ჰო, ცოტა არ იყოს, დაუჯერებლად გვეჩვენება მოვლენების ისეთი განვითარება, რომ გუნდმა სტუმრად მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა გაფლანგოს; ეგ კი არა, უნდა ვივარაუდოთ, რომ "დინამო"-"რეიკიავიკის" განმეორებით მატჩში ქართველი ქომაგი კვლავაც იხილავს ჩვენების შედეგიან თამაშს.
მოკლედ, "დინამოს" ბოლოდროინდელი დამაჯერებელი ასპარეზობა ქართველ გულშემატკივარს უნდა ახარებდეს, ისევე, როგორც ევროტურნირებზე გუნდის რეკორდების გაუმჯობესება: ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე უელსურ "ლანელის" 5:0 რომ მოვუგეთ, "დინამოსთვის" სარეკორდო გამარჯვება იყო! არანაკლებ შთამბეჭდავია "რეიკიავიკის" დიდი ანგარიშით დამარცხებაც: ჩემპიონთა ლიგასა და უეფას თასზე სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში აქამდე საუკეთესო შედეგი ჩრდილოირლანდიურ "კრუზეიდერსთან" 3:1 გამარჯვება მიიჩნეოდა, ახლა კი ეს მაჩვენებელიც გაუმჯობესდა!
საერთოდ კი, ევროტურნირებზე სტუმრად ყველაზე დიდი ანგარიშით "დინამომ" 2006 წელს გაიმარჯვა, როცა სომხურ "კილიკიას" ერევანში 5:1 მოუგო. რა თქმა უნდა, სულაც არ ვაკნინებთ "დინამოს" იმდროინდელ წარმატებას, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაშინ "დინამო" ყველაზე ნაკლებადპრესტიჟულ ევროტურნირში, "ინტერტოტოს თასზე" ასპარეზობდა...
გარსია და ახლებური დინამო
ალექს გარსიას ხელმძღვანელობით "დინამომ" ხუთი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ესპანელ მწვრთნელს მაღალ შედეგიანობასთან ერთად მუდამ გამარჯვებისკენ სწრაფვაც არ დაეწუნება: ოთხი მოგება, ერთი წაგება და ბურთების შთაბეჭდავი სხვაობა (15-3) დინამოელთა ქომაგებში რეალობაზე დამყარებულ ოპტიმიზმს იწვევს - ჯერ ხომ ორი თვეც არ გასულა, რაც გარსია მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და დროის ასეთი მოკლე პერიოდის მიუხედავად, გუნდი აშკარად ახლებურად ათამაშდა.
თანაც, საქმე მხოლოდ ასევე აშკარად შეტევაზე ორიენტირებულ ტაქტიკურ განლაგებაში როდია (4-3-3) - შინ თუ გარეთ დინამოელები მაქსიმალურად ცდილობენ მეტოქის ნახევარზე რაც შეიძლება სწრაფად გადასვლას; მოკლე პასებითა და ერთი შეხებით თამაში ხომ ლამის არის, ჩვენი გუნდის საფირმო ნიშნად იქცეს, აღარაფერს ვამბობთ ფლანგებზე ზეაქტიურ თამაშზეც. ერთი, თან არცთუ უმნიშვნელო ნიუანსიც: ჯერ კიდევ სლოვენიური შეკრებიდან მოყოლებული, ალექს გარსია ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაში იყო და ხუთი ოფიციალური მატჩის შემდეგ უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ესპანელი სპეციალისტი, ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბდა ძირითად ბირთვზე.
სამწუხაროდ, ტრავმებისა თუ დისკვალიფიკაციების გამო ამ ხუთი მატჩიდან "დინამოს" არც ერთი ჩაუტარებია ერთი და იმავე შემადგენლობით, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გუნდში უკვე გამოიკვეთა ძირითადი ბირთვი (13-14 ფეხბურთელი) და ერთი-ორი წამყვანი მოთამაშის არყოფნასაც უარყოფითი შედეგი არ მოაქვს.
ყოველივე ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყვით, რომ გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია; ყოველ შემთხვევაში, გუნდს ერთი-ორი კვალიფიციური მოთამაშის დამატება არ აწყენდა (განსაკუთრებით, დაცვაში) - აი, ახლაც, "რეიკიავიკთან" საპასუხო მატჩის წინ ალექს გარსიას ხომ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა. კიდევ კარგი, რომ პირველ შეხვედრაში "დინამომ", ფაქტობრივად, წყვილში გამარჯვებულის ვინაობა გაარკვია, თორემ სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი ერთდროულად სამი წამყვანი ფეხბურთელის (ჩისკო, კვეკვესკირი, რეხვიაშვილი) უმტკივნეულოდ შეცვლა.
დაცვის ხაზი კი შემთხვევით არ გვიხსენებია: "ლანელისთან" განმეორებით მატჩში დაშავდა "დინამოს" შეუცვლელი ფეხბურთელი ლევან კაკუბავა, ასევე ტრავმის გამო ჯერ არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებიათ ახალ სეზონში შოთა კაშიასა და ლევან ხმალაძეს, ახლა კი ამათ დისკვალიფიცირებული გიორგი რეხვიაშვილიც დაემატა.
ისე, მართლაც საინტერესოა, თუ ვის გაამწესებს დაცვის მარცხენა ფლანგზე გარსია, - ერთდროულად ოთხი (!) მცველის არყოფნაში, შესაძლოა, ამ პოზიციაზე გიორგი კახელიშვილიც ვიხილოთ, "რეიკიავიკთან" მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. თანაც, კახელიშვილს ხომ თავდასხმის, ნახევარდაცვისა თუ დაცვის ორივე ფლანგზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში...
კახელიშვილის ბენეფისი
ახლა კი "რეიკიავიკი"-"დინამოს" პირველ მატჩს დავუბრუნდეთ და, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აღვნიშნოთ, თუ როგორ შეძლო ჩვენმა გუნდმა თამაშის "შემობრუნება". თუმცა, ვიდრე შეხვედრის პერიპეტიებზე ვიტყოდეთ, ისიც უნდა ვთქვათ, თუ როგორი ხანგრძლივი მგზავრობა ჰქონდა ქართულ დელეგაციას: თბილისიდან ჯერ სტამბოლში, მერე კი იქიდან ლონდონში ჩაფრენა.
კლუბის მმართველმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ფეხბურთელები განტვირთვის მიზნით ლონდონის აეროპორტიდან ინგლისის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობათა დასათვალიერებლად წაიყვანა (სანახავი კი ლონდონში მართლაც ბევრია), რის შემდეგაც ჩვენი დელეგაცია რეიკიავიკში გაფრინდა. იმის გარდა, რომ საქართველოსა და ისლანდიას შორის დროში სხვაობა ოთხი საათია, "დინამოს" სხვა არასაფეხბურთო პრობლემაც დახვდა რეიკიავიკში: როგორი საქმეა აქაური ხვატიდან +10-გრადუსიან "გარემოში" მოხვედრა?!
მერე იყო მატჩის მართლაც შოკისმომგვრელი დასაწყისი: მე-2 წუთზე მასპინძელთა საუკეთესო ბომბარდირმა გუდიონ ბალვიდსონმა ანგარიში გახსნა, ერთ წუთში ძელმა იხსნა "დინამოს" კარი, მეცხრე წუთზე კი გიორგი ლორიამ გადაგვარჩინა!
მოკლედ, "რეიკიავიკმა" ისე შემოგვიტია, აღარავის ეპარებოდა ეჭვი ამ გუნდის სიძლიერეში - თავის ქვეყნის ჩემპიონატში ხომ დამაჯერებლად და დაუმარცხებლად ლიდერობს, ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე ძლიერი სლოვაკური კლუბი "ჟილინა" დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა. ხანგრძლივი მგზავრობა, დროში სხვაობა, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება - ამ ყველაფერმა ერთად იჩინა თავი და მატჩის დებიუტიც ჩვენებისთვის ასეთი უსიამოვნო აღმოჩნდა. თუმცა, როგორც "დინამოს" პრესატაშემ გიგა გვენცაძემ გვითხრა, დაახლოებით მეათე წუთიდან ჩვენმა გუნდმა თამაშში გარდატეხა შეიტანა და მატჩის ბოლომდეც შეინარჩუნა ეს უპირატესობა. რაც მთავარია, პირველ ტაიმშივე შევძელით საპასუხო გოლის გატანა: კოტოს პასით გიორგი კახელიშვილმა ბურთი "ცხრიანში" გაიტანა!
სხვათა შორის, კახელიშვილმა "დინამოს" კიდევ ორ გოლში მიიღო აქტიური მონაწილეობა: მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი სწორედ მის წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა, ხოლო შეცვლაზე შესულ ირაკლი ლექვთაძეს ჩინებული საგოლე გადაცემა გაუკეთა! შეგახსენებთ, რომ კახელიშვილმა "ლანელისთან" განმეორებით შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა - ის მატჩი კი ჩვენმა გუნდმა შთამბეჭდავი ანგარიშით (5:0) მოიგო და, როგორც წესი, მწვრთნელები გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან ხოლმე. თუმცა ალექს გარსიამ "რეიკიავიკის" წინააღმდეგ სწორედ კახელიშვილი ამჯობინა ბრაზილიელ რობერტინიოს და არჩევანში არც შემცდარა. არადა, რობერტინიო რომ ამ ზაფხულს მშვენიერ ფორმაშია, იმავე "ლანელისთან" თუ "მილსამისთან" შეხვედრებშიც გამოჩნდა - უელსელებს ეფექტური გოლი გაუტანა, მოლდოვაში კი სულაც "დუბლით" გამოირჩა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"