ბენფიკა VS ჩელსი - რომელი უფრო მეფეა, არწივი თუ ლომი?

AutoSharing Option
15 მაისს ჰოლანდიის ყველაზე ცნობილი არენა ევროთასებში რანგით მეორე ტურნირის ფინალს მასპინძლობს.

ვინ მოიგებს ევროპალიგას - ჟორჟე ჟესუსის "ბენფიკა" თუ რაფა ბენიტესის "ჩელსი"? ლისაბონელები და ლონდონელები დიდ გულზე არიან, ყველაფერი კი "ამსტერდამ არენაზე" გამოჩნდება.

ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება ტურნირი, რომლის საკვალიფიკაციო ეტაპებზე პანტაპუნტით გამოცვივდნენ ქართული გუნდები: ქუთაისის "ტორპედო" (I საკვალიფიკაციო ეტაპზე) და რუსთავის "მეტალურგი" (II ეტაპზე). მხოლოდ გორის "დილა" იყო ახლოს მიზანთან, ანუ ჯგუფურ ეტაპთან, თუმცა პლეი ოფში მადეირულ "მარიტიმუსთან" ვერაფერი გააწყო (0:1, 0:2).

გზა ფინალამდე
ფინალში გამარჯვებული გუნდი ტიტულთან ერთად
5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო დამარცხებული 2,5 მილიონით დაკმაყოფილდება.

"ბენფიკაც" და "ჩელსიც" ამ ტურნირში პლეი ოფის სტადიიდან გადმოვიდნენ, მას მერე, რაც ხელი ჩემპიონთა ლიგაზე მოეცარათ ("ჩელსი" სულაც ჩემპიონთა თასის მფლობელია).

ლისაბონელებმა 1/32-ფინალში "ლევერკუზენი" დაამარცხეს (1:0, 2:1), შემდეგ მოუგეს "ბორდოს" (1:0, 3:2), გზიდან ჩამოიცილეს "ნიუკასლი" (3:1, 1:1). ნახევარფინალში "ბენფიკა" "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდა და პირველ მატჩში პირველი მარცხი იწვნია - 0:1. თუმცა ლისაბონში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - 3:1.

"ჩელსიმ" უფრო ნელი ტემპით დაიწყო, პირველი ეტაპიდან ჩეხური "სპარტა" გააგდო - (1:0, 1:1). შემდეგ მოუგო "სტიაუას" (0:1, 3:1) და "რუბინს" (3:1, 2:3). ინგლისური კლუბი ნახევარფინალში "ბაზელს" დაეჯახა და ეს ბარიერიც დაძლია (2:1, 3:1).

ტერი და აზარი ითამაშებენ?
"ბენფიკა" საკადრო პრობლემების გარეშე ეწვია ამსტერდამს, თუმცა ძალზე დამძიმებული განწყობით. საქმე იმაშია, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში პირველი და ვფიქრობთ, გადამწყვეტი მატჩი წააგო "პორტუსთან" და ახლა ძალიან გაუჭირდება ჩემპიონობის მოპოვება.

"ჩელსის" ორი ტრავმირებული ჰყავს: ედენ აზარი და ჯონ ტერი. ბოლო მომენტამდე მათი თამაში გამორიცხული ჩანდა, თუმცა რაფა ბენიტესმა ორივე იახლა ჰოლანდიაში. შესაძლოა, მათ მაინც შეძლონ მოედანზე გასვლა.

სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა: არტური - პერეირა, ლუიზაუ, გარაი, მელგარეჟო - მატიჩი, პერესი - სალვიო, ლიმა, გაიტანი - კარდოსო.
ჩელსი: ჩეხი - ასპილიკუეტა, კეჰილი, ივანოვიჩი, კოული - დ. ლუისი, რამირესი - ოსკარი, მატა, მოზესი - ტორესი.

იცით თუ არა, რომ...
* "ბენფიკა" ევროთასების ფინალში მეცხრედ ითამაშებს.
* მას მერე, რაც 1962 წელს "ბენფიკამ" ევროპის თასების თასი მოიგო, პორტუგალიურმა გრანდმა ზედიზედ 6 ფინალი დათმო.
* "ბენფიკას" ფორვარდმა ოსკარ კარდოსომ ინგლისურ კლუბებთან ბოლო 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
* ევროთასებზე "ბენფიკას" 362 მატჩი აქვს გამართული, ხოლო "ჩელსის" ზუსტად ორჯერ ნაკლები - 181.
* ეს ორი კლუბი პირველად შარშანდელ სეზონში დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში რობერტო დი მატეოს გუნდმა ლისაბონში 1:0 მოიგო, ხოლო ლონდონში - 2:1 და ნახევარფინალში გავიდა.
* "ჩელსი", გამარჯვების შემთხვევაში, პირველი კლუბი გახდება, რომელიც ზედიზედ ჯერ ჩემპიონთა თასს მოიგებს და შემდეგ ევროპალიგას.
* სამივე მთავარი ევროთასი (ჩემპიონთა თასი, თასების თასი და უეფას თასი (ევროპალიგა) მოგებული აქვს მხოლოდ სამ კლუბს: "იუვენტუსს", "აიაქსს" და "ბაიერნს". "ჩელსის" აქვს შანსი, გახდეს მეოთხე ასეთი კლუბი.

მატჩის წინ:
ჟორჟე ჟესუსი (ბენფიკა):
"ბენფიკამ" თავისი სახე 60-იან წლებში შექმნა. ბოლო წლებში ჩვენ შევძელით ამ კლუბის აღორძინება და ევროპას თავი შევახსენეთ.

თუ "ჩელსის" და "ბენფიკას" ბოლო წლების გამოსვლას ერთმანეთს შევადარებ
თ, ნორმალურია, რომ "ჩელსი" ფავორიტად მივიჩნიოთ, მაგრამ ფინალი ფინალია.

ჩემი აზრით, ფინალში ორი საუკეთესო გუნდი გავიდა. ეს ფინალი ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია".

რაფა ბენიტესი (ჩელსი):
"თავიდანვე გვჯეროდა, რომ ევროპალიგის მოგებას შევძლებდით, მაგრამ ძალიან ბევრი თამაშია და ძალიან ბევრი კარგი გუნდი, ამიტომ არ იყო იოლი ფინალში გასვლა და არც ფინალი იქნება იოლი.

მეტოქეს ძალიან დიდ პატივს ვცემ, "ბენფიკა" დიდებული გუნდია და მას ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს".

ბომბარდირები
8 - ლიბორ კოზაკი (ლაციო); 7 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 6 - როდრიგო პალასიო (ინტერი), ოსკარ კარდოსო (ბენფიკა); 5 - რაულ ბობადილია (იანგ ბოისი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი), სალომონ რონდონი (რუბინი).

ევროპალიგის ყველა ფინალი
2010 (ჰამბურგი): ატლეტიკო-ფულჰემი 2:1
გოლები: 1:0 ფორლანი (32), 1:1 დევისი (37), 2:1 ფორლანი (116)

2011 (დუბლინი): პორტუ-ბრაგა 1:0
გოლი: 1:0 ფალკაო (44)

2012 (ბუქარესტი): ატლეტიკო-ბილბაო 3:0
გოლები: 1:0 ფალკაო (7), 2:0 ფალკაო (34), 3:0 დიეგო (85)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
15 მაისს "ამსტერდამ არენაზე": "ჩელსი" VS "ბენფიკა"! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული