დინამო-ფლორა - ესტონელები ბეგლარიშვილით გვეთამაშებიან

AutoSharing Option
ესტონელები ბეგლარიშვილით გვეთამაშებიან

ფლორამ ჰოლანდიიდან თავდასხმელი დაიმატა


ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. მოგეხსენებათ, 1 ივლისს კახა კაჭარავას გუნდის მეტოქე ესტონეთის თასის ფინალისტი და მეოთხეადგილოსანი ტალინის "ფლორაა". უპრიანი იქნება ჯერ ჩვენს გუნდზე მოგითხროთ, მერე კი მეტოქესა და ხუთშაბათის მატჩზე.

"დინამო" ევროტურნირებისა და ახალი სეზონისთვის თბილისში მოემზადა. შეგახსენებთ, რომ განვლილი სეზონის შემდეგ, კაჭარავას გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა. კერძოდ, მცველები - კაპიტანი გურამ კაშია, თენგიზ ჩიკვილაძე და მაკედონიელი ალექსანდრ კრტესკი, ნახევარმცველი შოთა კაშია და გაბონელი თავდამსხმელი
ჯორჯ აკირემი. რაც შეეხება შევსებას, ჯერჯერობით გუნდს მხოლოდ ორი ფეხბურთელი შეუერთდა - ისრაელიდან დაბრუნებული ნახევარმცველი ლევან ხმალაძე და თბილისის "ლოკომოტივიდან" თავდამსხმელი ზვიად მეტრეველი.
რაც შეეხება მეტოქეს. "ფლორა" თბილისში გუშინ ჩამოფრინდა და სასტუმრო "პრესტიჟში" დაბინავდა. ესტონელებმა გუშინ საღამოს დიღმის მასივში, სპორტკომპლექს "ოლმპიკზე" ივარჯიშეს. ესტონეთის ჩემპიონატში ახლა პაუზაა. ფლორა, რომელსაც ესტონეთის ნაკრების ყოფილი მცველი მარტინ რეიმი წვრთნის, "ტრანსთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

ტალინელთა გუნდის თავკაცმა მარტინ რეიმმა თბილისში 18 ფეხბურთელი ჩამოიყვანა. ესტონელთა შემადგენლობაშია 20 წლის თავდამსხმელი ზაქარია ბეგლარიშვილი. შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფორვარდია, ბოლოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული და 2-3 წლის წინ, ამსტერდამის "აიაქსის" ჭაბუკთა სკოლაში იყო სტაჟირებაზე. ზაქარია ბეგლარიშვილმა მიმდინარე სეზონში, "ფლორას" რიგებში 6 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. ზაფხულის პაუზისას ტალინელებმა ერთი თანამემამულე უცხოეთიდან ინათხოვრეს, ჰოლანდიის პირველი დივიზიონის "იგლიდან" 25 წლის თავდამსხმელი სანდერ პოსტი, რომელიც ესტონელებს თბილისში თან ახლავთ.

დაბოლოს, დღეს მეტოქეები მატჩის წინა ბოლო ვარჯიშს გამართავენ. ეროვნულ სტადიონზე 18 საათზე ესტონელები ივარჯიშებენ, 18 საათზე კი წვრთნას "დინამო" ჩაატარებს. ხუთშაბათს, 1 ივლისს კი "დინამოსა" და "ფლორას" მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 18 საათზე დაიწყება. შეხვედრას ებრაელი მსაჯები გაუძღვებიან, არბიტრი ელი ახმნონი იქნება. თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟს "პირველი არხი" გადასცემს.
დავით ცაბაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული