სამწუხაროდ, ჩრდილოირლანდიურ "ლინფილდთან" ის ორრაუნდიანი დაპირისპირება ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქად დარჩება: ეს ეტაპი კი დავძლიეთ, მაგრამ თბილისური მატჩის თურქმა მსაჯებმა უეფაში უსტარი აფრინეს - ქრთამი მოგვცესო - და "დინამოს" დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ჯერ ლაპარაკი იყო ორწლიან იზოლაციაზე, მაგრამ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ "დინამო" მომდევნო წელსვე დაუშვეს ევროტურნირზე, ოღონდ, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჩემპიონს მხოლოდ
საერთოდაც, 1995 წლამდე ქართული გუნდებიდან ევროტურნირებზე მარტო თბილისის "დინამო" ასპარეზობდა და მხოლოდ ამის მერე გავიდნენ ევროპაში ბათუმის "დინამო" და "სამტრედია", ქუთაისის "ტორპედო" და ზესტაფონის "მარგვეთი", ფოთის "კოლხეთი" და თბილისის "მერანი-91", თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "ვიტ ჯორჯია", ბოლნისის "სიონი" და "თბილისი", თბილისის "ამერი" და რუსთავის "ოლიმპი", გორის "დილა" და "ზესტაფონი", წლეულს კი ევროდებიუტი "გაგრას" ჰქონდა...
თბილისის "დინამოს", როგორც საქართველოს ყველაზე ტიტულიან გუნდს, ჩვენი სხვა გუნდებისგან განსხვავებით, სხვა მიღწევებითაც შეუძლია იამაყოს. ბოლოს და ბოლოს, ერთადერთი გუნდია, პირველი ჩემპიონატიდან მოყოლებული დღემდე, უმაღლესი ლიგა რომ არ დაუტოვებია. ეგ კი არა, "დინამო" ასევე ერთადერთია, ჩემპიონატი მესამე ადგილზე ქვემოთ რომ არ დაუმთავრებია! ჰოდა, რა გასაკვირია, რომ 1993 წლიდან მოყოლებული, თბილისის "დინამო" ყოველ წელს ასპარეზობს ევროტურნირებზე და ერთი-ორჯერ მართლაც ჩინებული შედეგი ჰქონდა. განვლილი 18 წლის განმავლობაში "დინამოს" მიერ ჩატარებულ ყველა ევრომატჩს რომ შევეხოთ, ეს დიდ დროს წაიღებს. რა თქმა უნდა, იყო მწარე დამარცხებანიც: "ლევერკუზენთან" (1:6), "ბოავიშტასთან" (0:5), "რაპიდთან" (0:5), "ტიროლთან" (1:5), "ბრაგასთან" (0:4), "სპორტინგთან" (0:4); თუმცა, არცთუ ცოტა იყო ისეთი შეხვედრებიც, "დინამო" მეტოქეებს დიდი ანგარიშით რომ უგებდა: "კრუზეიდერსთან" (5:1), "კილიკიასთან" (5:1), "გრევენმახერთან" (4:0). და აი, ერთი კვირის წინ "დინამომ" ევროტურნირებზე სარეკორდი გამარჯვება მოიპოვა: ალექს გარსიას ხელმძღვანელობით უელსურ "ლანელის" 5:0 მოუგო!
"დინამოსთვის" ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი უცხო ხილი ნამდვილად არ არის, თუმცა დღემდე მხოლოდ ორჯერ მოხდა, "დინამომ" ევროტურნირის სამი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა რომ მოახერხა. პირველად ეს 1996 წელს იყო, როცა დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით "დინამომ" გზიდან ჩამოიცილა ლუქსემბურგის "გრევენმახერი", ნორვეგიის "მოლდე" და მოსკოვის "ტორპედო", თუმცა ამის შემდეგ "ბოავიშტასთან" ვერაფერს გახდა...
ყველაზე წარმატებული ევროსეზონი კი 2004 წელს გვქონდა: ბელარუსული "ბატეს", ჩეხური "სლავიასა" და პოლონური "ვისლას" ძლევით "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა! ხვდებით, ალბათ, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ასპარეზობის პერიოდს ვგულისხმობთ, თორემ მეორე და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების გავლა კი არ გვიჭირდა, ევროტურნირების ნახევარფინალსა და ფინალშიც გვითამაშია - ბოლოს და ბოლოს, 1981 წელს თასების მფლობელთა თასიც მოვიპოვეთ!..
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"