილი აკმაყოფილებთ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წაგებით კი დაიწყო, მაგრამ მეოთხე ტურში უკვე შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდა.

"სიტიმ" თავის დამმარცხებელ "იუვენტუსს" გადაასწრო, რომელსაც ჯერ კიდევ ცოტა აკლია მერვედფინალის საგზურის განაღდებამდე. შემდეგ ტურში "ქალაქელები" ტურინში ეწვევიან "იუვეს" და "სიტის" ბანაკში ისეთი განწყობაა, ისინი იქ უბრალოდ სასეირნოდ ჩასვლას სულაც არ აპირებენ.

ინგლისელთა ბელგიელი კაპიტნის, ვენსან კომპანის თქმით, ახლა მთავარია, გუნდმა პირველ ადგილზე დაასრულოს ჯგუფური ეტაპი და "ბებერ ქალბატონს" გადასწრების საშუალება არ მისცეს.

"ეს შესანიშნავი მიღწევაა, ორი მატჩით ადრე მოვიპოვეთ პლეი ოფის საგზური.
თუმცა ახლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ჯგუფი მოვიგოთ. ამიტომაც ჯერ არაფერი დამთავრებულა. ჩვენთვის პირველ ადგილზე გასვლა ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან წილისყრაში არ გვიმართლებდა ხოლმე" - განაცხადა კომპანიმ.

საქმე ის არის, რომ "სიტის" მართლაც ყოველთვის რთული ჯგუფი ხვდებოდა და წინა ორ სეზონში ინგლისელები მერვედფინალშიც ორივეჯერ "ბარსელონას" გადაეყარნენ. შარშან ორი მატჩის ჯამში 1:3 წააგეს, შარშანწინ კი - 1:4.

იმის წინა ორ სეზონში "ქალაქელებმა" ჯგუფური ბარიერიც ვერ დაძლიეს - 2012/13 წლების სეზონში მეოთხეზე გავიდნენ "დორტმუნდის", "რეალისა" და "აიაქსის" შემდეგ. ხოლო 2011/12 წლების სეზონში მესამეზე დაამთავრეს, ჩამორჩნენ რა "ბაიერნსა" და "ნაპოლის".

"სევილიასთან" მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. განსაკუთრებით კი, რაჰიმ სტერლინგის აქტიურობა და პროდუქტიულობა უნდა გამოვარჩიოთ. შესაძლოა, "სიტიმ" ჩემპიონთა ლიგაზე თავისი ფეხბურთი, ბოლოს და ბოლოს, ამ სეზონში ითამაშოს.

"ჩვენი სათამაშო სქემა და გეგმა იდეალური გახლდათ. ვიგებდით საჰაერო ბურთებს, მეტოქეს სივრცეს ვუზღუდავდით და ფაქტობრივად, ყველაფერს ვაკონტროლებდით. შეიძლება ეს საუკეთესო მატჩია, რომელიც ამ წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ჩაგვიტარებია" - დაამატა კომპანიმ.

მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი: "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან თითქმის სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ - ფიზიკურადაც, ტაქტიკურადაც და ყოველმხრივ. სამი გოლი გავიტანეთ და კიდევ 4-5 შანსი ვერ გამოვიყენეთ, შეიძლება მეტიც".

ცოტა მოულოდნელი გახლდათ, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა კევინ დე ბრუინი. ბელგიელი "სიტიში" გადასვლიდან აშკარად საუკეთესოა. თუმცა პელეგრინის ეშმაკური ჩანაფიქრი ჰქონდა, იგი მოგვიანებით გამოიყვანა, თან დაასვენა და თან დე ბრუინის ხარჯზე ნახევარდაცვა დაამძიმა.

მან ფერნანდო დააყენა სასტარტოში, ვინც ყოველთვის უკან რჩებოდა, ეს კი იაია ტურესა და ფერნანდინიოსაც აძლევდა შანსს შეტევაში ფაქტობრივად. ფერნანდინიომ გვიჩვენა, რომ წინა ხაზზე კარგი თამაშის დიდი პოტენციალი მასაც აქვს და ამ მხრივ შეუძლია თვით იაიას შეეჯიბროს.

პლუს, ეს მოტივაცია იყო სტერლინგისთვის, რომ დე ბრუინის თადარიგში ყოფნისას, რაც შეიძლება კარგად ებურთავა და ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა.

"მე ფერნანდინიოსა და ტურეს უფრო ხშირად წინ წასვლის და "სევილიას" ნახევარზე აქტიურად თამაშის უფლება მივეცი. ვფიქრობ, ფერნანდინიო ძალიან სახიფათოა, რადგან ძლიერია, შემართულია, ტექნიკაც აქვს და ბევრი შეუძლია.

იგი გახლდათ ჩვენი დომინაციის ერთ-ერთი მიზეზი. მან და იაიამ მეტოქე შეაწუხეს, უკან კი მხოლოდ ფერნანდო რჩებოდა. ფერნანდინიომ და სტერლინგმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელებმა, მთლიანად გუნდმა" - განმარტა ჩილელმა სპეციალისტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული