"დინამო" ისლანდიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
შვიდწლიანი პაუზის შემდეგ თბილისის "დინამოს" მშვენიერი შანსი აქვს ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახოს: ისლანდიური "რეიკიავიკი" დამაჯერებლად კი ლიდერობს თავისი ქვეყნის ჩემპიონატში, მაგრამ ამ წყვილში ფავორიტად მაინც ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი მიგვაჩნია.

ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს თამაშის ხარისხს - ამის მაგალითად წინა კვირაში უელსურ "ლანელისთან" შთამბეჭდავი გამარჯვებაც (5:0) გამოდგება.

მოკლედ, "რეიკიავიკი"-"დინამოს" შეხვედრას იმედით ველოდებით და, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენი გუნდის შანსებსაც უფრო მაღლა ვაფასებთ. "რეიკიავიკთან" ალექს გარსია "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე
მეხუთე ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს და ისე როგორც წინა ოთხ შემთხვევაში, ოპტიმალური შემადგენლობა კვლავაც არ ეყოლება.

მართალია, როგორც იქნა, დისკვალიფიკაციებს ავცდით, მაგრამ ამჯერად უკვე ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვაკლდებიან: 20 წლის ლევან კაკუბავა "დინამოს" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია და საწყენია, რომ ისლანდიელებთან მატჩს დააკლდება; ისე, როგორც 26 წლის ლევან ხმალაძე და მისი თანატოლი შოთა კაშია, რომლებთაც ალექს გარსიას ხელმძღვანელობით ახალ სეზონში ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ.

"რეიკიავიკთან" სათამაშოდ ალექს გარსიამ 18 ფეხბურთელი შეარჩია: მეკარეები - გიორგი ლორია, გიორგი ნადირაძე; მცველები - დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, ირჟი ჰომოლა; ნახევარმცველები - ალექსანდრე კოშკაძე, ნიკა კვეკვესკირი, ჩისკო, გიორგი თექთურმანიძე, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი ლექვთაძე, ნიკა ფირცხალავა, გოგა ბერაია; თავდამსხმელები: გიორგი კახელიშვილი, რობერტინიო, კოტო, იაგუე.

როგორც ამჩნევთ, განაცხადში ვერ მოხვდნენ ლადო ახალაია და ვახტანგ ფანცხავა, აი, სამირ ჰაჯიბულიჩი და სანდრო იაშვილი კი წინა ოთხ შეხვედრაშიც არ გამოჩენილან "დინამოს" შემადგენლობაში...

"დინამო" ისლანდიაში დღეს, 26 ივლისს გამთენიისას გაემგზავრა, თანაც ქართულ დელეგაციას ხანგრძლივი "საჰაერო მოგზაურობაც" მოუწევს სტამბოლისა და ლონდონის გავლით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული