ვიდრე გუნდს "ოლიმპი"ერქვა, უმეტეს შემთხვევაში პირველსავე ეტაპზე ეთიშებოდა ევროტურნირებს (მხოლოდ ერთხელ მიაღწია მეორე საკვალიფიკაციო რაუნდამდე), ახლა კი, თორნიკე მაისურაძისა და არმაზ ჯელაძის დამოძღვრილმა გუნდმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
"მეტალურგის" წლევანდელი ევროასპარეზობა ყოველმხრივ წარმატებულად უნდა შეფასდეს, და ეს იმის მიუხედავად, თუ როგორ დამთავრდება რუსთაველთა გუნდისა და ფრანგული "რენის" დაპირისპირება. ამ წყვილში უდავო ფავორიტი რომ ფრანგული კლუბია, ვფიქრობთ, საკამათო არავისთვისაა, თუმცა გვჯერა, რომ "მეტალურგი"
წლევანდელ ევროტურნირზე "მეტალურგის" წარმატებული თამაში მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ; თანაც, რუსთაველებმა ხომ ქართული გუნდებისთვის დამახასიათებელი ერთი უსიამოვნო "ტრადიციაც" დაარღვიეს: წლევანდლამდე ჩვენი კლუბები ევროტურნირებზე ვერაფრით ახერხებდნენ ყაზახური გუნდების ძლევას. და აი, "მეტალურგმა" პავლოდარის "ირტიშის" გამოგდებით ქართულ-ყაზახური დაპირისპირების სტატისტიკაც შეცვალა! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თავად რუსთაველებს ორჯერ სწორედ ყაზახურმა გუნდებმა გადაუღობეს გზა მომდევნო ეტაპისკენ.
ყაზახური სინდრომი
რუსთაველების ევროდებიუტი 2007 წელს შედგა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონმა ყაზახურ "ასტანასთან" ვერაფერი გააწყო: საშინაო ფრეს საგარეო 0:3 მოჰყვა...
"ოლიმპი" ევროტურნირებს ორი წლის შემდეგ დაუბრუნდა და ყველა დარწმუნებული ვიყავით, რომ ვარლამ კილასონიას გუნდი ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს წარმატებით დაძლევდა.
ასეც მოხდა: "ოლიმპმა" ორივე მატჩში უპრობლემოდ აჯობა ფარერების ბ-36-ს. აი, მომდევნო ეტაპზე კი "ოლიმპს" ერთობ სერიოზული მეტოქე შეხვდა: პოლონეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი ვარშავის "ლეგია"! თუმცა "ოლიმპის" ქომაგებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ ევროტურნირების უდიდესი გამოცდილების მქონე პოლონელების წინააღმდეგ თავიანთ "საიდუმლო იარაღს" აამოქმედებდნენ - "ლეგიასთან" პირველ მატჩამდე ერთი თუ ორი დღით ადრე რუსთავის გუნდში ხომ ერთდროულად ხუთი ბრაზილიელი (აკინო, ფრაგა, ჟონატასი, ჟერონიმო, ჩოკო) ჩაირიცხა!
სამწუხაროდ, "ლეგიამ" ორივე მატჩი მოუგო "ოლიმპს", მაგრამ არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, იმავე აკინოსა თუ ფრაგას ახალ პარტნიორებთან შესათამაშებლად ოდნავ მეტი დრო რომ ჰქონდათ. თან არც ის დაგვავიწყდეს, რომ ვარშავულ მატჩში ანდერსონ აკინომ პენალტი ვერ გამოიყენა, არადა, ამ ბრაზილიელის შესაძლებლობებში ქართველი ქომაგი მალე დარწმუნდა - საქართველოს 2009-10 წლების ჩემპიონატში აკინო საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და საუკეთესო ბომბარდირიც, ახლა კი წარმატებით თამაშობს ბრაზილიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და "კურიტიბას" ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ...
2007 წლისა არ იყოს, რუსთაველებისთვის ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშებაც წარუმატებელი გამოდგა, ან რომელ წარმატებაზე შეიძლებოდა ფიქრი, როცა ევროტურნირის წინ საქართველოს ჩემპიონი გუნდიდან სხვადასხვა მიზეზით 16 ფეხბურთელი წავიდა! ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, როცა ყაზახურმა "აქტობემ" ორი მატჩის ჯამში დაჯაბნა საქართველოს ჩემპიონი.
სამაგიეროდ, წლეულს სიტუცია რადიკალურად შეიცვალა: გუნდმა, ფაქტობრივად, შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი (ერთი-ორი ფეხბურთელიც დაიმატა) და შედეგიც ვნახეთ. ყოველ შემთხვევაში, ბევრი მართლაც ვერ იფიქრებდა, სახელწოდებაშეცვლილი რუსთავის გუნდი ევროტურნირების ორ საკვალიფიკაციო ეტაპს თუ გადალახავდა...
"მეტალურგი" ევროტურნირებზე
2007 წელი
ჩემპიონთა ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ოლიმპი (რუსთავი)-ასტანა (ყაზახეთი) 0:0
ასტანა-ოლიმპი 3:0
გოლები: კუჩმა, ტლეხუგოვი, ჟალმაგომბეტოვი
2009 წელი
ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ოლიმპი (რუსთავი)-ბ-36 (ფარერები)2:0
გოლები: გ. მეგრელაძე-2
ბ-36-ოლიმპი 0:2
გოლები: სირბილაძე, ხუბუა
II საკვალიფიკაციო ეტაპი
ლეგია (პოლონეთი)-ოლიმპი (რუსთავი) 3:0
გოლები: პალუხოვსკი, კიულბოვიჩი, შალახოვსკი
ოლიმპი-ლეგია 0:1
გოლი: შალახოვსკი
2010 წელი
ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი
აქტობე (ყაზახეთი)-ოლიმპი (რუსთავი) 2:0
გოლები: სმაკოვი-2
ოლიმპი-აქტობე 1:1
გოლები: რეხვიაშვილი; ტლეშევი
2011 წელი
ევროპის ლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ბანანცი (სომხეთი)-მეტალურგი (რუსთავი) 0:1
გოლი. ქობალია
მეტალურგი-ბანანცი 1:1
გოლები: გ. მიქაბერიძე; დუ ბალა
II საკვალიფიკაციო ეტაპი
მეტალურგი (რუსთავი)-ირტიში (ყაზახეთი) 1:1
გოლები: ა. კვახაძე; დასკალოვი
ირტიში-მეტალურგი 0:2
გოლები: ქობალია, მოდებაძე
შენიშვნა: 2011 წლის ზაფხულამდე რუსთავის გუნდი "ოლიმპის" სახელით ასპარეზობდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"