"ბანანცის" სინდრომი დაძლეულია! [+VIDEO]

AutoSharing Option
მეტალურგი-ბანანცი 1:1
7.07. რუსთავი. ფოლადი. 3000 მაყურებელი
1:0 მიქაბერიძე (19), 1:1 დუ ბალა (72, პენალტით)

მეტალურგი (4-2-3-1) ბანანცი (4-2-3-1)
ბათიაშვილი ნეპოგოდოვი
მახვილაძე ამბარცუმიანი
კვახაძე არაქელიანი
ორბელაძე ხაჩატრიანი
ჯაფარიძე პეტროსიანი
რაზმაძე ვოსკანიანი
ტყემალაძე ედიგარიანი
ი. მაისურაძე დაშიანი
გ. მიქაბერიძე სუჯიანი
გეწაძე ბალაბეკიანი
მოდებაძე დუ ბალა
მწვრთნელი: ა. ჯელაძე მწვრთნელი: რ. ნაზარიანი

მეტალურგი
39. ქავთარაძე-მიქაბერიძე
79. პავლიაშვილი-გეწაძე
90. აბურჯანია-ტყემალაძე
სათადარიგოები: ბედიაშვილი, დ. ლომაია, კანდელაკი, ღაღანიძე

ბანანცი
34. დაგბაშიანი-არაქელიანი
58. ჰოვანესიანი-სუჯიანი
66. ბრუნო კორეა-ვოსკანიანი
სათადარიგოები: სარგსიანი, კარაპეტიანი, პოღოსიანი, ბეტო
გაფრთხილება: ბათიაშვილი (33), კვახაძე (52), დაშიანი (55), ბალაბეკიანი (61), რაზმაძე (62), ამბარცუმიანი (89).
არბიტრი: ნ. დოილი (ირლანდია)


ხალხმრავლობა და საპატიო სტუმრები

"ბანანცის" სინდრომი დაძლეულია - ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს სომხური გუნდი მესამედ გვესტუმრა და წინა ორი შემთხვევისაგან განსხვავებით, საქართველოდან გამარჯვებული ვერ მიემგზავრება.

მართალია, თბილისური გუნდების ("ლოკომოტივისა" და "ამერის") მსგავსად, "ბანანცი" ვერც ამ ჯერზე დავამარცხეთ საშინაო შეხვედრაში, მაგრამ გუშინ მთავარი ხომ შემდეგ ეტაპზე გასვლა იყო და რუსთავის "მეტალურგმა", ცოტა არ იყოს, გაჭირვებით, თუმცა ამ მიზნის შესრულება მოახერხა!

რუსთავის "ფოლადის" სტადიონზე განათების სისტემაში არსებული პრობლემების გამო გუშინდელი მატჩი ივლისისათვის და, საერთოდ, ფეხბურთისათვის აშკარად მოუხერხებელ დროს, 17 საათზე დაიწყო; სიზუსტეზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ შეხვედრის დასაწყისისათვის ჰაერის ტემპერატურა +40-მდე კი იქნებოდა; ჰოდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორ პირობებში მოუწევდათ ორივე გუნდის ფეხბურთელებს თამაში, - მართლაც "არანორმალურმა" სიცხემ მატჩის ირლანდიელ არბიტრსაც კი "გული მოულბო" და შეხვედრის განმავლობაში თამაში სამჯერ შეაჩერა!

თანაც, მოედნის კიდესთან წყლის დასალევად და სულის მოსათქმელად მხოლოდ ფეხბურთელები კი არა, სამსაჯო ბრიგადის წარმომადგენლებიც მიდიოდნენ.

აი, ასეთი ხვატი ხომ იყო, ბევრისთვის მოულოდნელად, "ფოლადის" სტადიონზე, ფაქტობრივად, სრული ანშლაგი ვიხილეთ! მართალია, აღმოსავლეთ ტრიბუნა სანახევროდ ცარიელი იყო (იქ დაჯდომა ხომ "მზის დარტყმის" ტოლფასს ნიშნავდა), სამაგიეროდ, დასავლეთ ტრიბუნაზე ლამის კიბეზე იჯდა ხალხი, აღარაფერს ვამბობთ სტადიონის პერიმეტრზე ფეხზე მდგომ ქომაგებზე, - მოკლედ, 3000 კაცი უეჭველად მოგროვდებოდა.

ხალხმრავლობა იყო პრესლოჟაშიც, სადაც, ნუ გაგიკვირდებათ და, სომეხი ჟურნალისტები უმრავლესობაში გახლდნენ! აღარაფერს ვამბობთ საპატიო სტუმართათვის განკუთვნილ ვიპ-ლოჟაზეც, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას, ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე ჩივაძეს და გენერალურ მდივანს რევაზ არველაძის გარდა ქვემო ქართლისა და ქალაქ რუსთავის ხელმძღვანელობაც ენერგიულად ქომაგობდა "მეტალურგს".

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც: თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ "ფოლადის" სტადიონის ვიპ-ლოჟაში ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე გამოჩნდა! სხვათა შორის, გუშინდელი მატჩის შესვენებაზე კირკიტაძემ და მისმა მოადგილემ მამუკა ჩიქოვანმა რუსთავის სპორტულ ცხოვრებაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის ღირსების ორდენებით იასონ ალადაშვილი და ნუგზარ სარჯველაძე დააჯილდოვეს.


ოპტიმისტური დასაწყისი
ახლა, კი ალბათ დროა, რომ უშუალოდ მატჩის შესახებაც ვისაუბროთ, მეორე ტაიმში გვარიანად რომ ვინერვიულეთ. ჰო, უნდა ვაღიაროთ: სულ მცირე, ორ-სამ ეპიზოდში იღბალმა გადმოგვხედა, თორემ სტუმრებს თავიანთი შანს(ებ)ით რომ ესარგებლათ, ვეჭვობთ, "მეტალურგს" თამაში შემოებრუნებინა.

წინა მატჩისგან განსხვავებით "მეტალურგის" შემადგენლობაში ერთი (ისიც, იძულებითი) ცვლილება იყო: დისკვალიფიცირებული ირაკლი ქობალიას ნაცვლად გუნდის ახალწვეული, 22 წლის გიორგი მიქაბერიძე გამოჩნდა. ამასთან, პირველი მატჩისგან განსხვავებით, შეცვლილი იყო "მეტალურგის" ტაქტიკური განლაგებაც: ერევანში ჩვენმა გუნდმა თამაში თუ კლასიკური 4-4-2-ით დაიწყო, რუსთაველთა მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ გუშინ თავდაპირველად 4-2-3-1 განლაგება ამჯობინა. თანაც, მიქაბერიძე ცენტალური შუამარბის პოზიციაზე გაამწესა, ვისაც ფლანგებიდან 22 წლის ირაკლი მაისურაძე 26 წლის რევაზ გეწაძე ეხმარებოდნენ.

სწორედ ამ უკანასკნელისა და "მეტალურგის" ერთადერთი ნომინალური ფორვარდის, 26 წლის ირაკლი მოდებაძის აქტიურობით შეიქმნა კიდეც ამ შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი, მაგრმ მახვილი კუთხიდან გეწაძის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

რუსთაველები ძირითადად მარცხენა ფლანგიდან უტევდნენ და სწორედ აქედან შეიქმნა მორიგი ხიფათი სტუმართა კართან, მაგრამ მიქაბერიძის დარტყმა "ბანანცის" უკრაინელმა მეკარემ, 23 წლის დიმიტრი ნეპოგოდოვმა მოიგერია. თუმცა, მასპინძლებს აგრესიული და შეტევაზე ორიენტირებული თამაში მალე დაუფასდათ: მარცხენა ფლანგზე კვლავაც გეწაძემ იაქტიურა, მერე სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან მცირე "არეულობაც" მოხდა და ყველაფერი საბოლოოდ მიქაბერიძის ზუსტი დარტყმით დამთავრდა!

ეს უკვე სერიოზული განაცხადი იყო, - მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სტუმრებს 2 გოლი სჭირდებოდათ და "მეტალურგმაც" შეგნებულად დათმო ტერიტორიული უპირატესობა და კონტრშეტევებზე თამაში ამჯობინა.

შესვენებამდე მასპინძლებს სახიფათო არაფერი შეუქმნიათ, სამაგიეროდ სტუმრები გააქტიურდნენ და პირველ ტაიმში "ბანანცის" ერთადერთი შეტევა კინაღამ გოლით დამთავრდა: ბრაზილიელმა ლეგიონერმა დუ ბალამ ბურთი მკერდით დაუგდო დავით სუჯიანს და ამ უკანასკნელის ძლიერი დარტყმაც მიზანს მცირე მანძილით აცდა. ამასობაში მასპინძლებს იძულებითი შეცვლის გაკეთებამაც მოუწიათ და მოედანზე 22 წლის გიორგი ქავთარაძის გამოჩენის შემდეგ თამაშის ბოლომდე "მეტალურგის" ტაქტიკურმა განლაგებამ 4-1-4-1 სახე მიიღო.

შესვენებამდე ერთი არცთუ სასიამოვნო მომენტიც ვიხილეთ: "მეტალურგის" გამოცდილ მეკარეს, 31 წლის ზურაბ ბათიაშვილს ბურთი "აეჭრა" და კიდევ კარგი, ჩვენი გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე კვახაძემ იყოჩაღა, თორემ დიდი შანსი იყო სტუმრებს პირველ ტაიმშივე გაეთანაბრებინათ ანგარიში.


სანერვიულო ბევრი გვქონდა...
მეორე ტაიმის საწყისი წუთები სანერვიულოს არაფერს გვიქადდა: "მეტალურგი" თამაშის რიტმს უნარიანად აკონტროლებდა და მეტოქეს აქტიური თამაშის საშუალებასაც არ აძლევდა. ერთ ეპიზოდში ირაკლი მოდებაძეს შეეძლო, ფაქტობრივად, ყველანაირი ინტრიგის დასრულება, მაგრამ მართლაც ეფექტური შეტევა გოლით ვერ დასრულდა.

აი, ასე - მშვიდად და აუღელვებლად რომ გვეგონა მატჩი დამთავრდებაო, დაახლოებით 70-ე წუთიდან თამაშის სცენარიც შეიცვალა და ტრიბუნებზეც უკმაყოფილება ხომ იზრდებოდა და იზრდებოდა! ჯერ იყო და ჩვენ კარში სამართლიანი პენალტი დაინიშნა, რომელიც დაზარალებულმა დუ ბალამ ზუსტად გამოიყენა; არადა, ზურაბ ბათიაშვილმა ბურთის მიმართულებაც გამოიცნო და სულ ცოტა დააკლდა, რომ პენალტი მოეგერიებინა.

გატანილმა გოლმა სტუმრებზე დოპინგივით იმოქმედა და ვიდრე "მეტალურგის" ფეხბურთელები მომხდარში გაერკვეოდნენ, ერთ წუთში კინაღამ მეორე ბურთიც გავუშვით: მარცხენა ფლანგიდან გამჭოლი გადაცემა გაკეთდა და გიორგი ქავთარაძეს სწორი პოზიცია რომ არ შეერჩია, ხიფათი გარდაუვალი იყო. ამასობაში, სტუმართა მთავარი მწვრთნელი რაფაელ ნაზარიანი, ფაქტობრივად, ვა-ბანკზე წავიდა და თავისი გუნდი ოთხფორვარდიან ტაქტიკაზე გადააწყო.

მოკლედ, დროის მცირე მონაკვეთში "ბანანცმა" შტურმი მოგვიწყო და რეალურზე-რეალური ორი მომენტიც შექმნა: პირველ ჯერზე, ოვანეს ამბარცუმიანის გრძელი რეიდის შემდეგ არსენ ბალაბეკიანი ურტყამდა შეუჩერებლად, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა; აი, მეორე შემთხვევაში კი არტაკ დაშიანის ძლიერად დარტყმული ბურთი ჩვენი კარის ხარიხას მოხვდა!

აი, ეს იყო და ეს - ამ ორი ვერგამოყენებული მომენტის შემდეგ, სტუმრებს ხეირიანი არაფერი გაუკეთებიათ. ამავდროულად, "მეტალურგის" ფეხბურთელებიც "გამოფხიზლდნენ" და მატჩის ბოლომდე ერთი მწვავე იერიშიც მიიტანეს სტუმართა კართან, მაგრამ გიორგი ქავთარაძის ეფექტური შეტევა არაზუსტი დარტყმით დამთავრდა.

რა თქმა უნდა, გუშინდელ მატჩში მთავარი იყო სასურველი შედეგი და ამას მივაღწიეთ; ანუ, ორი მატჩის ჯამში შემდგომ ეტაპზე "მეტალურგი" გავიდა და მართლაც გულით გვინდა, რომ რუსთაველთა საყვარელ გუნდს სამომავლო წარმატებები ვუსურვოთ. თუმცა, გუშინდელი მატჩის თვითმხილველნი დაგვეთანხმებიან, რომ "ბანანცზე" სულ ოდნავ მაღალი კლასის გუნდი ამდენ შეცდომას ნამდვილად არ გვაპატიებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
საგოლე პასი რომ ხელით გაკეთდა, რატომ არ წერთ? გრეხია?
დუუუ
10:55 08-07-2011
0
უნდა მოგვეგო მაინც რა .....

რა უბედურებაა ეს ფრე ! უნდა დავეჩვიოთ მოგებას
otar
11:16 08-07-2011
0

სიახლეები პოპულარული