მართლაც წარმოუდგენლად გვეჩვენება ის, რომ თბილისის "დინამომ" სტუმრად მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა გაანიავოს. სხვათა შორის, წინა კვირას ჩატარებული ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების პირველ მატჩებში სამად-სამი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა გუნდმა სტუმრად სამბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა: საბერძნეთის "ვოლოსმა" ლუქსემბურგის "დიფერდანჟს" 3:0 მოუგო, ფრანგულმა "რენმა" რუსთავის "მეტალურგს" 5:2 აჯობა,
მართლაც შორეული ისლანდიიდან და მართლაც ხანგრძლივი და მომქანცველი მგზავრობის მერე "დინამო" სამშობლოში შაბათს, გამთენიისას დაბრუნდა; ამის მიუხედავად, "დინამოს" ესპანელმა თავკაცმა ალექს გარსიამ გუნდი იმდღესვე ავარჯიშა! კვირას "დინამომ" დაისვენა, ორშაბათიდან კი გუნდი ორჯერად ვარჯიშზე გადავიდა და, მიუხედავად პირველ შეხვედრაში მოპოვებული სოლიდური ჰანდიკაპისა, ხუთშაბათის მატჩისთვის სერიოზულად ემზადება.
სამწუხაროდ, ისე, როგორც წლევანდელი ევროტურნირების, ფაქტობრივად, ყველა მატჩის წინ, გარსიას კვლავაც უამრავი საკადრო პრობლემა ექნება გადასაჭრელი: დისკვალიფიკაციის გამო "რეიკიავიკთან" საპასუხო მატჩს ჩისკო, გიორგი რეხვიაშვილი და ნიკა კვეკვესკირი გამოტოვებენ, ლევან ხმალაძე და შოთა კაშია კი ისევ ტრავმირებულები არიან და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ამ სეზონში ჯერ არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებიათ.
"დინამოს" მთავარი მწვრთნელი წინასამატჩო პრესკონფერენციას დღეს, 19 საათსა და 15 წუთზე ჩაატარებს, 15 წუთში კი ჩვენი გუნდის ვარჯიში დაიწყება. 20 საათსა და 30 წუთზე ჟურნალისტების წინაშე "რეიკიავიკის" მთავარი მწვრთნელი რუნარ კრისტინსონი წარდგება, 21 საათიდან კი ისლანდიელთა ვარჯიშისთვის თვალის მიდევნება იქნება შესაძლებელი.
"დინამოს" მსგავსად, "რეიკიავიკსაც" ხანგრძლივი და მომქანველი მგზავრობა ელოდა: თბილისში წუხელ, გვიან ღამით უნდა ჩამოფრენილიყო რეიკიავიკი-ამსტერდამი-სტამბოლის ავიარეისით. ისლანდიელებმა დასაბინავებლად სასტუმრო "რედისონი" აირჩიეს.
გნებავთ დინამოს მაისურა?
ვიდრე გუნდი "რეიკიავიკთან" განმეორებითი მატჩისთვის ემზადება, კლუბის სხვა სიახლეებზეც გვინდა ვთქვათ. "დინამომ" სახე არამხოლოდ საფეხბურთო თვალსაზრისით იცვალა - კლუბის სტრუქტურაშიც არაერთი საინტერესო ცვლილება მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე საყრადღებო აქციის მომსწრენიც გავხდით და სწორედ ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ "დინამოს" პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ღვინიანიძეს. სხვათა შორის, მალე ეს სამსახური ცალკე დეპარტამენტად იფუნქციონირებს კლუბში. ახლა კი სიტყვა ლევან ღვინიანიძეს:
- "რეიკიავიკთან" მატჩამდე ცოტა დროა დარჩენილი და გვინდა, ფეხბურთის ქომაგებს ვამცნოთ, რომ ამ თამაშის ბილეთების შეძენა პრესის გავრცელების ჯიხურებშიც შეეძლებათ. მსგავსი აქცია "ლანელისთან" მატჩის წინაც გვქონდა - მაშინ დედაქალაქის 25 ჯიხურში იყიდებოდა ბილეთები, ახლა კიდევ 25 დაემატა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბილეთის ფასი არ შეცვლილა და ისევ 3 და 5 ლარი ეღირება.
გულშემატკივრების მოსაზიდად კვლავაც სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს: შეგახსენებთ, რომ მოლდოვურ "მილსამისთან" საშინაო შეხვედრისას აბიტურიენტებს "დინამოს" მატჩის ბილეთები უფასოდ დაურიგდათ; სექტემბრიდან, როცა სასწავლო წელი დაიწყება, ბავშვებისთვის არაერთი სიურპრიზი გვაქვს ჩაფიქრებული და ამათგან ერთ-ერთს გაგანდობთ: აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გამოიყოფა ცალკე ადგილი, სადაც მხოლოდ ბავშვები განთავსდებიან. მომავალი თაობა "დინამოს" მატჩებზე უფასოდ ივლის და სადაც ისხდებიან, იმ სექტორს "მომავლის ტრიბუნა" ერქმვა.
სამწუხაროდ, როგორც გუნდშია თაობებს შორის წყვეტა, ისევე ხდება გულშემატკივრებს შორისაც. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ უმცროსთა მსგავსად, უფროსი თაობის ქომაგებიც არ დავივიწყოთ და პენსიონერებსაც უფასოდ შეეძლებათ "დინამოს" მატჩებზე დასწრება. "კათარზისთან" ისედაც ვთანამშრომლობთ და, მომავალში ყველა პენსიონერს დავასაჩუქრებთ "დინამოს" მატჩებზე დასასწრები ბილეთებით - მსურველს მხოლოდ საპენსიო წიგნაკის წარმოდგენა დასჭირდება.
"ლანელისთან" საშინაო მატჩის წინ ჩვენი გუნდის ესპანელი ფეხბურთელები ჩისკო, კოტო და იაგუე მეტრო "რუსთაველთან" ამ შეხვედრისთვის საგანგებოდ დამზადებულ ფლაერებს არიგებდნენ, სადაც მათი ავტოგრაფებიც იყო. ამაჟამად მსგავსი აქცია არ ხერხდება, რადგან სამივე "რეიკიავიკთან" მატჩისთვის ემზადება.
მთავარი სიახლე მაინც სპეციალიზებულ სასპორტო მაღაზიებში "დინამოს" მაისურების გამოჩენაა: თუ ქართველ ქომაგს 150 ლარი არ ენანება "რეალის" ან სხვა უცხოური კლუბის მაისურის შესაძენად, რატომ არ უნდა შეიძინოს "დინამოს" მაისურა, რომელიც 85 ლარი ეღირება? ამ ეტაპზე ჯერჯერობით მხოლოდ ორ მაღაზიაში იყიდება "დინამოს" მაისურები - რუსთაველის პირველ და ვაჟა-ფშაველას რვა ნომრებში.
ამას გარდა, ქომაგს სიახლეს სთავაზობს ინტერნეტმაღაზია ვოვოვო.გე - პირველი 5 მყიდველი, ვინც ყველაზე ადრე შეიძენს "დინამოს" მაისურებს, 26-პროცენტიანი ფასდაკლებითაც ისარგებლებს და "რეიკიავიკთან" მატჩის ბილეთსაც მიიღებს. სექტემბერში კი, არ არის გამორიცხული, "დინამოს" საკუთარი საკლუბო მაღაზიაც ჰქონდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"