ევროტურნირები

ევროპის ლიგა

ევროპალიგა. 1/2-ფინალი: მხსნელი რაშფორდი [VIDEO]

AutoSharing Option
ევროთასების ნახევარფინალურმა ეტაპმა ეკვატორს უწია - ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაზე ყველა პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. რჩება მხოლოდ საპასუხო დაპირისპირებები. სულ ბოლოს ბურთი ვიგოს "ბალაიდოსზე" გააგორეს...

67-ე წუთზე მასპინძელთა კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა, ანდერ ერერამ ცრუ მოძრაობა გააკეთა და დარტყმით მარკუს რაშფორდმა დაარტყა და სერხიო ალვარესის კარიც დალაშქრა (გამოითვალეს და ფორვარდმა ბურთი საათში 56 მილის სიჩქარით დაარტყა). 19 წლის ტალანტმა ჟოზე მოურინიოს გუნდს საპასუხო მატჩის წინ, დიდი ალბათობით, გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა ამ გოლით. ახლა ყველაფერი ერთ კვირაში გადაწყდება "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ
ფავორიტის უპირატესობა აშკარაა.

რაც შეეხება თამაშს, გალისიაში იმის საპირისპირო შეხვედრა ვნახეთ, რაც მეორე ნახევარფინალურ წყვილში იყო ამსტერდამში "აიაქსსა" და "ლიონს" შორის (4:1). ჰოლანდიაში ზეშემტევი ფეხბურთი იყო, ხოლო ესპანეთში - მოსაწყენი. "სელტას" რიგებში საუკეთესო შანსი დანიელ ვასს ჰქონდა, მაგრამ დანიელმა ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. რაშფორდს კი გოლამდეც შეეძლო გატანა, თანაც, სუპერგოლის, მაგრამ ალვარესმა არ დაანება. პირველ ტაიმში თავის გამოჩენა ჯესი ლინგრადსა და ჰენრიხ მხითარიანსაც შეეძლოთ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მსოფლიოს უძვირესი ფეხბურთელი პოლ პოგბა დაასახელეს, რომელმაც მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა, არადა, მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, რადგან ახლახან გამოჯანმრთელდა. პოგბამ მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო.

ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "კმაყოფილი ვარ გუნდის თამაშით, მაგრამ არა შედეგით. პირველ ტაიმში სამი თუ არა, ორი გოლი მაინც უნდა გაგვეტანა. ჩვენ კი შესვენებაზე 0:0-ით გავედით. საკმარისად კარგად ვითამაშეთ იმისთვის, რომ მეორე მატჩს აზრი დაკარგვოდა, მაგრამ ეს ანგარიშში ვერ ავსახეთ. ახლა კი მთელი ძალით მოგვიწევს "ოლდ ტრაფორდზე" თამაში. მარკუს რაშფორდი 19 წლის, ფეხბურთზე შეყვარებული ბავშვია. ყოველი ვარჯიშის მერე ნახევარ საათს უთმობს, რომ საჯარიმო დარტყმები დაამუშაოს, შემდეგ კი ელის თავის შანსს. ისე ბევრს შრომობს, რომ ხშირად გვავიწყდება, რამდენი წლისაა".

ედუარდო ბერიცო (სელტა): "პირველ ტაიმში რამდენჯერმე ისე დავკარგეთ ბურთი, რომ კიდევ კარგად გადავრჩით. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ, ეს ადრე გამოგვდიოდა და მომავალშიც გამოგვივა. ასეთივე შედეგი გვქონდა 1/16-ფინალში "შახტარის" წინააღმდეგ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გავედით. არ აგერიოთ დღევანდელი ანგარიში საბოლოოში. "ოლდ ტრაფორდზე" მატჩის მერე შეხვედრამდე - ჩვენი მიზანი დუელში გამარჯვებაა".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სელტა-მანჩესტერი 0:1
გოლი: 0:1 რაშფორდი (67)
სელტა (4-3-3): სერხიო ალვარესი - მალიო (91. ბოვიუ), კაბრალი, რონკალია, ხონი - ვასი (74. ხოსაბედი), რადოია, პ. ერნანდესი - ასპასი, გუიდეტი, სისტო
მანჩესტერ იუნ. (4-3-3): რომერო -ვალენსია, ბაილი, ბლინდი, დარმიანი - ანდერ ერერა, ფელაინი, პოგბა - ლინგარდი, რაშფორდი (80. მარსიალი), მხითარიანი (78. იანგი (89. სმოლინგი))
მაყურებელი: 26 202

საპასუხო მატჩი - 11 მაისს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"