ქართულ-ფრანგული დაპირისპირება

AutoSharing Option
ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდებიდან ყველაზე ძალიან რუსთავის "მეტალურგს" არ გაუმართლა - მეტოქედ ფრანგული "რენი" შეხვდა!

საერთოდაც, იმის მერე, რაც რუსთავის "მეტალურგი" (გნებავთ, "ოლიმპი") ევროტურნირებზე ასპარეზობს, ასეთი დონის მოწინააღმდეგე არასდროს ჰყოლია; გავიხსენოთ, თუ რომელ გუნდებთან უწევდათ რუსთაველებს დაპირისპირება: ფარერების "ბ-36"-თან, სომხურ "ბანანცთან" და ერთდროულად სამ ყაზახურ კლუბთან ("ასტანასთან", "აქტობესთან", "ირტიშთან"). ერთადერთი მეტ-ნაკლებად ძლიერი მეტოქე 2009 წელს შეხვდათ, როცა პოლონეთის "ლეგიამ" ორივე მატჩი მოუგო რუსთავის "ოლიმპს". და აი, "ლეგიაზე" ბევრად უფრო ძლიერი და სოლიდური მეტოქეც: რა თქმა უნდა, "რენი" არც
"ლიონია" და არც - "მარსელი", მაგრამ ეს უძველესი ბრეტონული კლუბი ბოლო წლებია საფრანგეთის ჩემპიონატში მუდამ პირველ ექვსეულში "ტრიალებს".

"რენის" ერთ-ერთი "საფირმო ნიშანი" შემტევი სტილი იყო - გუნდი მეტოქის კარში ბევრ ბურთს იტანდა და ამასთან, საკუთარშიც ბევრს იღებდა. თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: 2009 წელს "რენის" მთავარ მწვთნელად ფრედერიკ ანტონეტი დაინიშნა, ვინც მანამდე "ნიცაში" სწორედ დაცვაში "მკაცრი" თამაშით გაითქვა სახელი. ანტონეტის მოსვლის შემდეგ "რენის" შედეგიანობამ საგრძნობლად მოიკლო (ბოლო სეზონში მხოლოდ უიმედო აუტსაიდერებს აჯობა), სამაგიეროდ, საკუთარ კარში გაშვებული ბურთების მიხედვით ლიგაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.

საფრანგეთში ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და ასე რომ, დღევანდელი მატჩი "რენისათვის" სეზონში პირველი იქნება. წინა სეზონთან შედარებით გუნდში რამდენიმე ცვლილება მოხდა: გუნდი დატოვა სამმა გამოცდილმა ფეხბურთელმა, ნიკოლა დუშემ, ჟერომ ლერუამ და სილვენ მარვომ; რაც შეეხება ახალწვეულებს, მათგან ყველაზე ცნობილი 25 წლის ბურკინა-ფასოელი ჯონათან პიტროიპაა - ეს შემტევი ნახევარმცველი "რენში" "ჰამბურგიდან" გადავიდა. პიტროიპას გარდა "რენგში" მრავალრიცხოვანი "აფრიკული დიასპორაა", რომელთაგანაც ყველაზე ცნობილი 26 წლის ნახევარმცველი ალექსანდერ ტეტეი (განა) გახლავთ. "რენის" უპირობო ლიდერად 21O წლის ნახევარმცველი იან მ'ვილა უნდა მივიჩნიოთ, ვისაც საფრანგეთის ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.

მ'ვილას გარდა "რენის" ყველაზე "ცნობადი სახეები" არიან 27 წლის კოლუმბიელი ფორვარდი ვიქტორ მონტანო და ფრანგული ფეხბურთის დამსახურებული ვეტერანი, 32 წლის სტეფან დალმა.


უარყოფითზე-უარყოფითი ბალანსი
ევროპაში არაფრით გამორჩეული ქვეყნების წარმომადგენლებთან გვაქვს უარყოფითი ბალანსი ურთიერთშეხვედრებში და რა გასაკვირვი იქნება ის ფაქტი, ფრანგულ კლუბებთან მუდამ რომ ვმარცხდებოდით?

ჰო, მართლაც სამწუხარო სტატისტიკაა - ევროტურნირებზე დღემდე ჩატარებულ ქართულ-ფრანგული კლუბების ურთიერთდაპირისპირებაში 6 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მივაღწიეთ ფრეს, დანარჩენი 5 შეხვედრა კი წავაგეთ (ბურთების სხვაობაც არანაკლებ კატასტროფულია - 2:11). თანაც, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ფრანგული გუნდებიდან არც ერთი იყო "გრანდი", - ანუ, "ლიონის", "მარსელის", "პსჟ-ს", "ბორდოსა" და "ლილის" (გნებავთ, "სენტ ეტიენის") დონის კლუბებს ვგულისხმობთ. ეგ კი არა, ქართული კლუბების იმ ძველი მეტოქეებიდან მხოლოდ "ოსერი" და "სოშოა" , დღესდღეობით საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში რომ ასპარეზობენ; აი, დანარჩენები კი ბოლო წლების განმავლობაში საფრანგეთის მეორე და მესამე დივიზიონებს შორის "მოგზაურობდნენ" - "გენგამი", "ტრუა", "ლანსი"...

ქართულ-ფრანგული პირველი დაპირისპირება 1996 წელს ვიხილეთ, როცა ევროტურნირებზე დებიუტი ჰქონდა ფოთის "კოლხეთი-1913"-ს. ფოთელები "ინტერტოტოს თაზე" ასპარეზობდნენ და ჯგუფში ერთ-ერთ მეტოქედ ფრანგული "გენგამიც" ჰყავდა. კლასში სხვაობა საგრძნობი იყო და "გენგამმა" დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა იმ დღეს ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ მასპინძელთა მარცხენა ნახევარმცველი, იმ დროისათვის 20 წლის გიორგი გახოკიძე! ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა იმდენად მოხიბლა გახოკიძის ეფექტურმა დრიბლინგმა (თუ საერთოდაც, არაორდინალურმა მოქმედებებმა), რომ ლამის მატჩის დამთავრებისთანავე მოინდომეს ქართველი ფეხბურთელის "გენგამში" ჩარიცხვა...

ხუთწლიანი პაუზის მერე ისევ გვესტუმრა ფრანგული კლუბი: ამჯერადაც "ინტერტოტოს თასზე" და ამჯერადაც არაფრით გამორჩეული გუნდი; თუმცა, "ტრუამ" უპრობლემოდ შეძლო "ვიტ ჯორჯიას" დამარცხება და ერთადერთ "ნუგეშად" ისღა დაგვრჩა, განმეორებით შეხვედრაში ლევან მელქაძემ ფრანგების კარში გოლი რომ გაიტანა! ჰო, მართლაც "ნუგეშია" - 2001 წლის მერეფრანული გუნდების კარში გოლი ვეღარ გაგვიტანია და "ლანსი" იქნებოდა თუ "სოშო", ქართულ გუნდებს "მშრალად" ამარცხებდნენ...

ზემოთმოყვანილი ფაქტები იმ პერიოდს ეხება, ჩვენი გუნდები დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის სახელით რომ ასპარეზობდნენ ევროტურნირებზე. აი, მანამდე კი ერთხელ იყო ქართულ-ფრანგული გუნდების დაპირისპირება და ისიც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა. ძველი ამბავია, მაგრამ ტკბილად მოსაგონარი: 1981 წლის შემოდგომაზე, თასების მფლობელთა თასის 1/8 ფინალში თბილისის "დინამომ" გათამაშებიდან ფრანგული "ბასტია" გამოთიშა! პირველი მატჩი კუნძულ კორსიკაზე გაიმართა და ფრედ, 1:1 დამთავრდა; აღსანიშნავია, რომ იმ მატჩში გოლები მართლაც ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: როჟე მილამ და ვლადიმერ გუცაევმა! განმეორებით შეხვედრაში "დინამოს" უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და მეოთხედფინალშიც ჩვენი გუნდი გავიდა - ის მატჩი 3:1 მოვიგეთ. კორსიკელთა გუნდის კარში ორი გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა, ერთიც თენგიზ სულაქველიძემ, ასევე მართლაც ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა...

დაბოლოს, კიდევ ერთ ქართულ-ფრანგულ დაპირისპირებაზეც; ოღონდ ეს უკვე საკლუბო დონეს არ ეხება: საქართველოს ნაკრები ორჯერ შეხვდა საფრანგეთის ნაკრებს და ორივეჯერ "მშრალად" დამარცხდა; არადა, ჩვენი ნაკრების იმდროინდელმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა თბილისში სუპერშემტევი ტაქტიკა აირჩია და  თამაშიც, ფაქტობრივად, საწყის 17 წუთში წავაგეთ; სამაგიეროდ, ოსერში ჩვენი გუნდის ძირითად შემადგენლობაში 7 (!) ნომინალური მცველი და ერთიც "ჩამშლელი" ნახევარმცველი გამოიყვანა და "საპატიოზე-საპატიო" ანგარიშით (0:1) წავაგეთ.

ინტერტოტოს თასი
კოლხეთი-1913 (ფოთი)-გენგამი (საფრანგეთი) 1:3
13. 07. 1996. ფოთი. "ფაზისი".
0:1 კარნო (23), 0:2, 0:3 ორლავილი (61, 65) 1:3 ამბიძე (74)
კოლხეთი: გოგუა-ქუნთელია (75. ღაღანიძე), ქობულაძე, შ. ხუჯაძე, თიბილაშვილი-ნ. მიქაბერიძე (46. ბულუხია), ტორჩინავა (69. ინიაშვილი), სოლოღაშვილი, გახოკიძე-ბ. ამბიძე-გაბისონია
გაფრთხილება: ბარე, ორლავილი
არბიტრი: ვ. ბუტენკო (რუსეთი)


ინტერტოტოს თასი. II ეტაპი
ტრუა (საფრანგეთი)-ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6:0
01. 07. 2001
1:0 მენირი (16), 2:0, 3:0 ბუტალი (29, 38), 4:0 გუზი (48), 5:0 ჯუკიჩი (60), ბუტალი (68),
ვიტ ჯორჯია: მერლანი-საჯაია (73. ბეროშვილი), ინწკირველი, ჭანკოტაძე, არეშიძე (46. ფეიქრიშვილი)-ლ. ნოზაძე, დიღმელაშვილი, გ. ყიფიანი, დ. დოლიძე (46. სულთანიშვილი)-ადამია, ლ. მელქაძე

ვიტ ჯორჯია-ტრუა 1:1

08. 07. 2001. თბილისი. ეროვნული. 3000 მაყურებელი
0:1 გუსე (81), 1:1 მელქაძე (89)
ვიტ ჯორჯია: მერლანი-არეშიძე, ჭანკოტაძე, ინწკირველი, დ. დოლიძე (56. საჯაია)-ლ. ნოზაძე (67. ფეიქრიშვილი), გოგობერიშვილი, დიღმელაშვილი, გ. ყიფიანი-ადამიანი (58. ზ. მეტრეველი), ლ. მელქაძე.
გაფრთხილება: ყიფიანი; მენირი
არბიტრი: დ. დიმიტროვი (ბულგარეთი)


უეფას თასი. I საკვალიფიკაციო ეტაპი
ლანსი (საფრანგეთი)-ტორპედო( ქუთაისი) 3:0
14. 08. 2003. "ჟან-ფილიპ ბოლერი". 26 000 მაყურებელი
1:0 უტაკა (70), 2:0 დიოპი (72), 3:0 უტაკა (83)
ტორპედო: სტურუა-ლ. ჭელიძე, ხვადაგიანი, მახვილაძე, ს. თოდუა-ახალკაცი, გამეზარდაშვილი, გ. ყიფიანი, ბაბუნაშვილი-პოროშინი (41. ნერგაძე), მუშკუდიანი
გაფრთხილება: დიოპი; გამეზარდაშვილი
არბიტრი: დ. დრაბეკი (ავსტრია)

ტორპედო-ლანსი 0:2
28. 08. 2003. ქუთაისი. "ტორპედო". 8000 მაყურებელი
0:1, 0:2 ბაკარი (35, 41)
ტორპედო: სტურუა-ლ. ჭელიძე, ხვადაგიანი, მახვილაძე, ს. თოდუა-ახალკაცი (86. ბაბუნაშვილი), კვეტენაძე (65. კვერნაძე), გამეზარდაშვილი, ბაბუნაშვილი-გ. ყიფიანი-ქუთათელაძე (65. ლაღაძე)
გაფრთხილება: რული
არბიტრი: ფ. ბედე (უნგრეთი)


უეფას თასი. ჯგუფური ეტაპი
დინამო (თბილისი)-სოშო (საფრანგეთი) 0:2
21. 10. 2004. თბილისი "ლოკომოტივი". 20000 მაყურებელი
0:1 ილანი (18), 0:2 პაისლი (38)
დინამო: მამალაძე-შ. კაშია (73. ალადაშვილი), სალუქვაძე, ჭიჭვეიშვილი, შაშიაშვილი-კანდელაკი, ნემსაძე-კაკალაძე, რომერო (83. დვალი), ახალაია-ლ. მელქაძე
არბიტრი: შ. მესნერი (ავსტრია)


სანაკრებო დონეზე
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო-საფრანგეთი 0:3
2. 09. 2006. თბილისი. ეროვნული. 55 000 მაყურებელი
0:1 მალუდა (7), 0:2 სა (16), 0:3 ასათიანი (47, საკუთარ კარში)

საქართველო: გრ. ჭანტურია-ალადაშვილი (39). კანდელაკი), ხიზანიშვილი, ასათიანი, კობიაშვილი-გოგუა, კანკავა, დ. მუჯირი (82. მენთეშაშვილი)-ა. იაშვილი (46. კვირკველია), შ. არველაძე, დემეტრაძე
საფრანგეთი: კუპე-სანიოლი, ტიურამი, გალასი, აბიდალი-ვიიერა, მაკელელე (58. მავუბა)-რიბერი (69. გოვუ), ანრი, მალუდა-სა (86. ვილტორი)
გაფრთხილება: კობიაშვლი, კანკავა, დემეტრაძე, გოგუა
არბიტრი: ი. ვეგერეეფი (ჰოლანდი)

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საფრანგეთი-საქართველო 1:0
6. 06. 2007. ოსერი. "აბე ბეშამი". 24000 მაყურებელი
1:0 ნასრი (33)
საფრანგეთი: ლანდრო-კლერკი, ტიურამი, გალასი, აბიდალი-ტულალანი, მაკელელე-რიბერი (90. გოვუ), ნასრი, მალუდა (76. სისე)-ანელკა (90. ბენზემა)
საქართველო: გ. ლომაია-ხიზანიშვილი, ხიზანეიშვილი, კალაძე, სალუქვაძე (12. დ. მუჯირი)-ბურდული, კვირკველია, კანკავა (89. შაშიაშვილი), ღვინიანიძე, ელიაა (79. მარცვალაძე)-ა. იაშვილი
გაფრთხილება: ხიზანიშვილი, კანკავა
არბიტრი: ლ. ბატიშტა (პორტუგალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული