ჩვენ და ისლანდიელები - ტიტულიანთა პაექრობა

AutoSharing Option
ევროტურნირების ისტორიაში ქართული გუნდები რომელი ქვეყნის წარმომადგენლებს არ შეხვედრიან; ანუ, ფაქტობრივად, თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის გუნდთან გვქონია დაპირისპირება ერთი-ორი გამონაკლისის გარდა.

და აი, წლევანდელი ევროტურნირების შემდეგ ასეთ მეტოქეთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება: პირველად ვიხილავთ ქართულ-ისლანდიურ დაპირისპირებას საკლუბო დონეზე! თანაც, სიმბოლურია, რომ ერთმანეთს ამ ორი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდები შეხვდებიან: თბილისის "დინამო" და "რეიკიავიკი"...

ისლანდიის 24-გზის ჩემპიონი "რეიკიავიკი" მართლაც წარმატებულზე-წარმატებულ სეზონს ატარებს: ბევრისთვის მოულოდნელად, გუნდმა ევროპის ლიგის ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა; თანაც, პირველ რაუნდში ფარერების "ფულგაფიოდურის" ძლევა (3:1, 5:1), ასე თუ
ისე, პროგნოზირებადი იყო, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც "რეიკიავიკს" მეტოქედ სლოვაკეთის ბოლო წლების ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი "ჟილინა" შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ამ გაზაფხულზე "ჟილინა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა და "რეიკიავიკთან" დაპირისპირებაშიც წყვილის უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა, ისლანდიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში შეძლო და ძლიერ მეტოქეს აჯობა (3:0, 0:2). ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "რეიკიავიკი" ჩინებულად ასპარეზობს თავისი ქვეყნის ჩემპიონატშიც (ისლანდიაში პირველობა "გაზაფხული-შემოდგომის" პრინციპით ტარდება): 11 ტურის მერე 8 გამარჯვებითა და 3 ფრეთი ერთპიროვნული ლიდერია!

იმის გარდა, რომ შიდა ჩემპიონატში წაუგებლად ასპარეზობს, "რეიკიავიკი" საკმაოდ შედეგიანადაც თამაშობს: ამ 11 მატჩში მეტოქეთა კარში 25 გოლი აქვს გატანილი. გოლების უმრავლესობა კი "რეიკიავიკის" თავდამსხმელთა "დუეტზე" მოდის: 25 წლის კიარტან ფინბოგასონმა 6 ბურთი გაიტანა, მისმა თანატოლმა გუდიონ ბალვიდსონმა კი - 5.

საერთოდ კი, ამ სეზონში "რეიკიავიკი" ძალიან ახლოს არის 8-წლიანი პაუზის მერე დაიბრუნოს ქვეყნის უძლიერესი გუნდის სახელი: 2003 წლის მერე ხომ ისლანდიაში "ჰაფნარფიორდურის" ჰეგემონია დამყარდა! "ჰაფნარფიორდური" ბოლო 7 წლის განმავლობაში ხუთჯერ გახდა ისლანდიის ჩემპიონი, ორჯერ კი მეორე ადგილზე გავიდა (ჯერ "ვალურს" დაუთმო ოქროს მედლები, შარშან კი - "ბრეიდაბლიკს"). ახლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "რეიკიავიკის" ზეობა იწყება, თუმცა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამოსთან" წყვილში ფავორიტად მაინც ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდი მიგვაჩნია...


მწარედ მოსაგონარი
"რეიკიავიკი" და "დინამო" დღეიდან დაუდებენ სათავეს ოფიციალურ დონეზე ისლანდიურ-ქართულ "საფეხბურთო ურთიერთობას"; თუმცა, თითქმის იგივე სიტუაციაა სანაკრებო დონეზეც: ამ ორი ქვეყნის ნაკრებს ერთმანეთში მხოლოდ და მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული! თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ტკბილად მოსაგონარი თუ გასახსენებელი არც არაფერია: ის ერთადერთი დაპირისპირებაც ისლანდიელთა გამარჯვებით დამთავრდა...

ორი წლის წინანდელ ამბავს ვიხსენებთ, როცა რეიკიავიკის "ლაუგაარდას-ვიოლურის" სტადიონზე (სწორედ ამ სარბიელზე იასპარეზებს ამ საღამოს "დინამო") ისლანდიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს დამაჯერებლად მოუგო (3:1). იმის თქმა, რომ ჩვენი ნაკრები ისლანდიაში შესუსტებული შემადგენლობით ჩავიდაო, რბილად ნათქვამი იქნება - საქართველოს ნაკრების იმდროინდელმა თავკაცმა ექტორ რაულ კუპერმა კუნძულზე ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული შემადგენლობა წაიყვანა!

თავად განსაჯეთ: სხვადასხვა (ობიექტური თუ სუბიექტური, გასამართლებელი თუ დღემდე ყველასათვის უცნობი) მიზეზის გამო საქართველოს ნაკრებს კახა კალაძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ყენია, ჯანო ანანიძე, გიორგი ლომაია აკლდნენ; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი ნაკრების იმდროინდელი თავკაცი ჯიუტად უკეთებდა იგნორირებას მალხაზ ასათიანსა და რუსეთში მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს (ლაშა სალუქვაძეს, დავით კვირკველიას, გოგიტა გოგუას, ალექსანდრე ამისულაშვილს, ნუკრი რევიშვილს). არანაკლებ შეურაცხმყოფელი იყო თითოეული ქართველი ქომაგისათვის ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნაკრები ისლანდიაში 14 ფეხბურთელით გაემგზავრა! ჰოდა, აქედან გამომდინარე, რა გასაკვირვი უნდა ყოფილიყო ისლანდიელთა დამაჯერებელი გამარჯვებაც?

სხვათა შორის, ამ წაგებამ კუპერის "აქედან წასვლა" კიდევ უფრო დააჩქარა: საქართველოს ნაკრებმა ისლანდიასთან მარცხის მერე ორი ოფიციალური შეხვედრაც წააგო (ჩერნოგორიასთან და ბულგარეთთან) და 2009 წლის ბოლოს არგენტინელ მწვრთნელს დავემშვიდობეთ!..

ამხანაგური მატჩი
ისლანდია-საქართველო 3:1
9. 09. 2009. რეიკიავიკი. "ლაუგარდას-ვიოლური". 4700 მაყურებელი
1:0 იოჰანსონი (13), 2:0 სკულასონი (17), 2:1 დვალიშვილი (33), 3:1 გუნარსონი (55)
ისლანდია: გუნლეიფსონი, ეირიკსონი (46. ჰალმსონი), სკულასონი (84. ბ. სიგურდსონი), ი. სიგურდსონი, ო. სიგურდსონი, სტეინსონი (35. სავარსონი), დანიელსონი, გისლასონი (84. ვიდარსონი), იოჰანსონი (75. ბიორნსონი), გუნარსონი, ჰალფრედსონი (84. ტაკეფუსა).
საქართველო: მამალაძე-თ. ღონღაძე (73. უ. ლობჟანიძე), გ. კაშია, ა. კვახაძე, გ. ფოფხაძე- ცქიტიშვილი (66. ხმალაძე), რაზმაძე-სეთურიძე, დევდარიანი, გელაშვილი-დვალიშვილი
გაფრთხილება: გუნარსონი; თ ღონღაძე
არბიტრი: მ. ტრეფოლინი (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული