ოლეგ კონონოვი: ზესტაფონისთვის დასამალი არაფერი გვაქვს

AutoSharing Option
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონის" მეტოქე ლვოვის "კარპატიმ", გასულ უქმეებზე უკრაინის ვიშა ლიგაში მორიგი მატჩი გამართა. წაგებისა და ფრის შემდეგ, ლვოველებმა მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება შინ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" მოიპოვეს. ოლეგ კონონოვის გუნდმა ზაპოროჟიელები 1:0 დაამარცხა და 4 ქულის მოგროვებით გათამაშების ცხრილში მე-13-დან მე-9 საფეხურზე აინაცვლა. ამ მატჩის ბოლო წუთზე, არბიტრმა ლვოველთა ქართველ ფორვარდ სანდრო გურულს მეორედ უჩვენა ყვითელი ბარათი და მოედნიდან გააძევა. ეს ერთადერთი გოლი კი 55-ე წუთზე მცველმა არტემ ფედეცკიმ გაიტანა, რომელსაც უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი აქვს
ჩატარებული.

როგორც ირკვევა, ზაპოროჟიელებთან მატჩის პირველ ტაიმში ლვოველები დომინირებდნენ. მეორე ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას სათამაშოც დაუმატეს და ლოგიკურად დაწინაურდნენ კიდეც. გატანილი ბურთის შემდეგ, მეორე ტაიმის ბოლო20 წუთის განმავლობაში, "კარპატის" ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ და დაცვით ტაქტიკაზე გადააწყვეს თამაში.
"ზესტაფონთან" მატჩამდე ლვოველებს ზაპოროჟიელთა წინააღმდეგ ფაქტობრივად გენერალური რეპეტიცია ჰქონდათ და უპრიანი იქნება მეტოქის შემადგენლობასაც გადავავლოთ თვალი:

ტლუმაკი, მილოშევიჩი, ტუბიჩი, ფედეცკი (81. პეტრივსკი), გოდვინი, ხუდობიაკი, კოჟანოვი (85. ბ. ბარანეცი), ოშჩიპკო (68. აველარი), გურული, ბატისტა.
ვებგვერდმა korrespondent.net-მა ლვოვის "კარპატიდან" ტურის სიმბოლურ ნაკრებში მხოლოდ გოლის ავტორი არტემ ფედეცკი შეიყვანა.
ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლვოველთა გუნდის თავკაცმა ოლეგ კონონოვმა თავისი გუნდის თამაში შეაფასა და მას ზესტაფონზეც დაეკითხნენ. როგორც ირკვევა, ზაპოროჟიელებთან "კარპატის" ამ მატჩს "ზესტაფონის" წარმომადგენელიც დაესწრო. თუმცა ლვოველთა თავკაცმა თადარიგი დაიჭირა, ბანსკა-ბისტრიცაში გააგზავნა წარმომადგენლები და მათაც "დუკლა"-"ზესტაფონის" მატჩი გადაიღეს.

"ზესტაფონისთვის" დასამალი არაფერი გვაქვს. გეგმას არ ვცვლი. ჩვენი გუნდი "ზესტაფონის" წინააღმდეგ სათამაშოდ ზუსტად მატჩის დღეს იქნება მზად და 3-4 დღით ადრე. ქართველების წინააღმდეგ ის გუნდი გავა მოედანზე, რომელიც მატჩის ბოლომდე სასურველი შედეგისთვის იბრძოლებს... მერე რა, რომ ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" ჩვენს თამაშს "ზესტაფონის" წარმომადგენელი დაესწრო? სლოვაკეთში ჩვენც გვყავდა წარგზავნილი წარმომადგენელი, რომელმაც "დუკლასთან" ქართველების თამაშის ჩანაწერი ჩამოგვიტანა. გარდა ამისა, მეტოქეზე ინფორმაციის შესაგროვებლად სხვა ინფორმატორებიც გვყავს. ასე რომ, "ზესტაფონზე" საკმარისი ინფორმაციას ვფლობთ და 29 ივლისის მატჩისთვის სათანადოდ მომზადებაც არ უნდა გაგვიჭირდეს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული