დაარსდა 2005 წელს
სტადიონი: "სპორტივ კომპლექსური" (2500 მაყურებელი).
ევროპის ლიგის მატჩებს ჩაატარებს კიშინიოვში, "ზიმბრუს" სტადიონზე
მთავარი მწვრთნელი: შტეფან სტოიკა
სხვისი რა მოგახსენოთ, მაგრამ, ჩვენი აზრით ქართული გუნდებიდან შედარებით ყველაზე "სასურველი" მეტოქე თბილისის "დინამოს" შეხვდა. რა თქმა უნდა, უკეთესი ვარიანტიც შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა მაინც ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა არ უნდა გაუჭირდეს.
ეგ კი არა, არც შემდგომი მეტოქე (უელსური "ლანელი") მიგვაჩნია იმ დონის გუნდად, "დინამოსთვის" ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა რომ შეეძლოს. თუმცა, უელსის
აი, ეს კი მართლაც დიდი მოულოდნელობა იყო: მოლდოვის ჩემპიონატში გუნდი მეორე სეზონს ატარებდა და საბოლოოდ მხოლოდ "დაჩიასა" და "შერიფს" ჩამორჩა. ამასთან, "მილსამიმ" უკან ჩამოიტოვა შემადგენლობითაც და ფინანსებითაც თავისზე ბევრად ძლიერი გუნდები - "ზიმბრუ", "ისკრა-სტალი", "ტირასპოლი", "ნისტრუ".
"მილსამი" კიშინიოვიდან 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ორხეის (რუსულ ვარიანტში - ორგეევის) გუნდია; სხვათა შორის, ორხეის მოსახლეობა 33 000-ს ოდნავ აღემატება, ანუ, ჩვენს ეროვნულ სტადიონზე ბევრად უფრო მეტი ადგილია, ვიდრე ქალაქ ორხეის მოსახლეობა! ისე, რახან სტადიონი ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "მილსამი" საშინაო მატჩებს "სპორტივ კომპლექსულზე" ატარებს, 2500 მაყურებელს რომ იტევს!
"დინამოს" მეტოქე მოლდოვურ ფეხბურთში 2005-06 წლებში გამოჩნდა, როცა ამ ქვეყნის III ლიგაში ასპარეზობდა. ორი წლის შემდეგ "მილსამი" უკვე II ლიგაში აღზევდა და ასევე ორწლიანი მცდელობის შემდეგ 2009 წელს უკვე რანგით უმაღლეს ლიგაში გადავიდა. სადებიუტო სეზონში "მილსამი" 12-გუნდიან ჩემპიონატში VIII ადგილზე გავიდა, ანუ, გუნდმა მთავარი მიზანი (უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება) შეასრულა; თუმცა, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ახლო წარსულში მოლდოვის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი იგორ ოპრეა თანამდებობიდან გაათავისუფლეს და "მილსამის" მთავარ მწვრთნელად გასული სეზონის დაწყების წინ ადგილობრივი სპეციალისტი ვლადიმირ გოსპერსკი დანიშნეს. ამ უკანასკნელს დიდხანს არ უმუშავია - მის ნაცვლად რუმინელი მწვრთნელი, 33 წლის შტეფან სტოიკა მოვიდა გუნდში.
ფეხბურთელობისას სტოიკა წლების განმავლობაში ასპარეზობდა რუმინულ "უნივერსიტატეასა" და ბერძნულ "ლარისაში", 1990 წელს 2 მატჩი ჩაატარა რუმინეთის ეროვნულ ნაკრებში; სამწვრთნელო კარიერაც "უნივერსიტატეაში" დაიწყო, შემდეგ სხვადასხვა რუმინულ კლუბებს წვრთნიდა - "გლორიას", "კურტეას", "ფარულს" და 2010 წლიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოლდოვური "მილსამი" ჩაიბარა. და აი, მოულოდნელ შედეგსაც მიაღწია: პატარა ქალაქის ყველასათვის უცნობმა კლუბმა მოლდოვის ჩემპიონატში III ადგილი დაიკავა და, რაც მთავარია, ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა!
"მილსამის" ბირთვს გასულ სეზონში გამოცდილი ფეხბურთელები შეადგენდნენ და ზოგიერთ მათგანს სხვადასხვა დონეზეც აქვთ ნათამაშები. ძირითადი მეკარე 31 წლის მიხაილ მორარუ გახლდათ, ადრე 6 წლის განმავლობაში "დაჩიაში" რომ ასპარეზობდა და თავის დროზე 1P მატჩი აქვს ჩატარებული მოლდოვას ნაკრებში. მისი დუბლიორები არიან 26 წლის ადრიან ნეგაი და 21 წლის გეორგე ბანტიში.
დაცვის ლიდერად 34 წლის ადრიან სოსნოვსკი მიიჩნევა, რომელიც "მილსამიში" გასული სეზონის წინ ჩაირიცხა, მანამდე კი ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთ გუნდში მეტ-ნაკლები წარმატებით თამაშობდა: კიევის "დინამოში", მოსკოვის "სპარტაკსა" და "ტორპედოში", რამენსკოს "სატურნში", ალმა-ათის "კაირატში", კიშინიოვის "ზიმბრუში"...
სოსნოვსკის გარდა "მილსამის" ლიდერებად ორი გამოცდილი ფორვარდიც, 32 წლის ალექსანდრ გოლბანი და 29 წლის გეორგე ბოგიუ უნდა მივიჩნიოთ. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში 26 გოლით მოლდოვის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ვიდრე "მილსამიში" გადმოვიდოდა, სხვადასხვა დროს რუსეთში, რუმინეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ასპარეზობდა.
ბოგიუზე ბევრად გამოცდილია და უფრო შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს გოლბანს - ტანმაღალ ფორვარდს (1,89 მ) სხვადასხვა დროს "კარპატის" (ლვოვი), "აინტრახტი" (ბრაუნშვაგი), "ჩახლაულის" (რუმინეთი) და "ტობოლის" (ყაზახეთი) ღირსება დაუცავს; 2002-04 წლებში კი გოლბანმა მოლდოვის ნაკრების შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. "მილსამის" შემადგენლობაში მრავლად არიან ლეგიონერები, თუმცა იმათი გვარ-სახელები ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს ბევრს არაფერს ეუბნება: ალექსანდრუ სტოიკა, ოვიდიუ მენდიზოვი, ადრიან გრიგორუტა, კლაუდიუ იონესკუ, ვალერიან გარლა, მარიუშ რომანი (ყველა-რუმინეთი), უსმან ტრაორე (კოტდივუარი), გარსია კაიო (ესპანეთი), მოჰამედ ნურუდინ "პაკო" (განა), ადემარ ქსავიერი (ბრაზილია).
ფაქტობრივად გადაწყვეტილია ევროტურნირებზე "მისლამის" საშინაო სარბიელის საკითხი - საკუთარი სტადიონი უეფას მოთხოვნებს არ შეესაბამება და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მოლდოვის გუნდი თბილისის "დინამოს" კიშინიოვში, "ზიმბრუს" სტადიონზე (10 500 მაყურებელი) უმასპინძლებს.
***
"დინამო" ახალი სეზონისათვის მზადებას სლოვენიაში განაგრძობს. ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით "დინამომ" გუშინ მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა სლოვენიურ "კოპერთან".
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ისე იყო ცნობილი, რომ "დინამო" სლოვენიის ჩემპიონს, "მარიბორს" უნდა შეხვედროდა, თუმცა არც "კოპერია" ხელწამოსაკრავი გუნდი - გასული სეზონი III ადგილზე დაასრულა, შარშან კი თავისი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. "დინამოს" მსგავსად, "კოპერიც" უეფას ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს - სლოვენიური გუნდის მეტოქე ყაზახური "შახტიორი" იქნება.
მოკლედ, ერთმანეთში ჩასატარებელ სპარინგ-მატჩამდე "დინამოსა" და "კოპერის" მწვრთნელ-ფეხბურთელთა მთავარი ინტერესი, რაღა თქმა უნდა, ევროტურნირების კენჭისყრა იყო. ქართველი გულშემატკივრისათვის, რაღა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე ტიტულიანი კლუბის წარმომადგენელთა კომენტარები უნდა იყოს საინტერესო, "დინამოს" ვებ-გვერდზე რომ ამოვიკითხეთ.
ალექს გარსია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "ამ წუთისათვის მეტოქეზე მცირე ინფორმაცია გვაქვს. ვეცდებით, რომ მალე მოვიპოვოთ ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მომავალ მეტოქეზე.
საერთოდ, მიღებულია, რომ ორრაუნდიან ორთაბრძოლაში პირველი შეხვედრის ჩატარება გასვლაზე სჯობს. რაც შეეხება შანსებს, მიმაჩნია, რომ "დინამოსაც" და "მოლდოვურ" გუნდსაც თანაბარი აქვთ. ამასთან, დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს პირველ მატჩზე ("დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ჩემთვის პირველი რომ უნდა იყოს) გულშემატკივარი მრავლად მოვა და დიდი მხარდაჭერაც გვექნება".
ალექსანდრე კოშკაძე ("დინამოს" კაპიტანი): "გუნდის თითოეული ფეხბურთელი შემართებითა და მონდომებით ვემზადებით ახალი სეზონისათვის. დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ წყვილში გამარჯვებული სწორედ "დინამო" იქნება და მომდევნო ეტაპზეც ჩვენ გავალთ".
გიორგი ლორია ("დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მეკარე): "ასეთი რანგის შეხვედრებში ნებისმიერ მეტოქეს მაქსიმალური სერიოზულობით უნდა მივუდგეთ და ჩვენც ასე მოვიქცევით".
***
რაც შეეხება გუშინდელ საკონტროლო შეხვედრას, "დინამოსა" და "კოპერს" შორის, იგი სლოვენიელთა გამარჯვებით დასრულდა 2:1.
"დინამომ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ლორია (46. გრიშიკაშვილი), ოდიკაძე (46. ჯიღაური), თომაშვილი, კაკუბავა, რეხვიაშვილი (46. ჰომოლა), ხმალაძე(72. რეხვიაშვილი), კვეკვესკირი, კოშკაძე (46. თექთურმანიძე), ლექვთაძე(46. კახელიშვილი), რობერტინიო(46. ჯუსი), ახალაია (46. იაშვილი).
ტრავმის გამო არ უთამაშიათ ფირცხალავას, ჰაჯიბულიჩს, ბერაიას, ფანცხავას და კაშიას.
დინამოელთაგან გოლი გაიტანა ლევან ხმალაძემ, მან თექთურმანიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დაარტყა ზუსტად. მატჩის მიწურულს სოსო გრიშიკაშვილმა 11-მეტრიანი მოიგერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დინამოში ყველაზე ძლიერი არის მეკარე გიორგი ლორია