ნერვების თამაში - "დინამო"-აეკ 1:1 (დ.დ)

AutoSharing Option
25. 08. თბილისი. ეროვნული. 40000 მაყურებელი
ევროპის ლიგა. პლეი ოფი. განმეორებითი მატჩი
დინამო-აეკ 1:1 (დ.დ)
(პირველი შეხვედრა 0:1)
1:0 კოშკაძე (2), 1:1 ლეონარდო (111, პენალტით)

დინამო (4-3-3) აეკ (4-2-3-1)
ლორი ა კონსტანტოპულოსი
ოდიკაძე გეორგეასი
თომაშვილი მანოლასი
კაკუბავა კალა
რეხვიაშვილი კარაბელასი
კვეკვესკირი მაკოსი
ალვარო გენცოღლუ
კოშკაძე ხოსე კარლოსი
ჩისკო გუდიონსენი
იაგუე ლაგოსი
რობერტინიო ლიბეროპულოსი
მწვრთნელი: ალექს გარსია მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი

დინამო
74. რობერტინიო-კოტო
79. კოშკაძე-ჯიღაური
105. ჩისკო-კახელიშვილი
სათადარიგოები: ნადირაძე, თექთურმანიძე, ბერაია, ჰომოლა

აეკ
36. კონსტანტოპულოსი-არაბაცისი
63. ლიბეროპულოსი-ლეონარდო
106. ხოსე კარლოსი-კაფესი
სათადარიგოები: კონტოესი, ბელეკი, კლონარიდისი, ჰელგასონი
გაფრთხილება: ხოსე კარლოსი (32), ჩისკო (51), მაკოსი (68), კალა (68),
ალვარო (68), კაკუბავა (74), კარაბელასი (77), გუდიონენი (115)
გაძევება: კაკუბავა (109)
არბიტრი: დ. ჩეფერინი (სლოვენია)

ეს, ალბათ, მაქსიმუმი იყო...
ათიოდე წუთიც და პენალტების სერიაც დაიწყებოდა: "დინამო" მინიმალური ანგარიშით ამარცხებდა ათენის აეკ-ს და გულახდილად რომ ვთქვათ, სტადიონზე შეკრებილ ქომაგთა უმრავლესობის მსგავსად, ჩვენც გიორგი ლორიას იმედად ვიყავით!

ჰო, ისედაც ზღაპრული მატჩის ჩამტარებელ მეკარეს საკუთარი ოსტატობა პენალტების სერიაშიც უნდა გამოევლინა და შვიდწლიანი პაუზის მერე ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კვლავაც ვიხილავდით თბილისის "დინამოს"; თუმცა, ასე არ მოხდა: ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ფეხბურთელი, სტუმართა ისლანდიელი ლეგიონერი ეიდურ გუდიონსენი ჩვენ საჯარიმოში წააქციეს და პენალტების სერიის ნაცვლად "დინამოს" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვიხილეთ!

აი, ამ შემთხვევაში კი ლორია მართლაც უძლური იყო: სტუმართა შორის, უდავოდ, გამორჩეულმა ლეონარდომ პენალტი ზუსტად შეასრულა და, ფაქტობრივად, თამაშიც აქ მორჩა! არ დაგვავიწყდეს, რომ სლოვენიელმა არბიტრმა დარკო ჩეფერინმა (იმედია, მსაჯთა ბრიგადაზე აუგს ვერავინ იტყვის, - ობიექტურობაც არ დაეწუნებოდათ და მასპინძელთა მიმართ "მცირეოდენი" სიმპათიაც), ამ ეპიზოდში ლევან კაკუბავა გააძევა მოედნიდან. ჰოდა, დარჩენილ დროში ათკაციანი და გადაღლილი "დინამო" ორ ბურთს რომ ვერ გაიტანდა, ამას, ალბათ, ყველა შეეგუა. ასეც მოხდა - სტუმრებს აღარ გასჭირვებიათ თავიანთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება; ეგ კი არა, შეცვლაზე შემოსულ კაფესს მეორე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი მიზანს ააცილა.

აი, ასე დასრულდა უაღრესად დრამატული და ნერვული მატჩი, რომელსაც ისეთი დასაწყისი ჰქონდა, უკეთესს რომ ვერ ვინატრებდით. თუმცა, სჯობს ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ, მაგრამ ვიდრე პირველი ტაიმიდან მოყოლებული, მთელი შეხვედრის პერიპეტიებს გავიხსენებდეთ, სხვაც გვინდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ასე ახლოს რომ იქნები და მხოლოდ დამატებით დროში გაშვებული ბურთის წყალობით ვერ მიაღწევ მიზანს; მაგრამ, მოდი, კვლავაც გულახდილები ვიყოთ და ისიც ვაღიაროთ, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე "დინამომ" ალბათ, მაქსიმუმს მიაღწია, როცა ევროპის ლიგის სამი ეტაპი გაიარა.

აღარ გვინდა იმის "გახსენება-შეხსენება", თუ რამდენად მეტი ბიუჯეტი აქვს აეკ-ს ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდზე, რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო გამოცდილებაზე! კოსტას მანოლასს, პანტელის კაფესს, ნიკოს ლიბეროპულოსს, გრიგორის მაკოსსა და უკვე ნახსენებ ეიდურ გუდიონსენს, ვინ მოსთვლის, რამდენი ათეული მატჩი ჩაუტარებიათ ევროტურნირებზე. ჩვენ გუნდში კი, ორი-სამი ფეხბურთელის გარდა, უმრავლესობა ასეთ დონეზე ასპარეზობას მიუჩვეველია, - 18-19 წლის ნიკა კვეკვესკირსა და ჯაბა ჯიღაურზე რომ აღარაფერი ვთქვათ; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია, ფაქტობრივად, სამი თვის წინ ჩამოყალიბებულ გუნდზე, - გუშინ ეროვნულ სტადიონზე 40 000 მაყურებელი რომ "მოიყვანა"!

მოკლედ იმის თქმა გვსურს, რომ მთლად ენაც არ გვიბრუნდება დინამოელთა ვერშესრულებული მიზნის გამო - მომდევნო ეტაპზე გასვლა ჩვენზე ბევრად გამოცდილ და, რაც მთავარია, ბევრად უფრო ძლიერ და დაბალანსებულ აეკ-ს ეკუთვნოდა.

იმედიანი ტაიმი
მატჩის დასაწყისი მართლაც ზღაპრულზე მეტი გამოდგა: ჩვენების პირველივე შეტევა გუნდის კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის ეფექტური და ზუსტი დარტყმით დამთავრდა! თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: "დინამომ" შეტევების კორიანტელი დაატეხა მეტოქეს და დროის მოკლე მონაკვეთში ორი ლამაზი კომბინაციაც ვიხილეთ; ოღონდ პირველ ჯერზე მხოლოდ კუთხურს გამოვრჩით, მეორედ კი დავით ოდიკაძეს სტუმართა მცველებმა დაასწრეს.

პირველი ტაიმში "დინამოს" კიდევ ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი: კოშკაშის პასის მერე რობერტინიო მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ აეკ-ის მეკარემ იყოჩაღა, ჩისკომ "ერთი შეხებით" დარტყმული ბურთი მიზანს ააცილა; ტაიმის ბოლო წუთზე კი ყველაზე რეალური მომენტი შევქმენით: ალვაროს კუთხურის მერე ლევან კაკუბავა ოთხიოდე მეტრიდან თავით ურტყამდა, მაგრამ სტუმართა სარეზერვო მეკარემ იანის არაბაცისმა (ტრავმირებული დიმიტრის კონსტანტოპულოსი რომ შეცვალა) საკუთარი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

აი, ჩვენს კართან კი ხიფათი, ფაქტობრივად, არც მომხდარა: ერთადერთი მაშინ ვინერვიულეთ, როცა აეკ-ის ესპანელმა ლეგიონერმა ხოსე კარლოსმა საჯარიმო დარტყმა მართლაც მზაკვრულად შეასრულა, მაგრამ ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა. მოკლედ, პირველი ტაიმი ჩვენთვის სასურველი სცენარითა და ანგარიშით დამთავრდა და ყველას იმედი გვქონდა, რომ შესვენების შემდეგაც "დინამოს" დომინირებით "წაყვანილ" თამაშს ვნახავდით; სამწუხაროდ, თურმე, ვცდებოდით...

სახეშეცვლილი სტუმრები, ხელჩართული ჩხუბი და ლორია-შოუ!
იმას კი შეგუებული ვიყავით, რომ საერთოდ მთელი მატჩი "ნერვების თამაში" უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭრაბა. აი, სწორედ აქ იჩინა თავი სტუმართა გამოცდილებამაც და... მწვრთნელის ფაქტორმაც. ვიდრე თანამემამულე კოლეგასთან ალექს გარსიასთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაებმეოდა, აეკ-ის თავკაცმა მანულო ხიმენესმა მართლაც გონივრული და, როგორც მერე გაირკვა, წარმატების მომტანი შეცვლა გააკეთა. გუნდის კაპიტანი, ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოასპარზე ლიბეროპულოსი მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად ლეონარდო შემოიყვანა, ვინც ჩვენი მარჯვენა ფლანგი მართლაც ააწიოკა გაუთავებელი რეიდებით. მანამდე ჩრდილში მდგომი გუდიონსენი კი გამოკვეთილ ცენტრფორვარდად მოგვევლინა და ჩვენს კართანაც ხიფათი-ხიფათს ცვლიდა: განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში გაგვიჭირდა, როცა სტუმრები ფლანგებიდანაც გვიტევდნენ და ცენტრიდანაც. სამწუხაროდ, "დინამოში" არ აღმოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, ბურთს რომ "დაიჭერდა"; ანუ, მეტოქე, ფაქტობრივად, მთელი გუნდით გვიტევდა და კიდევ კარგი, არბიტრებს ერთი შეცდომაც არ დაუშვიათ, თორემ დამატებით დრომდე საქმე არ მივიდოდა.

65-ე წუთი მიმდინარეობდა, "დინამოს" ნახევარმცველ ალვაროსა და სტუმართა მთავარ მწვრთნელს შორის მცირე სიტყვიერი შელაპარაკება რომ მოხდა; ამას კი ისეთი ამბავი მოჰყვა, ევროტურნირებზე კი არა, ჩვენს ჩემპიონატშიც კარგა ხანია რომ არ გვინახავს: გუნდმა გუნდზე ხომ გაიწია, ყველაზე "საინტერესო" მაინც ესპანელი მწვრთნელების ლამის ხელჩართული ჩხუბი იყო! თამაში, სულ მცირე, 3-4 წუთით მაინც იყო შეჩერებული და ჯობდა არ განახლებულიყო: ჯერ იყო და გუდიონსენმა ძალიან ახლო მანძილიდან თავით დაუცველ კუთხეში ზუსტად ვერ დაარტყა, მერე კი გიორგი ლორიას "ჯერიც" დადგა!

უკვე მერამდენედ გვიწევს სიამოვნებით იმის აღნიშვნა, რომ "დინამოს" და, საერთოდ, ქართულ ფეხბურთს მართლაც ისეთი მეკარე ჰყავს, ვისი იმედიც ნებისმიერ მატჩსა და ნებისმიერ მეტოქესთან უნდა გქონდეს. ლორიამ გუშინაც შთამბეჭდავზე-შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და ლეონარდოსა და კარლოსს ისეთი ბურთები აუღო, მხოლოდ და მხოლოდ, უმაღლესი კლასის მეკარეები რომ ახერხებენ ხოლმე!

საბედნიეროდ, ძირითადი დროის ბოლო წუთებში სტუმრებიც შედარებით "დამშვიდდნენ" და ჩვენმა ხუთკაციანმა დაცვამაც (მეორე ტაიმში ნიკა კვეკვესკირი, ფაქტობრივად, მესამე ცენტრალურ მცველად მოგვევლინა) ცოტა ამოისუნთქა; მაგრამ ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ხეირიან და გააზრებულ შეტევებს ვერ ვახორციელებდით: დაცვასა და თავდასხმას შორის "კავშირი" ხომ საერთოდ არ არსებობდა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფეხბურთელიც არ გვყავდა შეტევების ორგანიზებას საკუთარ თავზე რომ აიღებდა. ისე, მთავარმა მსაჯმა კიდევ ერთხელ "სასიამოვნოდ" მაშინ გაგვაოცა, როცა ძირითად დროს მხოლოდ 4 წუთი დაამატა - ისედაც ზედმეტად აჟიტირებული სტუმრები ამ ფაქტზეც გადაირივნენ, მაგრამ დამატებით დროს მაინც ვერ აცდნენ.

დამატებით ტაიმებზე საუბარი არც ღირს - წერილის დასაწყისშივე ვთქვით, რომ პენალტების იმედად ვიყავით, მაგრამ გუდიონსენის კლასმა და გამოცდილებამ "დინამოს" ახალგაზრა მცველს ლევან კაკუბავას საბედისწერო შეცდომა დააშვებინა და 120-ე წუთის ნაცვლად, თამაში, ფაქტობრივად, ათი წუთით ადრე მორჩა!

P.S.სამწუხაროდ, მატჩი ასე "მშვიდობით" არ დასრულებულა და ფეხბურთელებს შორის კვლავაც მოხდა შეხლა-შემოხლა. ამას მერე უკვე ტრიბუნებიდან ნასროლი ბოთლებიც მოჰყვა და ვეჭვობთ, რომ უეფა ამდენს არ გვაპატიებს.

დაბოლოს, ერთ მეტად პრობლემატურ საკითხზეც, რომელსაც სხვა დროს განვავრცობთ: სამწუხაროდ, "დინამოს" ესპანელი ლეგიონერებიდან ზოგიერთი საერთაშორისო მოთხოვნებს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს. ყოველ შემთხვევაში, კოტოც და იაგუეც ის ფეხბურთელები არ ჩანან, ქართველებს "ათი თავით" რომ აღემატებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ყველაფერზე დავხუჭავ თვალს, მაგრამ იმაზე, რაც გააკეთა გარსიამ -ვერა. ერთერთი (თუ არა ერთადერთი) ვინც გუშინ მოედანზე გამოირჩეოდ ტექნიკით, ვისაც დაძაბულობაში ჰყავდა მოწინააღმდეგის მცველები , იყო რობერტინიო. და როცა დადგა მომენტი, რომ სადაცაა იფეთქებდა მისი აზარტული თამაში, გარსიამ ის შეცვალა, მაშინ, როცა ის მთელი თავით მაღლა დგას კოლეგა ესპანელებზე და თანაც სულ ახალგაზრდაა.
zuxusha
12:42 26-08-2011
0
სავსებით ვეთანხმები ავტორს,ტუხაშვილი როგორც ყოველთვის პროფესიონალურად წერს.წაიკითხეთ გოლი.ჯი-ს ფორუმზე რეებს წერენ "ფანები",რატომ არ კითხულობენ ეს ბავშვები სპორტულ გაზეთებს?
chagara
12:52 26-08-2011
0

სიახლეები პოპულარული